Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის შესაზღუდად


კახეთი
კახეთი

სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსახილველი საკითხი გახდა საზოგადოებაში. ინიციატივები აკრძალვის კონსტიტუციაში შეტანის შესახებაც აქტუალურია. ხელისუფლების პირველი პირები ამ საკითხზე სხვადასხვაგვარ განცხადებას აკეთებენ - ზოგი ამბობს, რომ მიწა მხოლოდ დიდი ინვესტიციის შემთხევვაში უნდა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ზოგი პირდაპირ უჭერს აკრძალვას მხარს, ზოგისთვის კი აკრძალვა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის აუცილებლობის გამო, სრულიად მიუღებელია. თუმცა რადგან საზოგადოებაში აკრძალვის შესაბამისი ნარატივი უფრო პოპულარულია, პარლამენტშიც გამოჩნდა შესაბამისი კანონპროექტი: გუშინ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს.

საკანონმდებლო პაკეტი ხუთი კანონპროექტისგან შედგება და ის საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.

პროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით, ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი, ან აქვს მუდმივი ცხოვრებისა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.

პარლამენტში ინიცირებული პროექტით წესრიგდება ასევე უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების საკითხი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით.

პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების განკარგვის წესს იმ შემთხვევებშიც, როდესაც უცხოელი ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელთა საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში მთავრობის მიერ იყო ინიცირებული, თუმცა განხილვის პროცესი შეჩერდა და პროექტი პლენარულ სხდომაზე არ გასულა.

მაშინ არაერთი დასკვნა და კვლევა დაიდო იმის დასასაბუთებლად, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვის აკრძალვა სერიოზულ პრობლემებს უქნის სოფლის-მეურნეობის სექტორის განვითარებას საქართველოში და ამ სფეროში უცხოური ინვესტიციების შემოტანის ხელის შემშლელი წინაპირობაა; მიწის კაპიტალიზაციასაც უშლის ხელს და ეკონომიკის განვითარებას ზღუდავს. მაშინ ამ არგუმენტებმა იმუშავეს, რადგან ამ სფეროში მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული, თუმცა ამჯერად წინ ადგილობრივი არჩევნებია და პარლამენტიც საზოგადოებაში პოპულარულ იდეას კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ახალი კანონპროექტის ფორმატში, განიხილავს.

XS
SM
MD
LG