პრეზიდენტ ობამას საჯარო გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, რომელშიც ის „ისილამურ სახელმწიფოსთან“ მიმართებით ამერიკის სტრატეგიაზე საუბრობს, “ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტმა” ყოფილ სახელმწიფო მდივანს დიკ ჩეინის უმასპინძლა. ნახევარსაათიან სიტყვაში ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტერორიზმის საფრთხეებზე და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
„არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოება,“ თქვა ჩეინიმ მისასალამებელ სიტყვაში და თანამედროვე გამოწვევებზე საუბარი მსოფლიო პოლიტიკაში ამერიკის როლის ხაზგასმით დაიწყო.
“მომავალ წელს დაიწყება მერვე დეკადა იმისა, რასაც ჩვენ დღემდე ომის შემდგომ ერას ვუწედებთ. მაშინ ჩვენ ისტორიის უდიდესი მიღწევის მოწმენი გავხდით, ჩვენ შევესწარით უსაფრთხოების ფორმირებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომლის მთავარი გარანტორი და დამცველი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. რომ არა ჩვენი სიძლიერე და სამხედრო უზენაესობა, ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ქვეყანა კარგი განზრახვებით და მკვეთრი მოსაზრებებით,” განაცხადა ჩეინიმ.
11 სექტემბრის ტერაქტების 13 წლის თავზე მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა მზარდ ტერორისტულ საფრთხეებზე, სირიის და ერაყის ისლამურ სახელმწიფოზე, არეულობებზე ახლო აღმოსავლეთში, საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკის როლის დაკნინებაზე და ქვეყნის გავლენის შესუსტებაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაადანაშაულა.
ჩეინიმ 2009 წელს ობამას გაეროში გამოსვლა გაიხსენა, სადაც პრეზიდენტმა ერთი ეროვნების სხვებზე უპირატესობის და დომინანტობის დაუშვებლობაზე ისაუბრა. ჩეინის თქმით ამით ობამამ ამერიკის უპირატესობა განიხილა როგორც მოსაგვარებელი პრობლემა და არა პრობლემების მოგვარების საშუალება.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით ამერიკის უმოქმედობას თვალ-ყურს ადევნებენ მტრები ჩრდილოეთ კორეასა და ირანში და მოწინააღმდეგეები რუსეთსა და ჩინეთში, რათა გააკეთონ დასკვნები, გაუვათ თუ არა იმის კეთება, რაც მათ ინტერესებშია: “პუტინი ყირიმში შეიჭრა, ჩვენმა მთავრობამ ამას მე-19 საუკუნის საქციელი უწოდა, პუტინს არ აინტერესებს რომელ საუკუნეს მიაწერენ მის ქმედებებს… ჩვენ კარგად ვიცით რა უნდა ირანს, ირანს უნდა ფლობდეს მასობრივი განადგურების იარაღას, წარმოიდგინეთ ამ შემთხვევაში რა დღეში ჩავარდება ისრაელი… თუ ამას დავუშვებთ შედეგები მხოლოდ სირიასა და თეირანში კი არა, მთელს მსოფლიოში დადგება.”
მისი თქმით წარმოუდგენელია სტრატეგია სერიოზულად აღვიქვათ თუ ის სამხედრო მომზადების გაძლიერებას არ მოიცავს. ობამას გადაწყვეტილებას ეტაპობრივად გამოეყვანა ჯარები ავღანეთიდან, ჩეინიმ ამერიკული ჯარის სიძლიერისთვის გამანადგურებელი ნაბიჯი უწოდა, რაც მის აზრით გამოსასწორებელია.
“ნამდვილმა სტრატეგიამ უნდა აღიაროს, რომ ISIS დიდ საფრთხეს წარმოადგენს და მის გასანადგურებლად რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ არ უნდა დავრთოთ ირანს ნება შექმნას მასობრივი განადგურების იარაღი, მან უნდა იცოდეს რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ საჭირო გახდა სამხედრო ჩარევით შევაჩერებთ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტერორისტები უბრალო კრიმინალები არ არიან და რომ ალყაიდა არ გამქრალა. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ ჩვენ ომში ვიმყოფებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო.”
ჩეინი ამბობს, რომ საერთაშორისო კრიზისების დროს ობამა გამოდის და ჩამოთვლის ხოლმე იმ ნაბიჯებს, რომელსაც ამერიკა ვერ გადადგამს, მას იმედი აქვს რომ ეს ტენდენცია შეიცვლება.
“მცდარია აზრი იმის შესახებ თითქოს ამერიკის ძალა და ლიდერობა არჩევითია, თითქოს ჩვენთან ერთად თუ ჩვენს გარეშე, მსოფლიო მაინც წავა წინ, გაიკითხეთ ირგვლივ, ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები სხვაგვარად ფიქრობენ, ისინი მიესალმებიან ამერიკის გავლენას სადაც თავისუფლება და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მათ ისევ სჯერათ ამერიკის, როგორც კარგი ცვლილებების ინიციატორი ძალის. მათ იციან, რომ მათი და ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ამერიკის სიძლიერეზე, რაც მხოლოდ ამერიკული ლიდერობის აღდგენითაა შესაძლებელი,“ ამ სიტყვებით დაამთავრა ჩეინიმ გამოსვლა პრეზიდენტ ობამას შეუპოვარი ბრძოლისკენ მოუწოდა.