Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოემბრის ტექნოლოგიური სიახლეები


დღეს „ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ ბოლო თვეში გამოქვეყნებულ რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლეზე მოგითხრობთ

რა დაჯდება გენომის შენახვა? მიკრო-რობოტი სისხლძარღვში ენერგიის წყაროს გარეშე იმოძრავებს. შოტლანდიაში ელექტროენერგიის მისაღებად წყალქვეშა ტურბინებს აყენებენ. საშობაოდ მაღაზიათა ქსელ „ლოუვსში“ მომსახურე პერსონალს რობოტები შეემატებიან - "ამერიკის ხმის" რუბრიკა "გალილეოს" დღევანდელი გამოშვება ნოემბრის რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლეს გაგაცნობთ.

საძიებო ინტერნეტ-გიგანტმა „გუგლმა“ პროგრამა დაახლოებით 18 თვის წინ დაიწყო და მას Google Genomics დაარქვა. კომპანიის წარმომადგენლებმა მეცნიერებთან ერთად შექმნეს სისტემა, რომელიც ინდივიდუალური დნმ-ის მონაცემებს შეინახავდა. გენომი გენეტიკური მასალის ერთობლიობაა, რომელიც ადამიანის, თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმის შესახებ კომპლექსურ ინფორმაციას შეიცავს. გენომების უმრავლესობა დნმ-ისგან არის აგებული.

Google Genomics მიზნად ათასობით და მალე მილიონობით გენომის შენახვას გეგმავს, რაც მათი შედარების უნიკალურ საშუალებას იძლევა და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საინტერესო სამეცნიერო აღმოჩენებსაც გვპირდება. ლაბორატორიებში გენომის უახლესი ტექნოლოგიებით გაშიფრვა უკვე დაიწყო. კემბრიჯში, ბროდის ინსტიტუტში ოქტომბრის თვის განმავლობაში თითოეული ადამიანის გენომის გაშიფრვას საშუალოდ 32 წუთი უნდებოდნენ. შეერთებული შტატების კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა ოქტომბერში განაცხადა, რომ მზად არის ამ ინფორმაციის ასლებში 19 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ამასობაში კომპანია „გუგლს“კონკურენტებიც გამოუჩნდა. ესენია „ამაზონი“, „აი-ბი-ემი“ და „მაიკროსოფტი“. „ამაზონთან“ თითქმის ერთწლიანი კონკურენციის შედეგად ფასი საკმაოდ დავარდა და დღეს თითო ადამიანის გენომის შენახვა მხოლოდ 25 დოლარი ჯდება.

* * *

შემდეგი სიახლე, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ესაა მიკრო-რობოტი და მომავალში უკვე ნანო-რობოტიც, რომელიც ადამიანის სისხლძარღვებში ყოველგვარი ბატარეის, ან ენერგიის სხვა რაიმე წყაროს გარეშე გადაადგილდება. რობოტი სისხლში, ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებში მოძრაობს და სამედიცინო ფუნქციებს ასრულებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიკრო-რობოტი ქირურგიულ ოპერაციებსაც ჩაატარებს და ბევრად უფრო იოლად, ვიდრე ამას დღემდე არსებული ტექნოლოგიები ახერხებდნენ.

მიკრო-რობოტის მოდელს ნიჟარის მაგვარი განშტოებები აქვს და მათი დახურვის და გახსნის საშუალებით გადაადგილდება. ის შტუტგარტში მაქს პლანკის ინსტიტუტში შეიქმნა. ინსტიტუტის მკვლევარები მიკრო-რობოტზე ისრაელის სპეციალისტებთან და დორტმუნდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად მუშაობდნენ.

* * *

კიდევ ერთი სიახლე: შოტლანდიაში კომპანიამ MeyGen გადაწყვიტა ენერგიის დაზოგვის მიზნით დენის გამოსამუშავებლად არა ქარის, არამედ წყლის ტურბინები დააყენოს. პროექტში კომპანიის მფლობელი ფირმა Atlantis Resources 82 მილიონ დოლარს აბანდებს. წყლის ტურბინები ზომით სახმელეთოს ანალოგიურია და წლიურად ზუსტად იმდენივე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. თუმცა, ქარის ტურბინებისგან განსხვავებით ბევრად ეფექტურია იმ მხრივ, რომ მათი ჩართვა-გამორთვის საჭიროება არ იარსებებს, ვინაიდან წყლის დინებები მათ მუდმივ დატვირთვას უზრუნველყოფს.

წყლის ტურბინების ნაწილს შოტლანდიაში, სანაპიროდან დაახლოებით კილომეტრნახევრის მანძილზე, ამ წლის ბოლომდე დაამონტაჟებენ. პირველი დანადგარი 2015 წლის დასაწყისშივე ამუშავდება. 2020 წლისთვის, მას შემდეგ, რაც ათასამდე წყლის ტურბინა ჩაირთვება, კომპანიის MayGen აღმასრულებელი დირექტორი დენ პირსონი ამბობს, რომ ის ელექტროენერგიით შოტლანდიის თითქმის მესამედს უზრუნველყოფს.

* * *

და ბოლოს: ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ მაღაზიათა ქსელში საშობაო საჩუქრებზე მისულებს რობოტები მოემსახურება. სიახლე „ლოუვზის“კალიფორნიის ქსელში იგეგმება. მყიდველებს მაღაზიის შესასვლელში ადამიანის ზომის რობოტი, სახელად ოშბოტი დახვდება. ის რამდენიმე ენაზე ისაუბრებს და უზარმაზარი მაღაზიის დახლების მწკრივებს შორის მოქნილად ისრიალებს.

რობოტზე საგანგებო სენსორით აღჭურვილი სამგანზომილებიანი კამერაა დამონტაჟებული, რომელსაც საგნების ამოცნობის და გაანალიზების უნარი აქვს. ოშბოტი მომხმარებელს ნებისმიერ ნივთს ძალიან სწრაფად აპოვნინებს. პირველი ორი რობოტი ფუნქციონირებას სილიკონის ველის „ლოუვზში“ დაიწყებს, წარმატების შემთხვევაში ოშბოტები ქსელის თითქმის 2 ათასამდე მაღაზიაშიც გამოჩნდება.

XS
SM
MD
LG