დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის დაპატიმრება და სასამართლოს შენობის წინ ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც ”ნაციონალური მოძრაობის” ათამდე მხარდამჭერი დააკავეს - ამ ორ მოვლენას ოპონენტებთან პოლიტიკური ანგარიშსწორების ჭრილში განიხილავს ”ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო ”ქართული ოცნება” თვლის, რომ პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას საქართველოში და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. სამართლებრივი დავისა და პოლიტიკური დაპირისპირების პროცესებს ურთიერთგანსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
”ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს მთავრობას - დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე სამართალდამცველი, ვინც, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, ხელს უწყობდა ძალადობის ესკალაციას. საუბარია პარასკევ ღამით თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ განვითარებულ მოვლენებზე, რომლის დროსაც 10-მდე ადამიანი და მათ შორის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი დააკავეს და სწორედ ეს ფაქტი მოექცა საგანგებო ყურადღების ცენტრში. როგორც თავად დეპუტატი ამბობს, ის პოლიციელებმა ”არაადეკვატური ძალის გამოყენებით” დააკავეს და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს:
”3 საათის უკანონო დაკავების ფაქტის შემდეგ პატრულმა დაადგინა, რომ, თურმე, პარლამენტის წევრი ვყოფილვარ და, თურმე, პარლამენტის დაკავების უფლება მათ არ ჰქონდათ და... ამის საფუძველზე გამომიშვეს”.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა სრულიად დემონსტრაციული ფორმით, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაეკავებინა ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბისა და კამპანიის უფროსი და ამით ყველასთვის გაეგზავნა ძალიან ნათელი მესიჯი...დავით ბაქრაძე
დეპუტატ ბეჟაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა წარმოიშვა არასამთავრობო სექტორის წიაღში, რადგანაც საგანგებო იმუნიტეტით აღჭურვილი დეპუტატის დაკავება, იურისტების განმარტებით, მხოლოდ უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე წასწრების შემთხვევაშია შესაძლებელი და ეს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ბეჟაშვილთან ერთად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, დაკავებული იყო კიდევ 7 პირი, მათ შორის ყოფილი ელჩი კონსტანტინე გაბაშვილი. ისინი დაექვემდებარნენ ადმინისტრაციული წესით გასამართლებას.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პარასკევს, გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებითა და შემდეგ უკვე ძალადობის ესკალაციით საქალაქო სასამართლოს ეზოში, დაიწყო ძალადობის ახალი ტალღა მმართველი კოალიციის მხრიდან:
”ხელისუფლებამ გადაწყვიტა სრულიად დემონსტრაციული ფორმით, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაეკავებინა ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბისა და კამპანიის უფროსი და ამით ყველასთვის გაეგზავნა ძალიან ნათელი მესიჯი, რომ ხელისუფლებისთვის, მისი ანგარიშსწორების დღის წესრიგთან შედარებით, არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის არც არჩევნების მეორე ტური და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ცუდი და საშიში სიგნალი ხელისუფლების მხრიდან”.
წინასაარჩევნოდ მათ ჩათვალეს, რომ საზოგადოებისთვის დაენახვებინათ ხელისუფლების ძლიერი ხელი, რაც ძირითადად, ვფიქრობ, წაქეზებული იყო საზოგადოებაში ძალიან ღრმად გამჯდარი შურისძიების გრძნობით...ხათუნა ლაგაზიძე
წინასაარჩევნო პერიოდი განსხვავებულ ელფერსა და დატვირთვას აძლევს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. მაგალითად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის პრესსპიკერის მიერ 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში შეხსენებულია დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მორატორიუმი. განცხადების თანახმად, ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება გიგი უგულავას დაკავების ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „სასამართლო პროცესი იყოს სრულიად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან“, ასოცირების შესახებ შეთანხმების პრინციპების შესაბამისად. მოვლენებს ასევე გამოეხმაურა შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელიც ასევე გამახვილებულ ყურადღებასა და წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელ კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობს და წინასაარჩევნო გარემოში მხარეებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
რომ არა წინასაარჩევნო პერიოდი, გიგი უგულავას გასამართლებაში უცნაურს და შემაშფოთებელს ვერაფერს დაინახავდა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, მაგრამ ახლა ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სისუსტემ სძლია, ისევე როგორც ეს თავის დროზე ”ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში მოხდა:
გუშინ კიდევ ერთხელ ჩვენ, საქართველომ, ვიხილეთ დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება...ირაკლი ღარიბაშვილი
”წინასაარჩევნოდ მათ ჩათვალეს, რომ საზოგადოებისთვის დაენახვებინათ ხელისუფლების ძლიერი ხელი, რაც ძირითადად, ვფიქრობ, წაქეზებული იყო საზოგადოებაში ძალიან ღრმად გამჯდარი შურისძიების გრძნობით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ხელისუფლება აჰყვა ამ მოწოდებას თუ ცდუნებას - ალბათ, უფრო ცდუნებას... მე ამას ჯანსაღ პროცესს ვერ დავარქმევდი”.
ძალადობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა მიუღებელია, ეს დასჯადი ქმედებაა და პოლიცია მოიქცა აბსოლუტურად სწორად, - ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ პარასკევ ღამით განვითარებული მოვლენების შეფასებისას. ის მოუწოდებს პოლიციელებს, რომ აღკვეთონ ნებისმიერი სახის ძალადობა, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს ეს, და რომ ”არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა”. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ”მართლმსაჯულების ზეიმი” უწოდა გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს:
”გუშინ კიდევ ერთხელ ჩვენ, საქართველომ, ვიხილეთ დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მე მივესალმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ სასამართლო დღეს გახდა აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ხელისუფლების ჩარევისგან”.
პროცესებს ყურადღებით აკვირდება მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავებით დაირღვა ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდისთვის გამოცხადებული მორატორიუმი საარჩევნო პროცესში ჩართული პირების სამართლებრივ დევნაზე. თუმცა დარღვევით მოხდა თუ არა გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, ამ საკითხის შესასწავლად მე-3 სექტორი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ მიმართულებით, საქმის მასალების შესწავლამდე, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ამ ეტაპზე კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოგვწონს თუ არა სასამართლოს 4 ივლისის გადაწყვეტილება გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, აუცილებელია მაინც პატივი ვცეთ სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, და მისი გადაწყვეტილებები არ გავაპროტესტოთ გინებითა და აურზაურით.