Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლური პოლიტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გარემოცვაში


დასავლეთის განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო ხანს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოპულისტური პარტიები, რამაც, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ღია საზღვრებისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.

დასავლეთში აგორებული ანტისახელმწიფოებრივი გრძნობების ტალღა საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ წესრიგს, რომლის თანახმადაც ღია საზღვრები და თავისუფალი ვაჭრობა მომავალის გასაღებია. ეს აშკარად დაადასტურა 2016 წლის მოვლენებმა. დიდ ბრიტანეთში ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს ევროპის კავშირის დატოვებას, „ბრექსიტს“, მიუხედავად ხელისუფლებისა და ექსპერტების მკაცრი გაფრთხილებებისა ამ ნაბიჯის უარყოფითი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების შესახებ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად აირჩიეს პოლიტიკური მოვლენებისგან განზე მდგომი მულტიმილიონერი დონალდ ტრამპი, რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო მექსიკის საზღვარზე „დიდი კედლის“ აშენება. გარდა ამისა, ტრამპი ამბობდა, რომ ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს ყველა მუსლიმს და სანაგვეში მოისვრის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

რა ხდება ამ დროს ევროპაში? პოლონეთში გაიზარდა ნაციონალისტური მთავრობის გავლენა. იტალიაში დამარცხდა პროევროპული მთავრობა, ავსტრიაში კი, პირველად ევროკავშირის ისტორიაში, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე გამარჯვებისთვის სულ ცოტა დააკლდა მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელს.

საპროტესტო აქცია ვარშავაში
საპროტესტო აქცია ვარშავაში

ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ ფენომენს, რომელსაც პოლიტიკის სფეროს ანალიტიკოსები ჯერ კიდევ ვერ არქმევენ სახელს. მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების, პოპულიზმისა და ისტებლიშმენტის საწინააღმდეგო ტენდენციების ზრდა ის მახასიათებლებია, რომლებიც მხოლოდ მეინსტრიმულ პოლიტიკურ პარტიებს კი არ ეხება, არამედ მკვეთრად ცვლის დასავლეთის სოციალურსა და ეკონომიკურ პოლიტიკას. ამ საკითხზე საუბრობს პროფესორი მაიკლ კულინეინი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნორთუმბრიის უნივერსიტეტში აშშ-ის ისტორიას ასწავლის:

„ჯერ ჩემთვისაც არ არის ნათელი, ხალხის დიდი უმრავლესობა დაუჭერს თუ არა მხარს ღია საზღვრებსა და თავისუფალ ვაჭრობას, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოება გაიყო. მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ გლობალიზაციის პოლიტიკამ და იმიგრაციის სფეროში გადადგმულმა ნაბიჯებმა მათ სასიკეთო არაფერი მოუტანა. თავის უკმაყოფილებას ეს ხალხი საარჩევნო ყუთებთან გამოხატავს.“

ბევრი ექსპერტის აზრით, 2017 წლის იტალიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის არჩევნები გადაიქცევა ერთგვარ ბრძოლის ველად, სადაც გაირკვევა, რამდენად ძლიერია ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიმართული განწყობა. შორეულ პერსპექტივაში კი გაიზრდება ევროკავშირის დაშლის საფრთხე, ანუ ბრიტანეთის მაგალითს, შესაძლოა, ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანამ მიბაძოს.

„ჩვენი სურვილია, დავიბრუნოთ ღირებულებები, იდენტობა, ფული, კულტურა, წინ წამოვწიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები“, - ამბობს ჰოლანდიის ერთ-ერთი პოპულისტური პარტიის ლიდერი გეერტ ვილდერსი.

ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე პარტიების იდეოლოგია მერყეობს ორ რადიკალურ წერტილს შორის: რადიკალური მემარჯვენეობიდან ულტრამემარცხენეობამდე. საკმარისია დავასახელოთ საფრანგეთში მოქმედი მარინ ლე პენის მემარჯვენე ეროვნული ფრონტი, გერმანიაში ბოლო ხანს აღზევებული ნაციონალისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და მკვეთრად მემარცხენე პარტიები: „პოდემოსი“ ესპანეთში და „სირიზა“ საბერძნეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიების გულისყური ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხებისკენ შეიძლება იყოს მიმართული, მათი მხარდამჭერების პრიორიტეტები მაინც მსგავსია: სამუშაო ადგილები, შემოსავლები, შეშფოთება გლობალიზაციით გამოწვეული პრობლემების (ძირითადად, სამსახურის დაკარგვის) გამო, იმიგრაციის ტალღა, ტერორიზმის აღზევება, კულტურული ცვლილებები.

მატეო რენცი
მატეო რენცი

იტალიაში, სადაც 2016 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მატეო რენცის გადადგომის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, პოპულისტურ პარტიას სახელწოდებით „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ 30%-იანი მხარდაჭერა აქვს და პოპულარობით ქვეყანაში მეორე ადგილზეა. მას ხელმძღვანელობს ცნობილი კომიკოსი და ბლოგერი ბეპე გრილო, რომლის მიზანია, ქვეყანაში მოუწყოს რეფერენდუმი იტალიის მიერ ევროზონის დატოვების საკითხზე. იგივე მოთხოვნა აქვს ქვეყნის კიდევ ერთ პოპულისტურ პარტიას - „ჩრდილოეთის ლიგას“. ეს ნაციონალისტური პარტია, რომელიც იმიგრანტთა წინააღმდეგ ილაშქრებს, 12%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მარტში, საყოველთაო არჩევნები იმართება ჰოლანდიაში. მიმომხილველთა უმრავლესობა ელის, რომ ამ კენჭისყრაში წარმატებას მოიპოვებს ვილდერსის თავისუფლების პარტია. აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნის სხვა პოლიტიკური ძალების უმეტესობა ვილდერსის პარტიას „მეტისმეტად რადიკალურად“ მიიჩნევს და ამთავითვე უარს ამბობს მასთან კოალიციურ თანამშრომლობაზე. ვილდერსის თავისუფლების პარტია ეწინააღმდეგება ევროკავშირს, ევროს, როგორ სავალუტო ერთეულს, იმიგრაციასა და ისლამს. ამ მხრივ ვილდერსისა და მისი თანამოაზრეებისგან დიდად არ განსხვავდება ფრანგი მარინ ლე-პენის ნაციონალისტური პარტიაც, რომელიც წინასწარ გამოკითხვებში ბევრით აღარ ჩამორჩება მთავარ მოწინააღმდეგეს, ფრანსუა ფიიონის მემარჯვენე-ცენტრისტულ რესპუბლიკურ პარტიას. საფრანგეთში არჩევნები ამ წლის აპრილშია დაგეგმილი.

ბუნდესტაგი
ბუნდესტაგი

გერმანიის ბუნდესტაგში პირველად მოხვედრის კარგი შანსი აქვს ევროზონის მოწინააღმდეგე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც, მართალია, არ ეწინააღმდეგება ევროკავშირს, მაგრამ ილაშქრებს ერთიანი სავალუტო ზონის, ისლამისა და იმიგრაციის წინააღმდეგ. ამ პარტიამ სულ მოკლე დროში მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას. ის 2013 წელს დაფუძნდა და გერმანიის 16 ფედერალური მხარის პარლამენტებიდან უკვე ათში ჰყავს თავისი დეპუტატები. ახლახან ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, „ალტერნატივას გერმანიისთვის“ მხარს უჭერს ქვეყნის ამომრჩეველთა 16%, რაც მესამე შედეგია ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ანგელა მერკელის მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის შემდეგ (ამ პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი, შესაბამისად, 22-% და 32 % შეადგენს). გერმანიაში არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

ბრიუსელის ევროპის პოლიტიკის ცენტრის თანამშრომლის, მარკო ინჩერტის აზრით, ევროკავშირს ახლა რამდენიმე სახიფათო წელი ელის.

„მთავარი კითხვა შემდეგია: მოასწავებს თუ არა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილებები ევროკავშირის დასასრულს? თუ ეს ქვეყნები მხოლოდ გამოაკლდებიან ევროკავშირის რიგებს, თავად კავშირი კი სხვა სახით ან უფრო მცირერიცხოვანი შემადგენლობით განაგრძობს არსებობას?“

ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის ბრიტანელი პროფესორი მაიკლ კიულინენი, პოპულისტური პარტიების აღზევებას იმას უკავშირებს, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა მეტისმეტად ნელა გამოდის 2008 წელს დაწყებული საფინანსო კრიზისიდან:

2008 წლის გლობალური საფინანსო კრიზისის შემდეგ ვხედავთ, რომ მთავრობებმა ვერ შეძლეს ისეთი განვითარება, როგორსაც მოქალაქეები ელოდნენ დიდი დეპრესიისა და უკუსვლის შემდეგ. და რაკი ეს ვერ შეძლეს, რეაქციის სახით მათ პოპულიზმი მიიღეს.“

ბრიტანელი ისტორიკოსი ერთმანეთს ადარებს 1992 და 2008 წლების ეკონომიკიურ კრიზისებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღნიშნავს, რომ 1992 წლის მთავარი საბანკო კრიზისის შემდეგ, შესაძლებელი გახდა 5-6%-იანი წლიური ზრდა, ხოლო 2008 წელს, როდესაც სავაჭრო სექტორი და უძრავი ქონების ბიზნესი თითქმის სრული განადგურების პირას მივიდა, კრიზისის შემდგომი ზრდა ბევრად ნაკლები იყო: კერძოდ, წელიწადში 4%-ზე ნაკლები აშშ-ში და 1%-ზე ოდნავ მეტი ევროკავშირში, რომელიც დღესაც იბრძვის თავისი სავალუტო ერთეულის, ევროს გასამყარებლად.

ბევრი ექსპერტისთვის ეკონომიკური სირთულეები დასავლეთში არსებული უფრო ღრმა პრობლემების სიმპტომებია. ლონდონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ჩეთემ ჰაუსის“ ამერიკის პროგრამების დირექტორი ქსენია უიკეტი აღნიშნავს, რომ თანდათან ძირი ეთხრება სოციალურ კონტრაქტს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში: მოსახლეობა ბერდება.

XS
SM
MD
LG