Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური დარღვევები თუ შიდაკოალიციური დაპირისპირება?


ლექსო ვალიური
ლექსო ვალიური

„გორის მერმა ახდილად გამოუცხადა ომი რესპუბლიკურ პარტიას“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლექსო ვალიაურმა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა. იგი მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი იყო. ცოტა ხნის წინ მის უწყებაში აუდიტის სამსახური შევიდა, რომელმაც ფინანსური დარღვევების შესახებ დოკუმენტი მოამზადა და მერიას გადაუგზავნა. ამ დრომდე ვალიაური უშედეგოდ ითხოვს დოკუმენტის მიღებას, რომელსაც არაობიექტურად მიიჩნევს. მისი აზრით, თანამდებობიდან მოხსნა რეგიონის გუბერნატორის კაბინეტში დაიგეგმა და სისრულეში მოიყვანა გორის მერმა. ვალიაურმა ჟურნალისტებისთვის დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც საკუთარი დოკუმენტაციით მივიდა. მისი თქმით, ფინანსების ხარჯვისა და მივლინებების თანხების შესახებ მერია ყოველთვის საქმის კურსში იყო და მისი გათავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესს უკავშირდება.

გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ჟურნალისტები კომენტარისთვის საათზე მეტხანს ალოდინა, მოგვიანებით კი უარი თქვა ვალიაურის ბრალდებათა კომენტირებაზე. მისმა პრესმდივანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ქალაქის მერი წერილობით გაავრცელებს საკუთარ პასუხს, თუმცა გუშინ ადგილობრივ ტელევიზიასთან გაკეთებულ კომენტარში ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ ვალიაურის გათავისუფლებაში პოლიტიკური მოტივი გამორიცხული იყო და ეს მხოლოდ ფინანსურ დარღვევებს უკავშირდებოდა. მერიას აუდიტის დასკვნა ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.

კომენტარზე უარს აცხადებს მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილიც. გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ეს ვალიაურის ბრიფინგმაც ცხადყო. იგი არც მალავს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ გავლენების მოსაპოვებლად იბრძვის, თანამდებობებზე პარტიულ აქტივისტებს აწინაურებს და ამას სხვა პარტიებთან კონფლიქტით აკეთებს. ლექსო ვალიაური სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. იგი იურიდიული დახმარებისთვის სახალხო დამცველს და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართავს და ქალაქის მერს ჯერ სასამართლო პროცესის მოგებით, შემდეგ კი კარიერის დასრულებით ემუქრება.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლექსო ვალიაური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად 3 წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქალაქში არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და მისი ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ გორის კულტურული ცხოვრება გამოცოცხლდა თეატრალური და მუსიკალური ფესტივალებით. გარდა ამისა, ვალიაურის ინიციატივით შეიქმნა ახალგაზრდა ლიდერთა ქსელი, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. მოგვიანებით ეს ახალგაზრდები ქალაქში სტალინის ქუჩის გადარქმევისა და მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდნენ. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი დირექტორი უკვე დაინიშნა - ვლადიმერ შუღლიაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია.

XS
SM
MD
LG