Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა „სიმენსის“ საქმის გამო


ევროკავშირმა რუსეთის კომპანიებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა ე.წ. „სიმენსის“ საქმის გამო. სანქციები რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესაც შეეხო.

ევროკავშირის დიპლომატებმა 4 აგვისტოს განაცხადეს, რომ ახალი სანქციები რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებს - მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვს და დეპარტამენტის ხელმძღვანელ ევგენი გრაბჩაკსაც შეეხებოდათ „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო.

საქმე შეეხება ოკუპირებულ ყირიმში გაზის ტურბინების ჩატანას. ივლისის დასაწყისში სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში ჩაიტანეს „სიმენსის“ მიერ წარმოებული ოთხი ტურბინა, რაც ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა - 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნახევარკუნძულზე გაზის დანადგარების ჩატანა აკრძალულია. „სიმენსმა“ დაადასტურა, რომ ოთხი ტურბინიდან ორი მის მიერ იყო წარმოებული და რუსეთის ტერიტორიისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ დანადგარები რუსეთში იყო წარმოებული.

„სიმენსის“ განცხადებით ტურბინები უკანონოდ და მოტყუებით მიაწოდეს ყირიმს და ამის გამო კომპანია რუსეთთან გარკვეულ კავშირებს გაწყვეტდა.

სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას და ქონების გაყინვას.

ევროკავშირმა ასევე სანქციები დაუწესა სერგეი ტოპოლ-გილკას, რომელიც სახელმწიფო კომპანია „ტეხნოპრომექსპორტის“ დირექტორი გახლავთ. ევროკავშირის ცნობით სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს „სიმენსთან“ გაზის ტურბინების შესყიდვის თაობაზე, რომლებიც შემდეგ უკანონოდ გადაისროლეს ყირიმში.

შავ სიაში აღმოჩნდა ასევე სამი კომპანია, მათ შორის „ტხნოპრომექსპორტი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქციების გაფართოებას „არამეგობრული და გაუმართლებელი“ ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას საპასუხო ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის სანქციები შეეხება საერთო ჯამში 153 ფიზიკურ პირს და 40 იურიდიულ პირს. ის სულ მცირე 2017 წლის სექტემბრამდე გასტანს.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG