28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. ეს მონაცემი ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის ავიაბაზარზე, სადაც, 2017 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლებით, ისედაც მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა როგორც მგზავრთა ნაკადის, ისე ტვირთების მოცულობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეს შეეხება ქუთაისის აეროპორტს, რომელიც, როგორც მომხმარებელმა იცის, შედარებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებით გამოირჩევა.
2017 წლის პირველი 3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 43.62 %-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 86.96 %-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 621 828 მგზავრი, რაც 43.62 %-ით (188 869 მგზავრი) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (432 959 მგზავრი).
ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მონაცემი 373 812 მგზავრს შეადგენდა. შესაბამისად, მატებამ 41.29 % შეადგინა;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 81 %-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 3 თვეში აეროპორტი 37 711 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 68 369 მგზავრი შეადგინა.
3 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 23 696 მგზავრი, რაც 14.19 %-ით (2 945 მგზავრი) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ, მგზავრთა ნაკადის მხრივ, გასული 3 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 424 მგზავრს მოემსახურა, რაც 739 მგზავრით (შესაბამისად, 107.88 %-ით) მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 3 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე მათი რაოდენობა 194 ადამიანს შეადგენდა.
მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 8 982, 414 ტონა შეადგინა, რაც 4 178, 020 ტონით (შესაბამისად, 86.96 %-ით) მეტია წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობაზე.
საინტერესოა ასევე მონაცემები ბაზრის ლიდერი კომპანიების შესახებ. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოს საჰაერო ბაზარზე მგზავრთა გადაყვანით Turkish Airlines-ი ლიდერობს. თურქული ავიაკომპანია იანვარ-მარტში საქართველოს ბაზარზე 74 963 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთა გადაყვანის ჯამური მაჩვენებლის (597 976), დაახლოებით, 13 %-ია. შარშან 3 თვეში მას ბაზარზე 21 %-იანი წილი ეკავა.
ბაზარზე მეორე ადგილი უჭირავს Ukraine International Airlines -ს, რომელიც 65 352 მგზავრს მოემსახურა, ჯამური რაოდენობის 11 %-ს, ნაცვლად გასულ წელს არსებული 13 %-ისა.
სამეულშია Wizz Air-ი, რომელიც ბოლო ხანებში ზრდის ტრენდს აჩვენებს და ახლაც, 49 652 მგზავრით, ბაზრის 8 %-იან წილს იკავებს.
დაახლოებით, ამდენივეა (7.9 %) Georgian Airways-ის წილიც. ქართული ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 3 თვეში 47 836 იყო. გასულ წელთან შედარებით, მისი წილი 1,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ხუთეულში შედიან: Flydubai - 47 342 მგზავრით (8 %-მდე წილით) და Aeroflot-ი - 40 845 მგზავრით (7 %). 6 % უჭირავს „სიბირს“ (33 849), 5 % - „პეგასუსს“ (27 413) და 4 % - ყატარის ავიახაზებს (25 225). სულ ბაზარზე 32 ავიაკომპანია ოპერირებს.