Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიფის შეუცვლელად გაიაფებული გაზი


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის საფასური 10 პროცენტით, ანუ 1 კუბურ მეტრზე 5 თეთრით, შემცირდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს და ელექტროენერგიის შემდეგ ბუნებრივ აირსაც აიაფებს. რას ფიქრობენ თბილისში მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ და რამდენად მნიშვნელოვანია გაზის საფასურის 10 პროცენტით შემცირება?

თბილისელი პენსიონერი მაყვალა ქათამაძე გაზის საფასურის 10 პროცენტით შემცირებამ დიდად ვერ გაახარა. პენსიის იმედად მყოფი მისი ოჯახისათვის ერთ კუბურ მეტრ აირში 50-ის ნაცვლად 45 თეთრის გადახდა დიდი ვერაფერი შეღავათია:

„პენსიონერი ვარ, ანუ თვეში ვიღებ 125 ლარს. ახლა გადავიხადე 127 ლარი. 2 ლარი გამოვართვი ჩემს რძალს, რომელიც არ მუშაობს. ასე რომ, 10 პროცენტი, მე მგონი, ძალიან ცოტაა, რადგანაც ძველი ადამიანი ვარ და ვიცი, რა ღირდა გაზი“.

გაზი ადრე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მართლაც კაპიკები ღირდა, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში მისი ტარიფი 50 თეთრამდე გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის თქმით, ახალი ტარიფი1 მარტიდან შევიდა ძალაში:
20 თეთრით არის შესაძლებელი გაიაფება, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, გაიაფდეს 14 თეთრით და 5-6 თეთრი ჩაიდოს ამორტიზებული ინფრასტრუქტურის შეცვლისათვის. 35 თეთრს არაფერი უდგას წინ...
დემურ გიორხელიძე

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს 10 პროცენტიანი შემცირება გაზის ტარიფზე, რაც შეადგენს 5 თეთრს. მინდა შევნიშნო, რომ დაწყებულია ყველა იმ დაპირების შესრულება, რასაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ იძლეოდა“.

წინასაარჩევნოდ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ტარიფების უფრო მასშტაბური შემცირების დაპირება გასცა, თუმცა არჩევნების დასრულებიდან ორიოდე თვის შემდეგ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ, დაპირების მიუხედავად, ტარიფის განახევრება ვერ მოხერხდებოდა. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში - გაზის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში.

„130 დოლარად აზერბაიჯანში იყიდება გაზი, ჩვენ კი 145-ად გვაძლევენ, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ. შესაბამისად, გაზის ფასის დაკლებასთან დაკავშირებული საკითხი აზერბაიჯანის მხარესთან აღარ დამისვამს. გაზის ტარიფთან დაკავშირებით რეზერვები უნდა მოვძებნოთ შიგნით. იქ არსებობს კითხვები. ჩემი აზრით, არსებობს რეზერვები, თუმცა არა ძალიან დიდი, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ძიება ამ რეზერვების და, მე მგონი, უახლოეს დროში ამას გავარკვევთ“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბაქოში ყოფნისას.
გავანახევრებთო, და 5 თეთრი რა არის! რატომ გვატყუებდნენ, გავანახევრებთო? ჩვენ 1000 კუბურ მეტრს 500 ლარად გვასყიდებენ და თვითონ კი 200-300 ლარში ყიდულობენ...
მოქალაქე

მთავრობამ რეზერვების მოსაძიებლად გაზის გამანაწილებელ კომპანიებს მიმართა. სწორედ მათთან მუშაობის შედეგად მოხერხდა გაზის საფასურის შემცირება. რადიო თავისუფლებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, რომ არ შემცირებულა კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფი და რომ გაიაფება სწორედაც რომ კომპანიების მოგების შემცირების ხარჯზე მოხდა. ეს ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, შემოსავლის ნაწილზე უარი თქვა საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ, თუმცა ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მაინც მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო გაზის საფასურის უფრო მასშტაბური შემცირება:

„20 თეთრით არის შესაძლებელი გაიაფება, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, გაიაფდეს 14 თეთრით და 5-6 თეთრი ჩაიდოს ამორტიზებული ინფრასტრუქტურის შეცვლისათვის. 35 თეთრს არაფერი უდგას წინ. ვერ გეტყვით, რას სწავლობს ის ხალხი ამდენ ხანს, ვისაც პრემიერ-მინისტრმა დაავალა! არაფერი აქ შესასწავლი არ არის. ეს შესწავლილი საკითხია.“

შეიძლება უმადურობა? სირცხვილია! მადლიერები ვართ, როგორც რუსები იტყვიან, и то хлеб...
მოქალაქე
დემურ გიორხელიძის მსგავსად, მთავრობის გადაწყვეტილებამ დიდად კმაყოფილი ვერც ბუნებრივი აირის თბილისელი მომხმარებლები დატოვა, თუმცა რადიო თავისუფლებას არც განსხვავებული აზრის მქონე თბილისელების პოვნა გასჭირვებია.

„გავანახევრებთო, და 5 თეთრი რა არის! რატომ გვატყუებდნენ, გავანახევრებთო? ჩვენ 1000 კუბურ მეტრს 500 ლარად გვასყიდებენ და თვითონ კი 200-300 ლარში ყიდულობენ. საფასურის ასეთი შემცირება ცოტა კი არა, არაფერი არ არის! სათქმელად გააკეთეს რა, რომ თქვან, დავაკელითო“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზმა, 49 წლის მძღოლმა.

სხვა აზრისაა 53 წლის ვაჟა, ტაქსის მძღოლი: „მნიშვნელოვანი დაკლებაა... ყველაფერი უცბად არ მოხდება. ცოტა გაზიდან დააკლდება, ცოტა - პურიდან, კიდევ რაღაცა შემცირდება და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ შედეგს“.

რაც შეეხება პენსიონერ მაყვალა ქათამაძეს, მისი აზრით, სულ არაფერს 5 თეთრით გაიაფება სჯობს:

„შეიძლება უმადურობა? სირცხვილია! მადლიერები ვართ, როგორც რუსები იტყვიან, и то хлеб“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG