Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერული კვოტირების მხარდაჭერა – ისტორიული შანსი პარლამენტისთვის


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

იმერეთის მხარეში მომუშავე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში, დემოკრატიის სკოლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნეს სპეციალური განცხადება და საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართეს მოწოდებით, მხარი დაუჭირონ გენდერული კვოტის შემოღებასა და საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფმა გასულ წელს 37 500-მდე ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტს გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. სამოქალაქო სექტორის წინადადებაა, ცვლილებები შევიდეს საარჩევნო კოდექსსა და კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და პარტიები და ბლოკები ვალდებულნი გახდნენ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის, თემურ ჯვარშეიშვილის, განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების აზრით, პარლამენტისთვის შეთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი, სპეციალური ზომაა და, მისი მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26 %.

განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ლელა სებუას, შეფასებით, პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მყოფი ქალების რაოდენობა ძალიან ნელი ტემპით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა გაძლიერებისთვის ჯერ კიდევ საუკუნის წინ დაიწყო გააქტიურება ქალთა მოძრაობამ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს არასაკმარისია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კოორდინატორის, თეონა გოგიშვილისთვის. მისი შეფასებით, ქართული პოლიტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიის სახლის“ ხელმძღვანელის, ირინა ქართველიშვილის, განცხადებით, ქვეყანაში ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს დღეს არსებული საარჩევნო სისტემა. ამასთან, გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები
არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები

განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ლელა სებუას, შეფასებით, პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მყოფი ქალების რაოდენობა ძალიან ნელი ტემპით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა გაძლიერებისთვის ჯერ კიდევ საუკუნის წინ დაიწყო გააქტიურება ქალთა მოძრაობამ. ლელა სებუასავე განცხადებით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის კონვენციიდან „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. ახალ ვალდებულებას შეიცავს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი და საჭიროა ქვეყანამ გადადგას აქტიური ნაბიჯები პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებითვე, გენდერული კვოტირების კანონპროექტის მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს, ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას და გამოავლინოს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფის მკაფიო პოლიტიკური ნება.

XS
SM
MD
LG