Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული ფილმების ფესტივალი


საქართველოში ევროკავშირის ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს. კინოფესტივალი უკვე მეორედ იმართება და მისი მიზანია კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების, ევროპელი ხალხის ჩვეულებრივი ცხოვრების, ინტერესების, ტრადიციების გაცნობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ფესტივალს გორის უნივერსიტეტი მასპინძლობს. დარბაზში საფესტივალო ჩვენებებს ყველა თაობის წარმომადგენლები ესწრებიან. გორში ფესტივალის კოორდინატორი კატო ქოთოლაშვილი აცხადებს, რომ წლევანდელი პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.

ციკო შაქარაშვილი საფესტივალო ჩვენებებს შარშანაც ესწრებოდა. მისი თქმით, როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმები ქართულ საზოგადოებას ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას აწვდის.

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, იტალიის, ლიტვის, პორტუგალიის, ნიდერლანდების, ესტონეთისა და დანიის ფილმები. ამ ფილმებს არაერთი აღიარება და ჯილდო აქვთ მოპოვებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებზე. გორის მცხოვრები ნუგზარ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ არა მარტო ფილმებით, არამედ დისკუსიებით, ლექციებით და სხვა საშუალებებით ახალგაზრდებს მეტი ცოდნა უნდა მიეცეთ ევროკავშირის ქვეყნების შესახებ, რადგან გარკვეული ძალები საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ დამახინჯებული სტერეოტიპების დანერგვას ცდილობენ.

ფესტივალი გორის გარდა საქართველოს კიდევ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში - იმართება. ევროკავშირის ფილმების ფესტივალი 1 მარტს დასრულდება.

XS
SM
MD
LG