Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და მისი სამეზობლო - ძველი თამაში, ახალი წესებით


რუსეთის მეზობლები ან ემორჩილებიან კრემლის ქედმაღლურ, უხეშ მოპყრობას, სურვილს, იყვნენ მასზე დამოკიდებული, ან ქედს არ იხრიან. ეს განსაკუთრებით ჩანს ბოლო წლებში, როცა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ევროპის სახით, ქომაგი და მხარში მდგომი გამოუჩნდათ. სომხეთი პირველი იყო, ვინც აშკარად დაემორჩილა რუსეთის ზეწოლას და უარი თქვა ევროპის კავშირთან ხელშეკრულებაზე, რასაც ამდენი შრომა და მცდელობა მოანდომა და რასაც ბევრი სხვა ქვეყანა ასე ესწრაფვის. სომხეთი, მართალია, მარტო არ არის რუსეთის „მსხვერპლ“ ქვეყნებს შორის, მაგრამ ერევნის შემთხვევაში კრემლი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვი სომხეთს იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა და სერჟ სარქისიანსაც სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან შეიძლებოდა უმწეოდ დარჩენილიყო აზერბაიჯანის წინაშე. სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული და მისი შენარჩუნება სურს. ენ აპელბაუმი, ავტორი წიგნისა „ცივი ომი: აღმოსავლეთ ევროპის განადგურება, 1945-1956 წლები“, თავის სტატიაში, რომელიც საინტერნეტო გამოცემა „სლეიტმა“ დაბეჭდა, წერდა, სომხეთი მიხვდა, რომ თუ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, რუსეთი იარაღს მის მოქიშპე აზერბაიჯანს მიჰყიდიდა და რუსეთში მცხოვრები სომხების განდევნას დაიწყებდაო. მეზობლის მიმართ ასეთი მოპყრობა რუსეთის ხელწერაა. ეს არაა სიახლე. უკრაინის, სომხეთისა და მოლდავეთის მიმართ დამოკიდებულება ადასტურებს, რომ კრემლს სურს დაიბრუნოს გავლენის სფეროები ამ რეგიონებში. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მიმართა რუსეთმა არაერთ ხერხს, როგორმე დესტაბილიზაცია მოეხდინა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. საქართველოსა და მოლდავეთში გამოწვეული სეპარატისტული კონფლიქტები ამ ქვეყნებისთვის დღემდე მძიმე პრობლემად რჩება. ასევე იყო ბალტიისპირეთში, რომელსაც ბედმა გაუღიმა და თავს დროზე უშველა. ასევეა უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა რუსეთის იარაღია, წინ აღუდგეს ამ ქვეყნის ევროპისკენ სვლას.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი ბოლო ხანებში უფრო თანმიმდევრულად შეუდგა ამ თავისი პოლიტიკის განხორციელებას, როგორც იქ უწოდებენ, ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ. ჯონ ლოუ, ჩეთემ ჰაუსის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ექსპერტი, რომელიც ადრე ნატოში მუშაობდა, ამბობს, რომ რეგიონი რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი კონკურენციის ასპარეზად იქცა და მისი „ქმედება უფრო თანმიმდევრული გახდა, მაგრამ მოძლიერდნენ მის გარშემო მყოფი ეს ქვეყნებიც“.
მიმომხილველები ფიქრობენ, რომ უკრაინისა და მოლდავეთის სვლა ევროპის კავშირისკენ რუსეთის იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც ემყარებოდა ბოიკოტს, სავაჭრო ომით მუქარას, პოლიტიკურ ბერკეტად ენერგომატარებლების გამოყენას და რუსულენოვან უმცირესობებში უკმაყოფილების გაღვივებას. კრემლის პოლიტიკის გამოცდილი მკვლევარი ედუარდ ლუკასი, რომელიც ბრიტანეთში გამომავალი ყოველკვირეული „ეკონომისტის“ საერთაშორისო განყოფილების რედაქტორია და ავტორია წიგნისა „მოტყუება: ჯაშუშები, სიცრუე და როგორ აცურებს დასავლეთს რუსეთი“, ამბობს:

„ამით ევროკავშირი სწავლობს, რომ გეოპოლიტიკური კონფლიქტი აქვს რუსეთთან, მოსწონს თუ არა ეს. წარსულში ევროკავშირი მიამიტურად ფიქრობდა, რომ ეს ვითარება ყველას ახეირებდა და რუსეთისთვის დაყვავება საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ეს ასე არაა. ეს გარკვევით „ნულოვანი თამაშია“ - ან რუსეთთან უნდა იყო, ან ევროკავშირთან. ჩემი აზრით, ევროკავშირმა უფრო თამამად უნდა იბრძოლოს, ვიდრე უწინ იბრძოდა“.

დასავლეთმა უფრო მტკიცედ მოიკიდა იქ ფეხი და ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი თვითშეგნება გაიზარდა. ბელორუსიის ან აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას ნამდვილად სჯერა, რომ რეალურ ქვეყანაში ცხოვრობს...
ედუარდ ლუკასი
ამას გარდა, ფიქრობს ლუკასი, საბჭოთა კავშირი მეხსიერებიდან ნელ-ნელა იშლება, რუსეთის მეზობლებს სულ უფრო მეტად სურთ სუვერენიტეტი და სულ უფრო დიდია მათი სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ამ ტენდენციას ევროპის კავშირის აქტიურობა აძლიერებს:

„დასავლეთმა უფრო მტკიცედ მოიკიდა იქ ფეხი და ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი თვითშეგნება გაიზარდა. ბელორუსიის ან აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას ნამდვილად სჯერა, რომ რეალურ ქვეყანაში ცხოვრობს და არა ისე, როგორც 90-იან წლებში იყო, როცა ბევრი ვერ ხვდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ახლა სახელმწიფო თვითშეგნება უფრო ძლიერია“.

ამასთან, რადიო თავისუფლების თანამოსაუბრეები აღიარებენ, რომ რუსეთს კვლავაც აქვს საკმარისი პოტენცია, წინ აღუდგეს დასავლეთის მცდელობას, ფეხი მოიკიდოს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. საკმაოდ ძლიერი კავშირებია რუსეთის პოლიტიკურ და საქმიან წრეებსა და მის ყოფილ საბჭოთა მეზობლებს შორის. კორუფცია და კორუფციისადმი მიდრეკილება, საბჭოთა ყაიდაზე ბიზნესის წარმართვა კვლავაც პოპულარულია პოსტსაბჭოთა სივრცეში, უთხრა ჩვენს კოლეგას ჯონ ლოუმ:

„რუსებმა უწყიან, რომ ბიზნესის კეთების მათეულ ყაიდას ამ ქვეყნებში ბევრი უჭერს მხარს. მათ იციან, რომ მეზობელი სახელმწიფოების საქმიან და პოლიტიკურ წრეებში საკმარისია იმათი რიცხვი, ვინც რუსეთთან თანამშრომლობას ამჯობინებს“.

რუსეთისთვის რთულია უკრაინასთან ურთიერთობა, რადგან ეს ემოციებთან არის დაკავშირებული. გონებით მოქმედებას გული უშლის ხელს და ისეთ პოლიტიკას მიმართავენ, რომელიც კონტრპროდუქტიულია და უკრაინა კიდევ უფრო შორდება რუსეთს...
ჯონ ლოუ
ლოუ იქვე დასძენს, რომ თვითონ ეს ელიტაც არ არის ხოლმე კმაყოფილი, როცა ძალიან იზრდება ზეწოლა მოსკოვიდან. ამ ეტაპზე მოსკოვი განაგრძობს ზეწოლას უკრაინაზე, მოლდავეთზე, ასევე სომხეთზე, რომ არ დაუახლოვდნენ ევროკავშირს, არ გააფორმონ ხელშეკრულებები ბრიუსელთან. სექტემბრის 21-ში რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სერგეი გლაზევი იალტაში იყო ჩასული და იქ სიტყვით გამოვიდა. ჩანს, მოსკოველმა სტუმარმა ვერ გათვალა და მის მუქარას, თუ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს, რუსულენოვანი მოსახლეობა უკრაინისგან გამოყოფას მოითხოვსო, სტვენით შეხვდნენ და დასცინეს. პრესის თანახმად, უკრაინის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა პეტრო პოროშენკომ გლაზევს მიმართა: პირველად ჩვენს ისტორიაში, მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ევროპულ ინტეგრაციას მოითხოვს და მხოლოდ 30 პროცენტი რუსეთთან დაახლოებასო, და ამისათვის ირონიულად მადლობაც უთხრა სტუმარს. უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პრორუსული პლატფორმით მოვიდა ხელისუფლების სათავეში. მით უფრო აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი აღმოსავლეთუკრაინელი ოლიგარქები, ადრე პრომოსკოვურად განწყობილი მდიდარი უკრაინელები, ახლა ევროკავშირთან თანამშრომლობას ამჯობინებენ. ლოუ ამბობს, რომ ძველი ისტორიული კავშირები რუსეთსა და უკრაინას შორის ხანდახან უარყოფითად მოქმედებს კიევისა და მოსკოვის ურთიერთობაზე. მისი აზრით:

„რუსეთისთვის რთულია უკრაინასთან ურთიერთობა, რადგან ეს ემოციებთან არის დაკავშირებული. გონებით მოქმედებას გული უშლის ხელს და ისეთ პოლიტიკას მიმართავენ, რომელიც კონტრპროდუქტიულია და უკრაინა კიდევ უფრო შორდება რუსეთს“.

რუსეთი ცდილობს ბრიუსელისკენ მოლდავეთის სვლასაც წინ აღუდგეს. მოსკოვმა აკრძალა მოლდავური ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტი რუსეთში. ამის საპასუხოდ, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა დაჩიან ჩიოლოშმა წამოაყენა წინადადება, გაუქმდეს ყოველგვარი შეზღუდვა მოლდავეთის ღვინის იმპორტზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე. ანალიტიკოსები მოელიან, რომ რუსეთი, ასე ვთქვათ, კუდს კვლავ არაერთხელ მოიქნევს და, ვილნიუსის სამიტამდე ორი თვით ადრე, გააგრძელებს მეზობლებზე - ამ ეტაპზე კიევსა და კიშინიოვზე - ზეწოლას:

„ჯერჯერობით ჩვენ ოპერის უვერტიურას უფრო ვუსმენთ, ვიდრე თვითონ ოპერას. ამ ქვეყნებში ხალხი შეშფოთებულია, რადგან რუსეთს კიდევ აქვს შესაძლებლობები. თუ ავ ძაღლს გადაეყრებით და ის გიღრენთ, იმისათვის, რომ შეგეშინდეთ, აუცილებელი არ არის, ძაღლმა გიკბინოთ“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG