Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიანა შური - „ჯაზის ახალი პირველი ლედი“


დაიანა შური
დაიანა შური

დღევანდელი სიუჟეტი უსინათლო კომპოზიტორს, პიანისტსა და მომღერალს, დაიანა შურს დაეთმობა. მისი შემოქმედება მრავალწახნაგოვანია და, შესაბამისად, რომელიმე ერთ კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში ვერ გამოკეტავ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ უნიკალური შემსრულებელი ბრძანდება. საკუთარი ვოკალური მონაცემების, ტემბრისა თუ ხელწერის წყალობით, თანაბარი წარმატებით ნავარდობს ჯაზში, გოსპელში, სოულში, ბლუზსა და პოპმუსიკაში. ზოგან დატკბილული და ლირიკულია, ზოგან 12-ტაქტიან მისისიპურ ხლართებში გხვევს, ზოგან კი მძლავრი, ენერგიული სვინგური იმპროვიზაციებით თავბრუს გახვევს.

დაიანა შური 1953 წელს ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტაკომაში დაიბადა. როგორც უკვე ითქვა, ბავშვობიდანვე უსინათლოა. მისი თქმით, სამშობიარო სახლის ექიმებმა ინკუბატორში მოთავსებულს ზედმეტი რაოდენობით ჟანგბადი მიაწოდეს, რასაც გართულებები მოჰყვა და თვალის ჩინიც ამიტომ დაკარგა. მოგეხსენებათ, ფიზიკური სიბრმავე აკუსტიკური მგრძნობელობის გამძაფრებას უწყობს ხელს, დაიანა კი მუსიკალურ ჭუპრში გაიზარდა: მამა, რომელიც პოლიციელი გახლდათ, ჩინებულად უკრავდა ფორტეპიანოზე, ხოლო დედა დიუკ ელინგტონისა და დინა ვაშინგტონის ფანი იყო, დღედაღამ მათ ფირფიტებს ასმენინებდა. ჰოდა, ამგვარმა გარემომ პატარა გოგონაში ხელოვნების ამ ფორმის სიყვარული გააღვივა და მუსიკალური თვალსაწიერის გაფართოებასაც შეუწყო ხელი. 2 წლიდან აღიღინდა, ცოტა მოგვიანებით კი თავისსავე ნამღერს საფორტეპიანო აკომპანემენტიც შეაშველა. თუმცა თეორიული ცოდნა და კლასიკური განათლება უსინათლოთა სპეციალურ სკოლაში შეიძინა, სადაც 11 წლამდე ისწავლა. როცა ამ პერიოდზე საუბრობს ხოლმე, ხშირად იხსენებს, თუ როგორ დასცინოდნენ თანატოლები - უნიჭო ხარ, შენგან არაფერი გამოვაო, მიაძახებდნენ. როგორც თავად ამბობს, ამგვარმა ძალადობამ უფრო გააძლიერა, მებრძოლის თვისებები განუვითარა, დამოუკიდებელი გახადა და, რაც მთავარია, პროფესიონალი მუსიკოსობის სურვილი გაუმძაფრა. შედეგმაც არ დააყოვნა: მასზე, როგორც ვუნდერკინდზე, ვირტუოზ მომღერალზე ალაპარაკდნენ და უკვე 10 წლის ასაკში სასტუმროთა ქსელის „ჰოლიდეი ინ“-ის რესტორნებში მართავდა სოლო-კონცერტებს.

დაიანა შური დიდ სცენაზე 1979 წელს, 26 წლის ასაკში გამოჩნდა. მონტერეის ჯაზფესტივალზე დიზი გილესპის, სონი სტიტის და ფლორა პურიმის შემდეგ წარდგა მსმენელის წინაშე - რამდენიმე გოსპელი შეასრულა. გოგონას ძლიერი ტემბრით, დრამატული ვოკალითა და იმპროვიზაციული უნარ-ჩვევებით ლეგენდარული საქსოფონისტი სტენ გეტცი დაინტერესდა, რომელმაც ჯერ საკუთარ ბენდში აიყვანა, ხოლო 3 წლის თავზე თეთრ სახლში მიმდინარე ტრადიციულ ვოკალურ კონკურსში მონაწილეობა გაუხერხა. დაიანა შურმა, მართალია, ვერ გაიმარჯვა, სამაგიეროდ, ცნობილმა ხმის ჩამწერმა სტუდია „GRP Records“-მა კონტრაქტი გაუფორმა და სადებიუტო ალბომი „Deedles“ გამოაშვებინა.

„GRP Records“-ზე დაიანა შურმა კიდევ 13 ალბომი გამოსცა, რომელთაგან ერთი - 1986 წლის “Timeless” - „გრემის“ მფლობელი გახდა, მომდევნო წელს კი იგივე შედეგი გაიმეორა, ამჯერად ქაუნთ ბეისის ორკესტრთან ერთად. როგორც უკვე ვთქვი, დაიანა შური თავს არ იზღუდავდა ჟანრობრივი თვალსაზრისით. სხვადასხვა დროს ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყვნენ რეი ჩარლზი, მეინარდ ფერგუსონი, ბლუზმენი ბი ბი კინგი, ბარი მენილოუ, მარკ ნომფლერი და მრავალი სხვა.

ამჟამად დაიანა შური 61 წლის ბრძანდება, თუმცა ასაკმა ვერაფერი დააკლო მის ვოკალურ მონაცემებსა და შემოქმედებით შემართებას. ერთ-ერთი იმათგანია, ვისზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ამერიკულ თუ ევროპულ სცენაზე. ელა ფიცჯერალდს ადარებენ ხოლმე და, ამ უკანასკნელის მსგავსად, „ჯაზის ახალ პირველ ლედის“ უწოდებენ.

XS
SM
MD
LG