Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკას ვაჭრობა ამოძრავებს


სავაჭრო ცენტრი თბილისში
სავაჭრო ცენტრი თბილისში

საქართველოს ეკონომიკას კვლავ ვაჭრობა ამოძრავებს – ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ციფრები, რომელთა მიხედვით ეს დარგი ბრუნვათა მოცულობით, მინიმუმ, სამჯერ და მეტჯერ აღემატება ეკონომიკის სხვა დარგებს.

საქართველოში 2017 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 45.9% ვაჭრობის სფეროს განეკუთვნება (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზე დამამუშავებელი მრეწველობაა – 12.4%-იანი წილით, მესამეზე მშენებლობა – 10.1%- ით, მეოთხეზე – ხელოვნება, გართობა და დასვენება – 7.8%-იანი წილით, შემდეგი ადგილი ტრანსპორტსა და დასაწყობებას უკავია 6.3%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას 3.7%-იანი წილი აქვს ბრუნვის მთლიან მოცულობაში, ხოლო დარჩენილი 13.9% სხვა დარგებზე ნაწილდება.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დასაქმებაშიც ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას. 2017 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად, 25.0%, 13.7% და 10.9% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურის მნიშვნელოვანი წილი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8.1%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების დარგის საწარმოებზეც მოდის (5.2%).

საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1106.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 128.8 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა 816.3 ლარი (88.8 ლარით მეტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე).

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს: მსხვილი ბიზნესი – 1196.0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1304.8 ლარი, მცირე ბიზნესი – 892.2 ლარი.

რაც შეეხება შექმნილი პროდუქციის მასშტაბებსბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.9%-ით გაიზარდა და 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 8.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 18.9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

მთლიანი ბრუნვის 42.5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 22.6% – საშუალოზე, ხოლო 34.9% – მცირე ბიზნესზე. აღნიშნულისგან მცირედით განსხვავდება პროდუქციის მთლიანი გამოშვების მონაცემები: მსხვილ ბიზნესი – 41.6%, საშუალო – 24.5%, ხოლო მცირე ბიზნესი – 33.9%.

XS
SM
MD
LG