Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა დასახლებებში დაიწყო კოტეჯების ჩამტვრეული იატაკების აღდგენა


ერთ–ერთი კოტეჯის იატაკი
ერთ–ერთი კოტეჯის იატაკი

კარალეთის, ხურვალეთის, სკრისა და თელიანის დევნილთა დასახლებებში არსებული კოტეჯების ნაწილში დიდი ხანია იატაკი ჩამტვრეულია. იძულებით გადაადგილებული პირები ყველა ოთახს საცხოვრებლად ვერ იყენებენ. დევნილებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს და იატაკების აღდგენა მოითხოვეს, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება გაჭიანურდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, დაზიანებულ კოტეჯებში იატაკის აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს დასახლებები ნაჩქარევად აშენდა. კოტეჯების კედლები და იატაკი ისევ სველი იყო, როცა იქ დევნილები შეასახლეს. წინა ხელისუფლებამ სარემონტო სამუშაოები რამდენჯერმე ჩაატარა, მაგრამ ნესტიანი იატაკის დაშლა ვერ შეაჩერა. ჩამტვრეული ხის მასალისგან კოტეჯების გაწმენდა თვითონ დევნილებმა დაიწყეს და უიატაკო ოთახებს საცხოვრებლად ვეღარ იყენებდნენ. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლეილა მეტრეველი ამბობს, რომ საძინებელი ოთახის იატაკი დიდი ხნის წინ ჩაინგრა, ამიტომ მთელმა ოჯახმა საძინებელი მისაღებ ოთახში მოაწყო.

კოტეჯებში ჩამტვრეული იატაკების აღდგენით სამუშაოებს კომპანია „თიდა“ აწარმოებს. სამუშაოებისთვის 400 ათასამდე ლარია გამოყოფილი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, დარღვევები ჯერ კიდევ კოტეჯების მშენებლობისას იყო და ახლა ამ ხარვეზების გამოსწორება უწევთ.

კარალეთის დევნილთა დასახლება თავიდანვე ჭაობიან ადგილზე გაშენდა. მიუხედავად იმისა, რომ დასახლებას წყალსაწურები გაუკეთდა და ხრეშიც დაიყარა, აქ ნესტი მაინც არ ილევა. სამუშაოები დევნილთა რამდენიმე დასახლებაში ჩატარდება და, ჯამში, 215 კოტეჯი შეკეთდება. გადაწყვეტილია, რომ ოთახები ბალასტით ამოივსოს, დაბეტონდეს და შემდეგ ლამინატი დაიგოს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამაზ გვიმრაძის განცხადებით, მხოლოდ კარალეთის დევნილთა დასახლებაში 84 კოტეჯი შეკეთდება.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კოტეჯებში ჩამტვრეული იატაკების აღდგენა ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება.

XS
SM
MD
LG