Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოცირება და საქართველოს გამოწვევები ნატოს სამიტამდე


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებამდე ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კონგრესშიც აღნიშნეს. საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად, კაპიტოლიუმში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. მიწვეული იყვნენ გერმანიის ბუნდესტაგის წევრები და სხვა ოფიციალური პირებიც.

გერმანიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელით დოკუმენტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბუნდესტაგის წევრმა ანდრეას შოკენჰოფმა. მისი თქმით, გერმანიის პარლამენტი და მთავრობა საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მხარდაჭრას აღიქვამს, როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების ხელშეწყობის საშუალებას.

„დემოკრატიული ტრანსფორმაცია ამ ქვეყნებში წარმატებული უნდა გახდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, ყველანაირად უნდა დავუჭიროთ მხარი იმას, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში სახელმწიფოებრივი მშენებლობა თუ ეკონომიკური ზრდა წარმატებული იყოს“ - ამბობს გერმანელი პარლამენტარი.

კარენ დონფრიდი, გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტი, ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ არსებულ გამოწვევებს შორის რთული რეფორმების გატარებას ასახელებს: „ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულების დანერგვა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 80-85 პროცენტის გათვალისწინებას ნიშნავს... ამისთვის საკანონმდებლო და ეკონომიკურ სტრუქტურებში მთელი რიგი რეფორმების გატარება იქნება აუცილებელი. ეს ძალიან რთული სამუშაო პროცესია და, იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება“.

ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს გამოწვევები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

რაც შეეხება საგარეო გამოწვევებს, სტივენ ბლენკი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს დასჯას რამდენიმე მიმართულებით შეეცდება, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მიერთების გზით. მისი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს.

„უსაფრთხოების ცნებას უფრო ფართოდ თუ განვსაზღვრავთ, ევროკავშირში გაწევრიანება გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც და მის უსაფრთხოებასაც... ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების ზრდასთან ერთად, განმტკიცდება სამხედრო ძლიერებაც... ნატო საქართველოს წევრად არ მიიღებს, თუკი მას თავდაცვის უნარი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაინც არ ექნა“ - ამბობს ბლენკი.

ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტის, გლენ ჰაუარდის აზრით, რუსეთი ახლა იმდენად დაკავებულია უკრაინით, რომ საქართველოსთვის არ სცალია. მისივე თქმით, მთავარი სტრატეგიული კითხვა ის არის, თუ რას შესთავაზებს საქართველოს ნატოს მომავალი სამიტი.

„ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ამერიკა საქართველოსთან ორმხრივ სამხედრო ხელშეკრულებას გააფორმებს, რათა უზრუნველყოს მისი სტრატეგიული უსაფრთხოება. ეს ბევრ პრობლემას გადაჭრიდა, ვიდრე ნატო დამოკიდებულებას შეიცვლის. ფაქტია, რომ გერმანია და საფრანგეთი განაგრძობენ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების დაბლოკვას“ - აღნიშნავს ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტი.

ჰაუარდი არ გამორიცხავს, რომ მომავალში, შესაძლოა, ნატოს რეფორმირების აუცილებლობა მომწიფდეს, რაც საქართველოს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მეტ შანსს მისცემდა.

XS
SM
MD
LG