Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვპირდება დამისამართების პროექტი


თბილისში მიმდინარე დამისამართების პროექტის მიუხედავად, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია აცხადებს, რომ დედაქალაქში დამისამართების საკითხი კვლავაც მოუგვარებელია. პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ერთი მილიონი დოლარით დააფინანსა, გასული წლის ბოლოს დაიწყო და ის მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორ მიმდინარეობს პროექტი და შეასრულებს თუ არა დაკისრებულ მისიას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?

ერთ-ერთი მისია, რომლის შესრულებაც დამისამართების პროექტმა ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისშივე მიზნად დაისახა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო. თუმცა ჰქონდა მას სხვა მისიაც - შეიძლება ითქვას, უფრო პირდაპირი. პროექტის პრეზენტაციისას, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში შედგა, მაგალითად, თბილისის მერმა გიგი უგულავამ თქვა, რომ გამართული სამისამართო სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა და გააადვილებდა როგორც ქალაქგეგმარებას, ასევე შენობის, ქუჩის მიგნებას, ქონების რეგისტრაციას, საფოსტო გზავნილის მიღებას და ა.შ. თუმცა ყურადსაღებ გზავნილად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მაინც საარჩევნო გარემო და დამისამართების მოწესრიგებით ამ გარემოს გაუმჯობესება იქცა:

”ჩვენთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მნიშვნელოვანია შევქმნათ კარგი საარჩევნო გარემო, რომელსაც წინაპირობად ზუსტი აღრიცხვიანობა სჭირდება. და ეს პრობლემა მეტწილად სწორედ დამისამართების პრობლემის მოგვარებით იქნება გადაჭრილი”, - ამბობს გიგი უგულავა.

ხოშარაულის 27 ნომერში, დაახლოებით 250-300 მეტრიან ქუჩაზე, დგას კერძო სახლები და ყველა ამ კერძო სახლის ოფიციალური მისამართია ხოშარაულის 27. ამ ერთ მისამართზე 136 ადამიანია რეგისტრირებული ...
მამუკა კაციტაძე
დამისამართების პროექტის პრეზენტაციას მაშინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ბასიც დაესწრო და დამისამართების პირდაპირ დანიშნულებად ამომრჩეველთა სიის ხარისხის გაუმჯობესება დაასახელა:

”ეს არის მიმდინარე აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი, რომ ამ ქვეყნის ხალხს დავეხმაროთ შექმნას საუკეთესო, გამჭვირვალე, სამართლიანი საარჩევნო გარემო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.”

მიუხედავად იმისა, რომ დამისამართების პროექტის ფარგლებში თბილისის მერიამ ვალდებულება აიღო 2012 წლის ივნისის ბოლომდე, უწყვეტ რეჟიმში, ყველა მისამართი სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს, უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთი პროექტის, ”კარდაკარის” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სიის დაზუსტებას, აღმოჩნდა, რომ დამისამართების საკითხი კვლავაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო სიების დაზუსტებაზე მომუშავე რეგისტრატორებისთვის.
”ისევ ვხვდებით საერთო მისამართებს, რომლებზეც რამდენიმე სახლი და მცხოვრებია მიმაგრებული”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე და ერთ კონკრეტულ მაგალითზე ჩერდება:

”ხოშარაულის 27 ნომერში, დაახლოებით 250-300 მეტრიან ქუჩაზე, დგას კერძო სახლები და ყველა ამ კერძო სახლის ოფიციალური მისამართია ხოშარაულის 27. ამ ერთ მისამართზე 136 ადამიანია რეგისტრირებული.”

მასალები უნდა გადაიგზავნოს მუნიციპალიტეტში და საკრებულომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ცვლილება. შემდეგ ეს ინფორმაცია ბრუნდება სამოქალაქო რეესტრში ...
ხათუნა ხვიჩია
როგორ მიმდინარეობს დამისამართების პროცესი და პროექტი, რომელიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ერთი მილიონი დოლარით დააფინანსა? როგორც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი განგვიმარტავს, დამისამართების პროექტი აქტიურ ფაზაშია შესული და უკვე დასრულებულია ძველი თბილისის, გლდანი–ნაძალადევის, ისან-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონების ინვენტარიზაცია. საჯარო რეესტრის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას ახდენს. ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოსთვის დედაქალაქში დამისამართება დასრულდება:

”ჩვენ დავიწყეთ გადანომვრის სამუშაოები. მიმდინარეობს ყველა ქონების დადგენა და მათთვის ნუმერაციის მინიჭება, რომ შემდგომ ყველას თავისი ინდივიდუალური მისამართი ჰქონდეს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, დაახლოებით 500-მდე ე.წ. იტალიური ეზო გადავნომრეთ და ეს სამუშაოები კვლავაც გრძელდება.”

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის და მმართველობის ოფისის პროექტების მენეჯერი ხათუნა ხვიჩია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის ე.წ. პრობლემური მისამართები, რომელთა შესახებაც სიების დაზუსტების კომისიის წარმომადგენლები საუბრობენ, ჯერჯერობით არ შესწორებულა, თუმცა მათ შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია და თითოეული მისამართი ივნისის ბოლომდე დაზუსტდება:

”უნდა მომზადდეს სპეციალური დოკუმენტაცია, მასალები უნდა გადაიგზავნოს მუნიციპალიტეტში და საკრებულომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ცვლილება. შემდეგ ეს ინფორმაცია ბრუნდება სამოქალაქო რეესტრში, რომელიც შესწორებულ მისამართებს სიების დაზუსტების კომისიას გადასცემს.”

იმისათვის, რომ ახლად დამისამართებულ მოქალაქეებს არჩევნების დღეს პრობლემები არ შეექმნათ, ხათუნა ხვიჩიას თქმით, საარჩევნო სიებში ჩაისმება სპციალური გრაფა, სადაც მითითებული იქნება მოქალაქის როგორც ძველი, ასევე ახალი მისამართი.
XS
SM
MD
LG