Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 000 ოჯახი - დანგრეულ სახლებში


ეკომიგრანტები წალკაში
ეკომიგრანტები წალკაში
რისკის ზონაში მცხოვრები 11 000 ოჯახი დაუყოვნებელ განსახლებას საჭიროებს, თუმცა ამ პრობლემასთან დაკავშირებთ არც სტრატეგიული ხედვა არსებობს და არც სათანადო ფინანსები. ადამიანები, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალდნენ, დღემდე საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN იწყებს პროექტს „ეკომიგრაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. პროექტი 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება და განხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში. პროექტის მიზანი ეკომიგრაციის სფეროში სისტემური რეფორმის ხელშეწყობაა.

მიუხედავად ეკომიგრანტების დიდი რაოდენობისა, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ხედვა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას მათი პრობლემები. ორგანიზაცია „ბორჯღალის“ ხელმძღვანელი ილია გუჩმანიძე ამბობს, რომ ძირითადი საკითხები ეკომიგრანტების სამართლებლივი სტატუსი, სტრატეგიული ხედვის უქონლობა და ფინანსების დეფიციტია. მისივე თქმით, ცენტრალური მთავრობის მხრიდან პრობლემის მოგვარების სურვილი არ იკვეთება. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აჭარაში:

„ცხრამილიონიანი პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში პირველი და მეორე კატეგორიის ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდა. ბუნებრივია, სოციალური სახლების პროგრამა მუდმივი ვერ იქნება, მაგრამ თუ განსახლების პროცესი არ გაგრძელდა, იმავე სვანეთიდან და მთიანი აჭარიდანაც თუ არ გადმოასახლეს ხალხი, მაშინ ეკომიგრანტების რაოდენობა გაიზრდება, ეს პრობლემა უფრო მწვავე გახდება და გადაჭრის გზები გართულდება“.
ეკომიგრანტთა რაოდენობა ზუსტად განსაზღვრული არ არის - რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ეკომიგრანტია, რამდენი მათგანია თვითნებურად წამოსული და ასე შემდეგ...
ილია გუჩმანიძე

ილია გუჩმანიძის თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რისკის ზონაში, სადაც მოსახლეობის სიცოცხლეც კი საფრთხეშია. ასევე, რთული მდგომარეობაა განსახლების ზონებშიც. ოჯახების ნაწილმა შეძლო ახალ გარემოში ადაპტირება, თუმცა უმეტესობა ისევ პრობლემების წინაშე დგას. ყველაზე მეტად ეს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს ეხებათ. მათგან ბევრს არა აქვს საკუთრების უფლება იმ სახლზე, რომელშიც ცხოვრობს. ასევე, ბევრია საყოფაცხოვრებო პრობლემები.

გუჩმანიძე ამბობს, რომ გაუგებრობაა ეკომიგრანტების რაოდენობასთან დაკავშირებითაც. იმ პირთა ოდენობა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, ოფიციალურ მონაცემებზე მეტია, ოფიციალური ინფორმაციით კი, მხოლოდ 11 000 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება, ზოგადად სტიქიით დაზარალებული კი 35 204 ოჯახია:

„გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა თვითონ ბენეფიციართა რიცხვი. ეკომიგრანტთა რაოდენობა ზუსტად განსაზღვრული არ არის - რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ეკომიგრანტია, რამდენი მათგანია თვითნებურად წამოსული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რთული დასათვლელი არ არის. ამას პოლიტიკური ნება და ფინანსური რესურსები სჭირდება, რათა საინფორმაციო ბაზის შექმნა მოხერხდეს“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ აჭარაში განსასახლებელი ოჯახების რაოდენობა სულ ორასია და ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობენ.

„განსახლების პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ სახლების შესყიდვის პროცესი გაგრძელდეს. რაც შეეხება აჭარას, ჩვენ ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში ორი საცხოვრებელი სახლი ავაშენეთ, უფრო სწორად, რეაბილიტაცია გავუკეთეთ. შუახევში უკვე შევიყვანეთ ეკომიგრანტები და ანალოგიურად მოხდება ქედის მუნიციპალიტეტშიც“.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ეკომიგრანტებთან დაკავშირებით კანონმდებლობა არა აქვს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ეკომიგრანტების პრობლემების დარეგულირება გახდება შესაძლებელი:
სამწუხაროდ, ამის ერთ და ორ წელიწადში მოგვარება ძალიან გაჭირდება. შეუძლებელი იქნება, ჩემი აზრით. მაგრამ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით ჩამოყალიბდება გარკვეული ხედვა და პრობლემა მეთოდურად მოგვარდება...
ზაზა იმედაშვილი

„მე ვფიქრობ, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფომ გადადგას გარკვეული ნაბიჯები და შემუშავდეს კანონი, რომელიც რეალურად დაარეგულირებს იმ უფლებებს, განსაზღვრავს იმ მოვალეობებს, რომლებიც ამ კატეგორიის პირებს უნდა ჰქონდეთ“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა იმედაშვილი ამბობს, რომ ეკომიგრანტების პრობლემა ძალიან რთული გადასაჭრელია და ამას ერთი და ორი წელი არ ეყოფა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად სამინისტრომ განახორციელა საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2012 წელს 17 ოჯახი განასახლა. 2013-2014 წლებში სამჯერ ამაზე მეტი ოჯახის განსახლებაზეა საუბარი. ზაზა იმედაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სამომავლოდ უფრო მეტი ოჯახის განსახლება მოხერხდეს:

„სამწუხაროდ, ამის ერთ და ორ წელიწადში მოგვარება ძალიან გაჭირდება. შეუძლებელი იქნება, ჩემი აზრით. მაგრამ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით ჩამოყალიბდება გარკვეული ხედვა და პრობლემა მეთოდურად მოგვარდება. თუმცა ახლა მიჭირს თქმა, თუ რამდენი წელი დასჭირდება ამას“.

ეკომიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი საკითხი: გარდა დაუყოვნებლივ განსასახლებელი პირებისა, არის ოჯახები, რომელთა სახლებსაც მესამე-მეოთხე კატეგორია აქვთ მინიჭებული, ანუ შედარებით ნაკლებად არის დაზიანებული. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ამ ოჯახებს ყურადღება დროულად არ მიაქციეს, მათი სახლების დაზიანების ხარისხი პირველ-მეორე კატეგორიაში გადავა. შესაბამისად, ხელისუფლებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეყოლება განსასახლებელი. თუმცა, ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური მსხვერპლი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში სტიქიის ზონებში 600-მდე ადამიანია დაღუპული.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG