პრესის თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, რომელიც მედიის მდგომარეობას 199 ქვეყანაში იკვლევს, 2014 წელს მედიის თავისუფლების მაჩვენებელმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტი ცხოვრობს გარემოში, სადაც მედია თავისუფალია და სადაც ჟურნალისტების სიცოცხლეს, მათი საქმიანობის გამო, საფრთხე არ ემუქრება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ გასულ წელს ჟურნალისტებს განსაკუთრებით რთულ გარემოში უწევდათ მუშაობა, დაბრკოლებებს შორის კი გამკაცრებული კანონები, ტერორისტული ოგრანიზაციები, კრიმინალური ჯგუფები, კონფლიქტები და მედია მფლობელების ჩარევა სახელდება.
მაუწყებლობა რჩება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების კოალიციის“ მთავრობის ერთგვარ ბრძოლის ველად. პოლიტიკური ზეწოლის მაგალითი იყო ტელეკომპანია „მაესტრო“. არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა და მიზეზად საჯარო მოხელეებისგან და მფლობელებისგან არასათანადო ჩარევა დაასახელა.ელენ აღეკიანი, "ფრიდომ ჰაუსის" მკვლევარი
ანგარიშში საქართველოს მაჩვენებელი ერთი ქულით შეიცვალა დაშარშანდელი 47-ის ნაცვლად მას წელს 48 ქულა აქვს, რაც მნიშვნელოვან ცვლილებად არ ითვლება. ოგრანიზაცია ცვლილებას საგულისხმოდ მაშინ მიიჩნევს, თუ პრესის თავისუფლების მაჩვენებელი 3 ან მეტი პუნქტით იცვლება. ცვლილების გამომწვევევ მიზეზებზე „ამერიკის ხმა“ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორს, ფრიდომ ჰაუსის მკვლევარს ელენა აღეკიანს ესაუბრა.
„მიუხედავად ახლო წარსულში მომხდარი მთავრობის ცვლილებისა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც თავისუფალი და სამართლიანი, საქართველოში ვხედავთ, რომ მედია საშუალებებზე პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება. მაუწყებლობა რჩება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების კოალიციის“ მთავრობის ერთგვარ ბრძოლის ველად. პოლიტიკური ზეწოლის მაგალითი იყო ტელეკომპანია „მაესტრო“. არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა და მიზეზად საჯარო მოხელეებისგან და მფლობელებისგან არასათანადო ჩარევა დაასახელა,“ ამბობს აღეკიანი.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს ადარებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით საქართველოში მედია გარემო თავისუფალია.
„ამ სამი ქვეყნიდან საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, მას აქვს ყველაზე თავისუფალი, მრავალფეროვანი და ძლიერი მედია გარემო. სომხეთში პრობლემები უცვლელი რჩება, ნაკლებია დამოუკიდებელი ბეჭდური და სამაუწყებლო მედია. თუმცა აზერბაიჯანთან შედარებით სომხეთს კარგი მაჩვენებელი აქვს.“
„ფრიდომ ჰაუსი“ პრესის თავისუფლების შესწავლისას ქვეყნებთან ერთად რეგიონების ანალიზსაც აკეთებს. 2014 წლის მონაცემებით, პრესის თავისუფლება ყველაზე მეტად ევრაზიის რეგიონში გაუარესდა, სადაც 13 ქვეყნიდან 10 არათავისუფალია, 3 ნახევრადთავისუფალი და არც ერთი თავისუფალი. რეგიონში ყველაზე მკვეთრი უკუსვლა აზერბაიჯანს ჰქონდა, სადაც პრესის თავისუფლება მაქსიმალური 100 ქულიდან 87-ით შეფასდა.
„2014 წელს აზერბაიჯანში ყველაზე მკვეთრი ვარდნის მომსწრენი გავხდით. შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, დააპატიმრეს ჟურნალისტები, დახურეს „რადიო თავისუფლების“ ბიურო და მედიის დამცველი ორგანიზაციები. რაც აზერბაიჯანში ხდება ეს არის სასტიკი კამპანია, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრების გამოხატვის შევიწროვებაა,“ ამბობს აღეკიანი.
პრესის თავისუფლების საუკეთესო სამეულში ნორვეგია, შვედეთი და ბელგია შედიან. მთლიანად ევროპის რეგიონში 42 ქვეყნიდან 29 თავისუფალია და 12 ნახევრადთავისუფალი, რეგიონის ერთადერთი არათავისუფალი ქვეყანა ბელორუსია.
ანგარიში ქვეყნებს მედიის თავისუფლების მიხედვით სამ ჯგუფად - თავისუფალ, ნახევრადთავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად ჰყოფს.ანგარიშში ასევე ცალკეა გამოყოფილი იმ ქვეყნების ათეული, სადაც წლის განმავლობაში მედია გარემო ყველაზე მძიმე იყო. წელს ამ ათეულში ბელორუსი, ყირიმი, კუბა, გვინეა, ერითრია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, თურქმენეთი და უზბეკეთი შევიდა. პირველად ამ ათეულში ყირიმი მოხვდა, რომელიც რუსეთის ანექსიის შემდეგ ცალკე შეფასდა.