Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის გაზრდილი ტარიფი და მას მიყოლილი ფასები


პირველი მარტიდან იურიდიული პირებისათვის, ანუ კომერციული მომხმარებლებისათვის, გარდა პურის ქარხნებისა, ბუნებრივი აირის საფასური 15 თეთრით იზრდება. გაზის კომპანიების განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო აუცილებელი გახდა კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფის მომატება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო სექტორს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისა და სემეკის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე არ იგეგმება სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა. როგორ აფასებენ პროცესს კერძო მეწარმეები და ექსპერტები?

ლარისა ბედოშვილი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საოჯახო სამზარეულოში, მცხობელად მუშაობს. საოჯახო სამზარეულოს თანამშრომლებმა იურიდიული პირებისათვის გაზის ტარიფის მომატების თაობაზე 2 თებერვალს შეიტყვეს. ლარისა და მისი თანამშრომლები წუხან, რომ ტარიფის მომატება პირდაპირ აისახება მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ფასზე, ეს კი, მათი ვარაუდით, მყიდველთა რაოდენობას შეამცირებს:

„გაზის ტარიფის მატება აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციაზე ფასის მომატებას. გამოცხობა, შოკოლადის გადნობა - ეს ყველაფერი ძვირი დაჯდება, ფასები კი ისევ მომხმარებელზე აისახება“, - ამბობს ლარისა ბედოშვილი.

მარტო გაზი კი არა, ლარის კურსის ვარდნის გამო, ყველაფერი გაძვირდა: ფქვილი, მარგარინი... ერთი და ორი თეთრით რომ გაძვირებულიყო გაზის ტარიფი, კიდევ ხო, მაგრამ გაძვირდა 15 თეთრით...
დავით კუჭაშვილი

ამასვე წუხს დავით კუჭაშვილი. ის საცხობის მეპატრონეა. ფიქრობს, რომ მის საცხობში ყველა პროდუქტი 5-10 თეთრით გაძვირდება.

„მთლიანად ვართ გაზზე დამოკიდებული. მარტო გაზი კი არა, ლარის კურსის ვარდნის გამო, ყველაფერი გაძვირდა: ფქვილი, მარგარინი... ერთი და ორი თეთრით რომ გაძვირებულიყო გაზის ტარიფი, კიდევ ხო, მაგრამ გაძვირდა 15 თეთრით. ჯერ ისე არ არის მუშაობა და პროდუქციას რომ გააძვირებ, მერე კიდევ უფრო ნაკლები იქნება, მაგრამ რომ არ გააძვირო, სხვანაირად არც გამოდის“, - ამბობს დავით კუჭაშვილი.

1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის, ანუ კომერციული მომხმარებლებისათვის, გაზის ტარიფი 15 თეთრით ძვირდება. ამის შესახებ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" 2 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია. ტარიფის მომატების მთავარ მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა დასახელდა. საფასური კი ერთ კუბურ მეტრ გაზზე 15 თეთრით, ანუ 75 თეთრიდან 90 თეთრამდე, გაიზარდა. ეკა სარია, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს მიზეზებს, რის გამოც კომპანიამ გაზის ტარიფის მომატება გადაწყვიტა:

„ჩვენ მომწოდებლისგან ბუნებრივ აირს ვყიდულობთ დოლარის კურსის ეკვივალენტით ლარში, ხოლო ვყიდით და ტარიფიც დაანგარიშებულია ლარში. რატომ 15 თეთრით და არა მეტით ან ნაკლებით? იმიტომ რომ ტარიფი განისაზღვრება რამდენიმე კომპონენტისგან. ჩვენ არ შევხებივართ არც მოგების კომპონენტს, არც ოპერირების კომპონენტს, უბრალოდ, მოხდა ტარიფის გადაანგარიშება ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. რა განსხვავებაც მოგვცა ამ ცვლილებამ, იმის შესაბამისად გაძვირდა ტარიფიც“.

არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას არ შემოუტანია სატარიფო განაცხადი მოსახლეობისათვის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას...
გოჩა შონია

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებას გაზის ტარიფის მომატების თაობაზე მომდევნო დღესვე, ანუ 3 თებერვალსვე, მოჰყვა განცხადება კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზისგან“. განცხადების თანახმად, "ბუნებრივი აირის იმპორტიდან გამომდინარე, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებელზე, გარდა პურის ქარხნებისა, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 90 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ კომისია კომერციული მომხმარებლებისათვის ფასწარმოქმნის პროცესში არ ერთვება. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანებულების თანახმად, ფასწარმოქმნა ხორციელდება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ გაზის კომპანიები იმპორტირებულ ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ, ლოგიკურია, რომ კომპანიებმა ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. გოჩა შონიას თქმით, რომ არა ეს გადაწყვეტილება, კომპანიებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებოდათ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო სექტორს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას. ამასვე ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სემეკის კომისიის წევრი გოჩა შონია:

„არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას არ შემოუტანია სატარიფო განაცხადი მოსახლეობისათვის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, თუკი კომპანიები დაინახავენ, რომ იგივე სამომხმარებლო ტარიფით ისინი ვერ მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რომელიც უზრუნველყოფს მომწოდებლის ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდას, რა თქმა უნდა, მაშინ დააყენებენ კომისიის წინაშე სამომხმარებლო ტარიფის მომატების საკითხსაც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს ასე ავტომატურად არ გავზრდით. შევისწავლით ყველა დოკუმენტაციას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და ამის შემდეგ მიიღებს კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას“.

ძალიან მარტივი შედარებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის გაუფასურება მოხდა ბოლ ორ თვეში დაახლოებით 13%-ით, მაშინ როცა გაზის ტარიფის ცვლილება მნიშვნელოვნად აღემატება ამ მაჩვენებელს და დაახლოებით 25%-მდეა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადეკვატურობის საკითხი...
ლევან კალანდაძე

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ გაზის კომპანიები, ბუნებრივია, შეეცდებიან მაქსიმალურად გაზარდონ ტარიფი, რათა, ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების შემთხვევაში, მათ ზარალი არ მიადგეთ. ის ფიქრობს, რომ ტარიფის გაზრდის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა სამრეწველო სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებაა:

„ეს პრაქტიკა მოქმედებს უმრავლეს ქვეყნებში. გაზი, ისევე როგორც ელექტროენერგია, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის დღგ-ით არ იბეგრება. სახელმწიფო ამით არაფერს კარგავს, რადგან როდესაც გაზს ყიდულობს სამრეწველო საწარმო და ის აწარმოებს პროდუქციას, ეს შედის შემდგომ ფასში ამ პროდუქციისა, რომელიც მთლიანი ფასიდან დაიბეგრება დღგ-ით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არაფერს არ აგებს, მაგრამ ყიდვისას გარკვეული შეღავათი აქვს სამრეწველო საწარმოებს“, - ამბობს რევაზ არველაძე.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ეკონომისტ ლევან კალანდაძისთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ფიქრობს, რომ ტარიფის 15-თეთრიანი ზრდა არაადეკვატურად მაღალია:

„ძალიან მარტივი შედარებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის გაუფასურება მოხდა ბოლ ორ თვეში დაახლოებით 13%-ით, მაშინ როცა გაზის ტარიფის ცვლილება მნიშვნელოვნად აღემატება ამ მაჩვენებელს და დაახლოებით 25%-მდეა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ადეკვატურობის საკითხი“.

როგორც გაზის კომპანიები, ისე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლარის კურსის გამყარების შემთხვევაში ბუნებრივი აირის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG