საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ორი თვის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 მილიარდ 67 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის ზრდა მოხდა როგორც ევროკავშირის, ისე - დსთ-ს ქვეყნების მიმართლებით, კერძოდ: ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მილიონი დოლარია, რაც 31%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 274 მილიონი დოლარია, რაც 10%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის იანვართან შედარებით 40%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 129 მილიონი დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 75% პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტმა 367 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საინტერესო ტენდენციებიდან ხაზგასასმელია შემდეგი: 2017 წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში შემცირდა. 2017 წლის გასულ თვეებში მთელ იმპორტში მისი წილი 5.4%-ი იყო; მაშინ როცა წინა წლის იანვარ-თებერვალში 7.1% იყო. გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 57 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტმა 66 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გადასახადების ცვლილებებია. 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.
აქციზის ზრდას ანალოგიური გავლენა არ მოუხდენია ნავთობპროდუქტების იმპორტზე. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა გასული ორი თვის მანძილზე 70 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარ-თებერვალში კი ეს მონაცემი 63 მილიონი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში, ნავთობპროდუქტების წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 6.6% იყო; გასული წლის იანვარ-თებერვალში კი მთელი იმპორტის 6.8%. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.