Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეტს ნავარო


ფეტს ნავარო
ფეტს ნავარო

1923 წლის 24 სექტემბერს ფლორიდის შტატის ქალაქ ქეი-უესტში ბიბოპის ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მესაყვირე თეოდორ „ფეტს“ ნავარო დაიბადა. 6 წლიდან ფორტეპიანოზე ერთობოდა, თუმცა მუსიკალური ხელოვნებით სერიოზულად მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნაჩუქარი საყვირი მოიხელთა. მასწავლებელი არ ჰყოლია, სმენა საუცხოო ჰქონდა და რადიოში მოსმენილ მელოდიებს ასრულებდა. თვითნასწავლი მუსიკოსის კვალობაზე, მოკლე ხანში დაეუფლა ინსტრუმენტზე დაკვრის ანა-ბანას. მეტიც, სკოლის დასრულებისთანავე გუდა-ნაბადი აიკრა და, მოხეტიალე ბენდ „Sol Allbrights“-თან ერთად, კონცერტებით მოიარა ცინცინატისა და ინდიანაპოლისის შტატები.

1943-1945 წლებში ნავარომ ბინა დაიდო ნიუ-იორკში, სადაც ცნობილი სვინგური ყაიდის საქსოფონისტის ენდი კერკის ბიგბენდში მოხვდა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა პოპ-მუსიკად ქცეულ სვინგს აქტუალურობა დაეკარგა და ბიგ-ბენდების წყალობით თავიც ამოეწურა, მის საპირწონედ კი პატარა კლუბებში რევოლუციური მიმდინარეობა „ბიბოპი“ იბადებოდა. ჰოდა, ფლორიდელი მესაყვირეც მალევე დაავადდა ახალი სენით და ამ ურთულეს მუსიკას იმდენად მალე აუღო ალღო, რომ თავად „ბიბოპის“ ერთ-ერთი ფუძემდებლის დიზი გილესპის ყურადღებაც მიიქცია. დიზი გილესპი იმხანად ბილი ეკსტაინის ბენდიდან წასვლას აპირებდა და სახელოვან ბენდლიდერს მის შემცვლელად სწორედ ნავარო დაუსახელა. ეს უკანასკნელიც სიამოვნებით დასთანხმდა შემოთავაზებას, რადგან ეკსტაინის პროექტი კომერციულად მომგებიანი გალხდათ, გარდა ამისა, ბენდში ისეთი მუსიკოსები ტრიალებდნენ, როგორებიც იყვნენ მაილს დევისი, დექსტერ გორდონი, ფრენკ ვესი, სონი სტიტი, არტ ბლეიკი, სარა ვონი და მრავალი სხვა. მიუხედავად ამისა, ფეტს ნავაროს მაინც არ მიეცა საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობის გამოვლენის შესაძლებლობა - აქცენტი ეკსტაინის ვოკალურ ბალადებზე კეთდებოდა და 18 თვის თავზე ჰარლემისა და 52-ე ქუჩის კლუბების სცენაზე გადაინაცვლა. აქ კი კვარტეტებისა თუ კვინტეტების ფორმატში გაილაღა და მალევე მოიპოვა ერთ-ერთი საუკეთესო მესაყვირის რეპუტაცია.

ნავაროს საყვირს გილესპისას ადარებდნენ, თუმცა, დიზის გახელებული, აგრესიული საშემსრულებლო მანერისგან განსხვავებით, ფეტსის რიტმიკა, ჰარმონია, ფრაზირება და ტემპი გაცილებით თავშეკავებული და დამცხრალი გახლდათ. მაღალ რეგისტრებში იმპროვიზაციული პასაჟები მშვენივრად ეხერხებოდა, თუმცა გამოკვეთილი, არტიკულირებული ნატიფი ბგერებით მაინც საშუალო რეგისტრში ნავარდს ამჯობინებდა. ნათქვამის საილუსტრაციოდ 1947 წლის ჩანაწერს გავიხსენებდი, უფრო ზუსტად კი, ნავაროს სოლოს თხზულებიდან „Be Вор Romp“.

როგორც უკვე ვთქვი, 40-იანი წლების მეორე ნახევარში ფეტს ნავარო ერთ-ერთ წამყვან მესაყვირედ ითვლებოდა. როგორც აკომპანიატორს ისეთი სახელოვანი არტისტები ეპატიჟებოდნენ, როგორებიც იყვნენ კენი კლარკი, კოულმენ ჰოუკინსი, ბენი გუდმენი და ბად პაუელი. იმ პერიოდში 150-მდე სოლო თუ ერთობლივ პროექტში მიიღო მონაწილეობა. როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, საკუთარი ბენდის შექმნასაც აპირებდა, მაგრამ ნარკოდამოკიდებულებამ და ტუბერკულოზმა ხელი შეუშალა მის გეგმებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სცენასა თუ სტუდიებში იშვიათად თუ ჩნდებოდა, თუმცა 1949 წელს ძალები მოიკრიბა და მონაწილეობა მიიღო ნორმან გრანცის ტრადიციულ საკონცერტო სერიებში, რომელსაც „ჯაზი ფილარმონიაში“ ერქვა. ამავე წელს, შეიძლება ითქვას, ბოლოჯერ გაიბრძოლა: ჯერ გენიალურ პიანისტ ბად პაუელთან ერთად ორი სტუდიური ჩანაწერი გააკეთა, შემდეგ კი ცნობილი კლუბის - „Birdland“-ის - სცენაზე დაუკრა ჩარლი პარკერთან ერთად. სამწუხაროდ, ეს ამ შესანიშნავი მესაყვირის ბოლო კონცერტი აღმოჩნდა - 1950 წლის 7 ივლისს, 27 წლის ასაკში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში აღესრულა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG