Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური არჩევნები საქართველოში


არსამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 27 აპრილის შუალედურმა არჩევნებმა განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა. არჩევნები ჩატარდა სამტრედიაში, ბაღდათში და თბილისში, კერძოდ - ნაძალადევის რაიონში. შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 212 698-ს შეადგენდა.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამ ოლქებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 32-33 პროცენტი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა ამომრჩეველთა რაოდენობის მიუხედავად.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უკვე გამოაქვეყნა პირველადი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით და ორგანიზებულად მიმდინარეობდა. ცალკეულ უბნებზე გამოიკვეთა რიგი პრობლემები გადასატანი საარჩევნო ყუთისა და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის თვალსაზრისით, რაზეც ორგანიზაციის იურისტი ნინო რიჟამაძე საუბრობს:

„’სამართლიანმა არჩევნებმა’ დღის დასაწყისში ორი საჩივარი დააფიქსირა, რომელიც ეხებოდა დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსებას. ასევე, ბაღდათის მე-13 საარჩევნო უბანზე წყალტუბოს გამგებლის მოადგილე აკვირდებოდა არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით“.

ბაღდათის პოლიციის უფროსმა მე-10 საარჩევნო უბნის კომისიის ყველა წევრი გამოიყვანა და სათითაოდ ჩაისვა და ესაუბრა საკუთარ ავტომანქანაში. ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ ამ ადამიანებზე ხდებოდა ზეწოლა...
გიორგი თევდორაძე
მეორე მხრივ, დარღვევებზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე. მისი თქმით, შესაძლოა, რამდენიმე უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილებაც მოითხოვონ. თევდორაძე აცხადებს, რომ ათეულობით საჩივარი დაიწერა საარჩევნო ყუთებსა და მარკირების პროცესთან დაკავშირებით.

„ბაღდათის პოლიციის უფროსმა მე-10 საარჩევნო უბნის კომისიის ყველა წევრი გამოიყვანა და სათითაოდ ჩაისვა და ესაუბრა საკუთარ ავტომანქანაში. ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ ამ ადამიანებზე ხდებოდა ზეწოლა, რათა მათ შესაბამისი შედეგები უზრუნველეყოთ მმართევლი გუნდისთვის“.

აღსანიშნავია, რომ ბაღდათის პოლიციის უფროსის მხრიდან არჩევნების პროცესში ჩარევას უარყოფს შინაგან საქნეთა სამინისტრო.

ასევე იყო უბნის გარეთ აგიტაციის შემთხვევები, ძალადობა ჟურნალისტებზე. ასევე იყო პროცედურული დარღვევები საარჩევნო უბნებზე...
ეკატერინე ფოფხაძე
რაც შეეხება სამტრედიას, არასწორად შევსებული დოკუმენტაციის გამო გაბათილდა 54-ე ოლქის 21-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგები. შედეგების გაბათილება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა მოითხოვა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფოფხაძე მიანიშნებს სხვა დარღვევებზეც:

„რამდენიმე სუბიექტი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული დამკვირვებლად, იყო დამკვირვებელი. ასევე იყო უბნის გარეთ აგიტაციის შემთხვევები, ძალადობა ჟურნალისტებზე. ასევე იყო პროცედურული დარღვევები საარჩევნო უბნებზე“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ეკა აზარაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული შემთხვევებით გამორჩეული არ არის:
„ბაღდათსა და სამტრედიაში დაფიქსირდა სხვადასხვა პირები (თანამდებობის პირები), რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდნენ არჩევნებს. ეს იყო კანონდარღვევა. ამიტომ ცესკომ რეაგირება მოახდინა და შეუწყვიტა დამკვირვებლის რეგისტრაცია“.

ეკა აზარაშვილი ასევე ამბობს, რომ იყო სხვა სახის ხარვეზებიც, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების შედეგებზე რამე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG