14 სექტემბერს გაიმართა ამერიკელი მწერლისა და პროფკავშირელის, ერიკ ლის წიგნის, „ექსპერტიმენტის“ პრეზენტაცია. ერიკ ლიმ, 30 წლის განმავლობაში, იკვლია საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწლიანი არსებობის ხანა. წიგნი დიდ ბრიტანეთში გამოიცა. უკვე დაწყებულია მისი ქართულ ენაზე თარგმნა, რომელსაც გამომცემლობა „პოეზია პრეს“ გამოსცემს 2018 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე.
სამი წელი, ისიც არასრული. 1918-1921 წლები. საქართველოს პირველი დამოკრატიული რესპუბლიკის სიცოცხლის დღეები დათვლილი გამოდგა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი არსი, მისი კვალი და გამოცდილება დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ატყობინებდა ყველას, რომ „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ეს სამი წელი, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დააწესა, მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, გადაწყვიტა, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება „აქვთ ორივე სქესის მოქალაქეთ“, დამფუძნებელ კრებაშიც პირველი კანონმდებელი ქალები გამოჩნდნენ და ა.შ. ეს ყოველივე ფასდაუდებელი გამოდგა საქართველოს ისტორიისათვის, რომელიც საინტერესო და ყურადსაღებია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელი მკვლევრებისთვისაც. მათ შორის აღმოჩნდა ამერიკელი პროფკავშირელი და მწერალი ერიკ ლი, რომელმაც დაწერა წიგნი სახელწოდებით „ექსპერიმენტი“. წიგნი დიდ ბრიტანეთში გამოიცა და მისი პრეზენტაცია საქართველოშიც გაიმართა. 30 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ წიგნზეო, – ამბობს 62 წლის მწერალი და რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც, ამ სამი წლის კვლევა და შემდეგ წიგნის დაწერა გადაწყვიტა: „ის, რაც მოხდა საქართველოში 1918-21 წლებში, არასდროს მომხდარა მსოფლიოში. ეს შემთხვევა იყო უნიკალური. მე სოციალ-დემოკრატი ვარ. ის ქართველი ლიდერებიც სოციალ-დემოკრატები იყვნენ და ისინი ნერგავდნენ და ატარებდნენ იმ იდეებს, რომლებისაც მე მჯერა. ისინი რუსეთში მყოფი კომუნისტებისგან სრულიად განსხვავდებოდნენ და ეს ძალიან საინტერესო ამბავს ქმნიდა. წიგნი 30 წლის განმავლობაში იწერებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიკვლევდი და ვაგროვებდი მასალას წიგნისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში. საქართველოში პირველად შვიდი წლის წინ, როგორც ტურისტი, ისე ჩამოვედი. მაშინ ბევრი რამ შევიტყვე საქართველოს შესახებ და, საბოლოოდ, გადავწყვიტე წიგნის დასრულება“.
როგორც ქართველი მკვლევრები, ისე ერიკ ლიც თანხმდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ეს მცირე ხანა ჯერაც შეუსწავლელია. მწერლის თქმით, ამის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი კი ისაა, რომ პირველი რესპუბლიკა, თავისი ევროპული ღირებულებებითა და მისწრაფებებით, სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმ წყობას, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მოდელისთვის იყო მისაღები: „ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ბევრმა ქართველმა ბევრი არაფერი იცის ამ პერიოდის შესახებ. და ეს იმიტომ, რომ საბჭოთა მმართველობისას შენ არ შეგეძლო ლაპარაკი. გარშემო მხოლოდ ტყუილი ისმოდა. ყველაფერი, რაც ქართველებმა ამ წლების შესახებ 1991 წლამდე ოფიციალურად იცოდნენ, იყო ტყუილი. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვთქვათ სიმართლე, რა ხდებოდა საქართველოში, როგორი იყო მთავრობა. როგორი იყო ხალხის ცხოვრება“.
ერიკ ლი თავის წიგნში, სახელწოდებით „ექსპერიმენტი“, ცდილობს გააცოცხლოს ის სამი წელი, რომელიც მან 30 წელს იკვლია. ავტორი მოგვითხრობს როგორც მნიშვნელოვან საშინაო თუ საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ისე პირველი რესპუბლიკის ეკონომიკაზე, პროფესიულ კავშირებზე, ეროვნულ უმცირესობებზე. და ამ ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ დეტალს, ცხადია, ქმნიან ადამიანები. ერი ლისთვის ასეთი გამორჩეული ადამიანია ნოე ჟორდანია, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე: „მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ ვიცი, ყველა სახელს, რომელსაც წარმოვთქვამ, წარმოვთქვამ სწორად. ნოე ჟორდანია გამორჩეული ფიგურა და აბსოლუტურად უცნობია საქართველოს ფარგლებს გარეთ. მის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის ევროპასა და ამერიკაში. და ეს შეცდომაა, რადგან, მაგალითად, რუსი ბოლშევიკი ლიდერების სახელები ყველამ იცის. ყველამ იცის ტროცკის, ლენინის სახელი. მაგრამ ჟორდანია უცნობია. არადა, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც მოაზროვნე, როგორც მწერალი და საქართველოს რესპუბლიკის ლიდერი“.
ერიკ ლის „ექსპერიმეტი“ მომავალ წელს ქართულ ენაზე გამოიცემა. მას გამომცემლობა „პოეზია“ გამოსცემს. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისთვის, როგორც გამომცემლისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტმა და მეტმა ადამიანმა შეიტყოს პირველი რესპუბლიკის არსის შესახებ: „მგონია, რომ ჩვენს თანამედროვე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ვიყოთ პირველი რესპუბლიკის გამგრძელებლები. ჩვენ შარშან გამოვეცით ფირუზ ქაზემზადეს წიგნი „ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-21 წლები“, რომელიც დაწერილია 50-იან წლებში, ხოლო ეს წიგნი, „ექსპერიმენტი“, დღეს გამოვიდა, არის სულ ცხელ-ცხელი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია, რომ ეს წიგნიც ითარგმნოს ქართულად. საერთოდ, ძალიან ცოტაა ამ პერიოდზე ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ლიტერატურაც და მგონია, რომ ამ წიგნის გამოცემა იმიტომაც არის საინტერესო, რომ წელს დასავლეთში ძალიან ბევრი წიგნი გამოვიდა რუსული რევოლუციის შესახებ და ეს არის ერთადერთი წიგნი, რომელიც გამოვიდა საქართველოს შესახებ“.
„ექსპერიმენტის“ მნიშვნელობაზე და, მით უფრო, ინგლისურ ენაზე გამოცემის მნიშვნელობაზე, საუბრობს რადიო „თავისუფლებასთან“ ისტორიკოსი ბექა კობახიძე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც, მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ძალიან ცოტაა დაწერილი. ბექა კობახიძის სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც საერთაშორისო მკითხველს მისცემს საბაზისო ცოდნას და ხელს შეუწყობს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ცნობადობის ამაღლებას. ის ამახვილებს ყურადღებას ერიკ ლის წიგნის თარგმნის მნიშვნელობაზეც: „პირველი რესპუბლიკა არის ის გაკვეთილი, რომლისგანაც არც ჩვენ გვისწავლია და არც იმ საერთაშორისო აქტორებს, რომლებსაც საქართველოსთან აქვთ ურთიერთობა. არადა, პირველი რესპუბლიკა არ არის მოწყვეტილი, განზოგადებული ფენომენი, რომელსაც თანამედროვეობასთან არ აქვს კავშირი. რასაკვირველია, თანამედროვე საქართველო დღეს ბევრი იმ გამოწვევის წინაშე დგას, რის წინაშეც იდგა პირველი რესპუბლიკა. დღეს ჩვენ გვაქვს ერთადერთი კომპაქტური წიგნი პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომელიც ალექსანდრე ბენდიანიშვილმა დაწერა, თუმცა, ეს წიგნი დაიწერა ბევრი წლის წინ და მას სჭირდება შევსება და განახლება და „ექსპერიმენტი“ არის მეორე წიგნი, რომელიც მთლიანად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს მოიცავს. ეს არის საკმაოდ პოპულარულ ენაზე დაწერილი წიგნი და არ არის აქ საჭირო, რომ სიღრმისეულად იცოდე ისტორია ან ისტორიკოსი იყო, რომ ეს წიგნი წაიკითხო. ამ წიგნის წაკითხვა არ გაუჭირდება მოყვარულ მკითხველს“.
ერიკ ლის „ექსპერიმენტი“, გარდა ქართული ენისა, უახლოეს მომავალში გადაითარგმნება რუსულ ენასა და ესპერანტოზე.