Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური ზრდისა და ვარდნის წელიწადი


„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“. თბილისი, 2012 წელი
„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“. თბილისი, 2012 წელი
საქართველოს ეკონომიკა 2012 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ტემპით განაგრძობდა ზრდას, მიუხედავად მსოფლიოს და, განსაკუთრებით კი, ევროპის ეკონომიკური კრიზისისა. ეკონომისტები ამას გატარებულ რეფორმებსა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უკავშირებდნენ.

2012 წლის დასაწყისი ეკონომიკური ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა. ეკონომიკის შენელება შეიმჩნეოდა თვით ჩინეთშიც კი, რომელიც მანამდე 1-2 წლით ადრე გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ზრდას განაგრძობდა.

წლის დასაწყისში განსაკუთრებული პრობლემები ჰქონდა ევროკავშირის ეკონომიკას, რაც არასახარბიელო გარემოს ქმნიდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ვარაუდობდნენ, რომ ევროპის საერთო ვალუტის - "ევროს" - არასტაბილურობა, საბერძნეთის კრიზისი, ასევე კრიზისის ნიშნები ესპანეთში, იტალიასა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში საქართველოზეც აისახებოდა. ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა.

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოთქვამდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ისინი საქართველოს ეკონომიკას დაახლოებით 5-პროცენტიან ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ.

მიუხედავად წინასაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობისა, გაცილებით ოპტიმისტური იყო საქართველოს მთავრობა, რომელსაც ამის საფუძველს სტატისტიკური მონაცემები აძლევდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ნახევარი წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 7 პროცენტს შეადგენსო:

ნიკა გილაური
ნიკა გილაური
„პირველი ხუთი თვის მონაცემებით, იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 19-20 %-ით; ექსპორტი გაზრდილია 12-13 %-ით, ხოლო იმპორტი - 21-22 %-ით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი. რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, ა/წ პირველი კვარტალი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვარტალი იყო ბოლო წლების განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. პირველ კვარტალში საქართველოში 270 მლნ დოლარი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინცვესტიციების სახით“.

ნიკა გილაურის მიერ მითითებული ინვესტიციების მოცულობა დაასახელეს ეკონომისტებმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ძირითად ფაქტორად. ამაში გარკვეულ საფრთხეს ხედავდა იმჟამად ეკონომიკის ექსპერტი, ახლა კი ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია:

„ინვესტორები ელოდებიან მაინც, უმეტეს შემთხვევაში, არჩევნების შედეგებს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ ჩვენ შემოდგომისთვის, წინა წლის კვარტალთან შედარებით და სხვა წინა კვარტალებთან შედარებით, არ უნდა ველოდოთ მაღალ საინვესტიციო ზრდას. შეიძლება კლებაც იყოს. პირველი კვარტალი, წინა წლის კვარტალთან შედარებით, აქტიურობს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს აქტივობა მალევე შენელდება“.

დავით ნარმანიას ვარაუდი გამართლდა და ინვესტიციების ნაკადმა კლება ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემების თანახმად, 2012 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მხოლოდ 62 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება სამი კვარტალის ჯამურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2012 წლის პირველ 9 თვეში 2011 წლის ამავე პერიოდის მოცულობაზე 12 პროცენტით ნაკლებია.
ზაზა ჭელიძე
ზაზა ჭელიძე

განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პერიოდი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა თითქმის 2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე მანამდე:

”ოქტომბერში არის შემცირებული, რაც გამოწვეულია დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის შემცირებით”.

სტატისტიკის უწყებას ჯერჯერობით არ აქვს წლის ბოლოს განხორციელებული ინვესტიციების დინამიკა, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მდგომარეობა არასახარბიელოა. ამის მიზეზად კი ძირითადად არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა სახელდება, რაზეც დაუფარავად ლაპარაკობს კოალიცია «ქართული ოცნების» მხარდამჭერი და «საერთაშორისო სავაჭრო პალატის» ხელმძღვანელი ფადი ასლიც:

„ჩემს შეხვედრებზე ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმოადგენენ საბანკო თუ იურიდიული სფეროდან, ირკვევა, რომ ერთი თვის მანძილზე მათი აქტივობა საკმაოდ შემცირებულია. ბიზნესმენები და ინვესტორები შეშინებული არიან, რადგან ისინი ვერ ხედავენ მომავალს. მათ არ იციან, გაუშვებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტს აპრილში. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე პოსტს დატოვებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის“.
ის რესურსი, რაც გვაქვს, უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხალხი თავად დასაქმდეს და თავად მიხედოს თავის თავს, ჩემი აზრით, ეს უფრო მისაღები იქნება...
ლაშა დოლიძე


ფადი ასლის მიერ ნახსენები ბიზნესაქტივობა და ინვესტიციები განაპირობებს მოქალაქეთა დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი კანონი – 2013 წლის ბიუჯეტი - ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, დაასკვნის "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ექსპერტი ლაშა დოლიძე:

”ის რესურსი, რაც გვაქვს, უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხალხი თავად დასაქმდეს და თავად მიხედოს თავის თავს, ჩემი აზრით, ეს უფრო მისაღები იქნება. მით უმეტეს, რომ ინფრასტრუქტურა გვაკლია, მაინცდამაინც განვითარებული არ არის. ინფრასტრუქტურა საჭიროა იმისთვის, რომ რეალურად გაიაფდეს საქონელი, კონკურენციის ხარისხი გაიზარდოს და კიდევ ერთი მომენტი ის იქნება, რომ დასაქმებას გაზრდის. კარგია სოციალური ხარჯები იმ აზრით, რომ მოქალაქეები უკეთ ცხოვრობდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის ვერ დაუკავშირდება ზრდას”.

ლაშა დოლიძის აზრს ბევრი ეკონომისტი იზიარებს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს და 2012 წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი დაამტკიცეს.
XS
SM
MD
LG