Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველოს დემოკრატია საგანგებო დაკვირვებას საჭიროებს


"ფრიდომ ჰაუსის" კვლევის ამსახველი რუკა
"ფრიდომ ჰაუსის" კვლევის ამსახველი რუკა

საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - ფრიდომ ჰაუსის ახალ ანგარიშში („თავისუფლება მსოფლიოში – 2018), რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა. უცვლელია ქვეყნისთვის მინიჭებული საერთო ქულაც და ის კვლავ 64-ს შეადგენს, თუმცა ტექსტში საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შესაძლოა უახლოვდებოდნენ „მნიშვნელოვან გარდამტეხ ნიშნულებს“ თავიანთ „დემოკრატიულ ტრაექტორიაში“ და, შესაბამისად, საჭიროებენ „საგანგებო დაკვირვებას“. დემოკრატიის საფრთხეების ჭრილში, ანგარიშში მოხსენიებულია ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან „მოტაცების“ ამბავიც. ფრიდომ ჰაუსისახალი ანგარიში195 ქვეყნისა და 14 ტერიტორიის მაგალითზე ასახავს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების რეალიზების მხრივ არსებულ სურათს მსოფლიოში. ტერიტორიების კატეგორიაში ვხვდებით აფხაზეთს, როგორცნაწილობრივ თავისუფალსა, და სამხრეთ ოსეთს, როგორცარათავისუფალს“.

„ფრიდომ ჰაუსის“ საერთო შეფასებით, დემოკრატია კრიზისშია, მდგომარეობა სერიოზულად არის გაუარესებული და 2017 წელს გამოვლინდა ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ბოლო 12 წლის განმავლობაში როგორც პოლიტიკური უფლებების, ასევე სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ. პრობლემები ძირითადად უკავშირდება არჩევნებს, უმცირესობათა უფლებებს, მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნებამ“ ახლახან გაიტანა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც - თავისი განდგომილი მილიარდერი მფარველის ფინანსურ მხარდამჭერასთან ერთად - ქმნიან მნიშვნელოვან გამოწვევას...

ისევე როგორც შარშანდელ ანგარიშში, 7-ქულიანი სისტემით (როცა საუკეთესო ქულად მიიჩნევა 1, ხოლო ყველაზე უარესი ქულაა 7), საქართველომ წელსაც 3-3 ქულა დაიმსახურა როგორც პოლიტიკური უფლებების, ასევე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით და ის ისევ „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაში დარჩა, საერთო 64- ქულიანი მაჩვენებლით.

ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც შესაძლოა უახლოვდებოდნენ „გარდამტეხ ნიშნულს“ თავიანთ „დემოკრატიულ ტრაექტორიაში“ და, შესაბამისად, საჭიროებენ დაკვირვებას მომავალ წელს. ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდა: ავღანეთი, ანგოლა, ერაყი, მაკედონია, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, უზბეკეთი და მექსიკა, თუმცა აქვეა ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც, „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, მედია და სასამართლო განიცდიან ძლიერ წნეხს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, „რომლის ცილისმწამებლური განცხადებები ქმნის მათი ლეგიტიმურობის დაკნინების საფრთხეს“. საქართველოს შესახებ კი ნათქვამია:

„მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან გაიტანა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, თავისი განდგომილი მილიარდერი მფარველის ფინანსურ მხარდამჭერასთან ერთად, ქმნიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომ ნაკლებად სავარაუდო გახდეს დანაწევრებული ოპოზიციის გამარჯვება მომავალ არჩევნებში და პოტენციურად ამყარებს პარტიის კონტროლს მომავალ წლებში“.

კარგია, რომ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ავტორიტეტიანი ორგანიზაციის მიერ აღინიშნა... კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2020 წლისთვის არ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება იმგვარად, რომ ის ხარვეზები, რაც არსებობს საარჩევნო სისტემაში, აღმოფხვრილიყო...
ლევან ნატროშვილი

ეს არის მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადების პრობლემა, რომელზეც გამუდმებით ლაპარაკობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამ საკითხმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ ლევან ნატროშვილს არ უკვირს, რომ ეს საკითხი „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშშიც მოხვდა. როგორც ნატროშვილი განმარტავს, მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნება მეტი მანდატის მოპოვებას ნიშნავს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც სწორედ ეს ბერკეტი შეინარჩუნა:

„კარგია, რომ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ავტორიტეტიანი ორგანიზაციის მიერ აღინიშნა... კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2020 წლისთვის არ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება იმგვარად, რომ ის ხარვეზები, რაც არსებობს საარჩევნო სისტემაში, აღმოფხვრილიყო და შენარჩუნდა ისევ ეს შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა. მთლიანად პროცესმა გვაჩვენა, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ დათანხმდა მხოლოდ ამ ვარიანტს, რომ 2024 წლიდან მოხდეს მნიშვნელოვანი გარდატეხა საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით... მაჟორიტარული არჩევნების მეშვეობით დისპროპორციის გაზრდა და ამ დისპროპორციის გამოყენება ძალუძს სახელისუფლებო პარტიას“.

ყველა ამ საქმეზე ლაპარაკობს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი კითხვა არსებობდა თავის დროზე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც პირველად მოხდა მისი გატაცება და დღეს ეს კითხვები ისევ რჩება...
რუსუდან მჭედლიშვილი

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან გაუჩინარების ფაქტიც და ეს „გატაცებად“ არის მოხსენიებული. ქვეთავში, სახელწოდებით „ევრაზია: ზოგი კარი იხსნება, როცა ზოგი იხურება“, ნათქვამია, რომ დემოკრატიისთვის დიდი საფრთხეა, როცა ავტორიტარული ძალები საზღვრების გადალახვასაც არ ერიდებიან იმისათვის, რომ დასაჯონ თავიანთი კრიტიკოსები. „დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ვკითხულობთ ტექსტში.

როგორც აფგან მუხთარლისა და მისი ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი რუსუდან მჭედლიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, რომელსაც​ აქტიურად ეხაურება საერთაშორისო თანამეგობრობა, აქტუალურობას მანამდე არ დაკარგავს, ვიდრე არ ჩატარდება ობიქეტური და გამჭვირვალე საგამოძიებო პროცესი:

„ყველა ამ საქმეზე ლაპარაკობს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი კითხვა არსებობდა თავის დროზე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც პირველად მოხდა მისი გატაცება და დღეს ეს კითხვები ისევ რჩება. როგორც იცით, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. არის საშიშროება, რომ, თუკი შეკითხვებს პასუხები არ გაეცემა, შეიძლება ამ ფაქტმა, სხვა ფაქტებთან ერთად, ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს რეიტინგზე შემდგომში“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში, ტერიტორიების და არა ქვეყნების რანგში, მოხსენიებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც. ცხრილის თანახმად, აფხაზეთი, წინა წლების მსგავსად, „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაშია მოქცეული, ხოლო სამხრეთ ოსეთი კვლავ „არათავისუფალთა“ კატეგორიაში ირიცხება.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს: თურქეთმა „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიიდან „არათავისუფალთა“ კატეგორიაში გადაინაცვლა და შეუერთდა ჯგუფს, სადაც ირიცხებიან რუსეთი და აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთს „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაში ვხვდებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG