Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2011 წლის მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური მოვლენები


2011 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვისაც. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ჩაერთოს პოლიტიკურ ბრძოლაში მნიშვნელოვნად გააძლიერა ოპოზიციური ფლანგი, რომლის ბოლოდროინდელი აქტიურობა მაღალი ეფექტიანობით ვერ გამოირჩეოდა. 2011 წლის მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო ხელისუფლების რამდენიმე ინიციატივა და მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები. გასული წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში.

2011 წლის პირველი ნახევარი გამორჩეული იყო „სახალხო კრებისა“ და მისი ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აქტიურობით, რომლის კულმინაცია 21 მაისს თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრებით დაიწყო და 26 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, თუმცა მანამდე ნინო ბურჯანაძე თბილისელებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

პოლიციამ სახალხო კრების აქტივისტები, რომლებიც დროშის ტარებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, 26 მაისს აღლუმამდე რამდენიმე საათით ადრე დაშალა, რასაც მსხვერპლი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა მოჰვა.

პასუხისგებაში იქნა მიცემული „სახალხო კრების“ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის მეულე ბადრი ბიწაძე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 5 წელი მიუსაჯა. მაისის საპროტესტო აქციებში სახალხო კრების აქტივისტებთან ერთად „ქართული პარტიის“ ლიდერებიც მონაწილეობდნენ, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, კვლავ ვერ შეძლო დანაპირების შესრულება და საქართველოში დაბრუნება. ქუჩის აქციების ჩაცხრობის შემდეგ გააქტიურდა ეგრეთ წოდებული ოპოზიციური „რვიანი“, რომელიც მმართველ პარტიასთან ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობდა, თუმცა სულ მალე ოპოზიციური „რვიანი“ დაიშალა და ერთ პოზიციაზე დარჩენილმა ექვსმა პარტიამ კოალიციის შექმნა სცადა, მაგრამ კოალიცია „თავისუფალი არჩევანისთვის“ უდღეური აღმოჩნდა. ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ხელახალი გადანაწილება პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილი, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც დასრულდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი, თუმცა პარტიის შექმნამდე ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღიდგინოს. 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ის ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. მოგვიანებით ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადა უარი და საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მიმართა.

ხელისუფლების გარდა ბიძინა ივანიშვილს ენერგიული ოპონირება გაუმართა ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ლეიბორისტები და პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც, 2011 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ქუთაისში მოუწევთ საქმიანობა. ქუთაისის საპარლამენტო დედაქალად გამოცხადების იდეა პრეზიდენტს ეკუთვნის.

2011 წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა მთავრობის ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა: თანამდებობები დატოვეს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. წლის ბოლოს მთავრობამ საზოგადოებას 2011-2015 წლების სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიანი გეგმა წარუდგინა. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ქვეყნის განვითარების დინამიკის, გლობალური და რეგიონალური კონტექსტის გათავლისწინებით, დოკუმენტის განახლება ყოველ 6 თვეში ერთხელ იგეგმება, გეგმის მთავარი მიზანი კი უმუშევრობის შემცირებაა.

წლის მიწურულს მმართველი პარტიის ძალისხმევით მნიშვნელოვნად შეიცვალა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი. ახალი რეგულაციების ძირითად დებულებებს შორისაა: იურიდიული პირებისთვის - მათ შორის, ბიზნესორგანიზაციებისთვის - პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა; კერძო პირების მიერ პარტიების ყოველწლიური დაფინანსების ზედა ზღვარის 60 000 ლარამდე გაორმაგება; პარტიის საწევროზე ზედა ზღვარის 1 200 ლარის ოდენობით დაწესება; პარტიათა ფინანსური შემოწირულებების კონტროლის პალატის მიერ მონიტორინგი. პოლიტიკის ექსპერტთა შეფასებით, 2011 წელს პარტიებისა და პოლიტიკოსების მოქმედების ლოგიკას უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG