Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირში თევზის პოტენციურ იმპორტიორთა სიაში


ბათუმი
ბათუმი

ამ დღეებში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის მზარდი საექსპორტო გაყიდვებით ხასიათდება. ექსპორტი ამ ბაზარზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის თითქმის მესამედს იკავებს. შესაბამისი სტანდარტიზაციის გარეშე პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გასვლა შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ ექსპორტის მზარდი ტენდენცია არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ ქვეყანაში ევროპული სტანდარტის მქონე პროდუქციის წარმოების ზრდასაც გულისხმობს. ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ახალი პროდუქტის გასვლას და, შესაბამისად, ახალი შესაძლებლობების გახსნას უკავშირდება როგორც პოტენციური ექსპორტიორების, ისე მოსახლეობისთვის, რომელიც თანდათან უფრო ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციის მომხმარებელიც ხდება.

გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტირებას.

მათივე ინფორმაციით, მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით, 2014 წელს ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი წარადგინა. ამის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოების ადგილზე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO – Food and Veterinary office ) აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მისიის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის პროცედურები

და შედეგები. მისიის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რის საფუძველზეც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და განახორციელა შესაბამისი აქტივობები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან.

განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე საქართველო დაემატა იმ მესამე ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირში ნებადართულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის გათვალისწინებული შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი.

მათივე ინფორმაციით, შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები თევზისგან, ძირითადად ქაფშიასგან, თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილობრივი ბაზრისთვის კი მცირე რაოდენობით ადამიანების საკვებად განკუთვნილი თევზის ცოცხალი სახით რეალიზაციასაც ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ქართული თევზის ფქვილი პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობით გამოირჩევა.

XS
SM
MD
LG