ავტორი: ირინა გურული
თბილისში საქართველო-ყირგიზეთის პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყირგიზეთთან მიღწეულია გარკვეული შეთანხმება, რომელიც კომისიის ოქმშიც აისახება.
მინისტრის თქმით, მოხდა ინვესტიციების დაცვისა და წახალისების ხელშეკრულების განახლებაზე შეთანხმება, რომელიც 1997 წელს იყო ხელმოწერილი და, შესაბამისად, აქტუალიზაციას საჭიროებდა. საუბარი შეეხო გადასახადებისა და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების გაფორმებას. ასევე, პირდაპირი ფრენების დანიშვნის და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობებსა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. ყირგიზეთის მხარე ასევე დაინტერესებულია, გაეცნოს და გაიზიაროს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა. მათ შორის დასახელდა თავისუფალი ინდუსტრიული და თავისუფალი ტურისტული ზონები, საბაჟო რეფორმა, მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამები და სხვ.
გამოითქვა ვარაუდი, რომ შეხვედრა კერძო სექტორისთვის სტიმულის მიმცემი იქნება და დადებითად აისახება სავაჭრო ურთიერთობებისა და ინვესტიციების ზრდაზე.
ამ ეტაპზე ყირგიზეთთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები დიდი მასშტაბებით არ გამოირჩევა და შემდეგნაირად გამოიყურება: ექსპორტი 2010 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, 2014 წელს 10 მლნ დოლარს გაუტოლდა, ხოლო 2015 წელს 6,6 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა, რაც მთლიანი ექსპორტის ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამის მიუხედავად, ყირგიზეთის პოტენციალი ქართველი ექსპორტიორების მიერ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ათვისებული. 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 84 პროცენტით, ხოლო სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 4 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს ასევე საუბარი იყო ქართული ციტრუსის ყირგიზეთში გატანაზეც. იმპორტის მხრივ, 2015 წელს ყირგიზეთიდან იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი კლება იყო, 2014 წელთან შედარებით.
ყირგიზ ინვესტორთა აქტიურობა 2010-2013 წლებში შეინიშნებოდა. ამ პერიოდში, ჯამურად, 24 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, 2014 წლიდან შეინიშნება ინვესტიციების გადინების ტენდენცია.
საქართველო-ყირგიზეთს შორის სამომავლო ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასულ წელს ყირგიზეთი რუსეთის მიერ შექმნილი ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი გახდა და შეუერთდა ყაზახეთს, ბელარუსს და სომხეთს. მოსალოდნელია, რომ ყირგიზეთი, როგორც საბაჟო კავშირის წევრი ქვეყანა, გაზრდის სავაჭრო ტარიფებს, რაც საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს გააძვირებს და ქართულ პროდუქციას არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენებს, ევრაზიული კავშირიდან შეტანილ ანალოგიურ პროდუქციასთან შედარებით.