Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული კინოს ფესტივალი თბილისში


თბილისში გაიხსნა რუსული კინოს ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები არიან ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და საპროდიუსერო ცენტრი „კინოპროცესი“. ეს ფესტივალი კინოთეატრ “რუსთაველში” უკვე მესამედ ტარდება, თუმცა წლევანდელი ფესტივალის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულია - თბილისს მოსკოველ კინემატოგრაფისტთა დიდი დელეგაცია ეწვია.

რუსული კინოს ფესტივალს იმით ვერ ავხსნით, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. რუსული კინოს ფესტივალი საქართველოში ზედიზედ მესამედ ტარდება. გახსნის წინ საინფორმაციო საგენტო „ინფო 9“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი ბაზღაძემ აღნიშნა, რომ ფესტივალი „სიცარიელის შესავსებად“ ტარდება - ქართველი მაყურებელი ნაკლებად იცნობს რუსულ კინოსო.

ქართველი მაყურებელი ნაკლებად იცნობს არა მარტო რუსულ, არამედ სხვა მეზობლების კინოსაც - არ იცის, რა ხდება დღეს აზერბაიჯანულ, სომხურ კინოში. რაც მთავარია, ქართველი მაყურებელი ნაკლებად იცნობს კიდევ ერთი მეზობლის კინოს, რომელიც დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვებებით ხასიათდება და რომლის აღმავლობაზე მსოფლიოში ბევრს ლაპარაკობენ - თურქულ კინოს. სამაგიეროდ, ზედიზედ მესამედ რუსულ კინოს გვაცნობენ. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, ამჯერად ყურადღება ახალგაზრდებზე გადაიტანეს.

ფესტივალის პროგრამა რომ ვნახოთ, მართლაც ასეა. მაგალითად, წინა ფესტივალზე თბილისში ალექსანდრე პროშკინი მოიწვიეს - საშუალოზე საშუალო რეჟისორი, რომლის ფილმის, ”სასწაულის” ნახვის შემდეგ შეიძლება იფიქროთ, რომ რუსეთის კინოსტუდიები რუსეთის საპატრიარქოს ფილიალად იქცა.

ამჯერად თბილისის ფესტივალზე პროშკინი-უმცროსი - ანდრეი პროშკინი - იყო წარმოდგენილი. ფესტივალი გაიხსნა მისი ფილმით ”ურდო”. პირადად მე ეს სურათი საბჭოთა - იმ დროს პოპულარულ სიტყვას თუ გავიხსენებთ - ”კინოკოლოსებს”, პირველ რიგში კი, ბონდარჩუკის და ოზეროვის ფილმებს მაგონებს. უბრალოდ, შეიცვალა თემა: უწინ იყო საბჭოთა პატრიოტიზმი, ახლა გვაქვს მართლმადიდებლობა, რომლის დასაცავად მთელი რუსი ერია შემართული. თავად ანდრეი პროშკინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:
“მე გადავიღე მართლმადიდებლური, რელიგიური, მაგრამ არა ეკლესიური და არა პროპაგანდისტული ფილმი”.

ჩემთვის, როგორც კინომცოდნისთვის, სრულიად გაუგებარია რას ნიშნავს ”მართლმადიდებლური ფილმი”. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რუსეთსა და საქართველოში (კერძოდ კი, ბათუმში) ”მართლმადიდებლური ფილმების” ფესტივალი იმართება, ვერ ვხვდები, რა არის ეს: ჟანრია? ფორმითაა მართლმადიდებლური თუ შინაარსით (ხომ გახსოვთ სტალინური თეზა: “ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტური)?

არსებითად ეს “ურდო”, რომელსაც რეკლამა არ მოაკლეს ფესტივალის ორგანიზატორებმა და ქართულმა მედიამ, დაახლოებით ისეთივე პროვოკაციად შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც “მუსლიმთა უმანკოება”. მონღოლები სურათში - ბოროტი მონღოლები, რომლებიც რუს მართლმადიდებლებს ტაძრებს არ აშენებინებენ - თანამედროვე თათრული ენის მსგავს ენაზე საუბრობენ. ამის გამო ფილმის პრემიერას ოფიციალურმა ყაზანმა პროტესტით უპასუხა. ნაციონალური და რელიგიური უმცირესობის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ “ურდო” ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სურათის ავტორს კონსულტაციას უწევდა რუსეთის საპატრიარქო და პირადად რუსეთის პატრიარქი. ამ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ სურათში ურდო იმდენად კარიკატურულადაა დახატული, რომ სტალინური ეპოქის ყველაზე პრიმიტიული ფილმები შეიძლება გაგახსენდეთ. უბრალოდ, ყველაფერი ეს შეფუთულია ძვირად ღირებული ბლოკბასტერის ფორმებში, აზრი კი იგივეა, რაც ბოლო დროს პუტინის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ სხვა ფილმებში იყო ჩადებული: რუსეთი საფრთხის წინაშეა - მართლმადიდებლობას უჯიშოები უტევენ.

სხვათა შორის, ალექსანდრ სოკუროვმაც კი, რეჟისორმა, რომელიც რუსული საავტორო კინოს ლიდერად ითვლება, თავისი სურათი “ალექსანდრა”, რომელიც ჩეჩნეთის ომს მიუძღვნა, დაასრულა ტიტრით, რომელშიც მადლობა გადაუხადა რუსეთის უშიშროების სამსახურს და პირადად პუტინს გაწეული დახმარებისთვის. ეს ტიტრი სოკუროვს ფილმის დასაწყისში რომ ჩაერთო, “ალექსანდრას” ბუნდოვანი ენა და ორაზროვნება არ იქნებოდა ამდენად ძნელი გასაგები - თავიდანვე ცხადი გახდებოდა, რომ რუსული საავტორო კინოს ნომერი პირველი რეჟისორი ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კინოს საზღვრებში მოექცა.

რუსული ფილმების ფესტივალზე ალექსეი ბალაბანოვის ფილმებიც უჩვენეს. გაგახსენებთ, რომ ბალაბანოვი არის ავტორი ფილმისა ”ძმა-2” - ერთ-ერთი ყველაზე შოვინისტური ფილმისა რუსული კინოს ისტორიაში, ფილმისა, რომელიც ვითომდა არასრულფასოვნების კომპლექსისგან რუსული საზოგადოების “განკურნებას” ასახავს... როგორც მოსალოდნელი იყო, ბალაბანოვის “პატრიოტიზმი” რუსული კინოსთვის მოდურ მისტიციზმსა და “ეზოტერიკაში” გადაიზარდა. ბალაბანოვის ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ ვენეციის კინოფესტივალზე სტვენა ატყდა. თვით რუსული პრესა იუწყება, რომ კრიტიკოსებმა აქ დასცინეს რეჟისორს, რომელიც ერთმანეთს უპირისპირებს მეცნიერებას და რელიგიას - ატომური სადგურისა და “ბედნიერების სამრეკლოს” სახით.

რუსულ კინოში,საბედნიეროდ, არიან რეჟისორები, რომლებიც ცდილობენ დაძლიონ საბჭოთა მემკვიდრეობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძვრებია რუსულ დოკუმენტურ კინოში, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პაველ კოსტომაროვი, თბილისს სტუმრობდა და შეხვედრაც გამართა კინემატოგრაფისტებთან. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რეჟისორების რიცხვი მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომაცაა, რომ ბოლო დროს რუსულ ფილმებს დიდი საერთაშორისო ფესტივალების კონკურსებში ვეღარ ვხედავთ. კინოსამყარო ეჭვის თვალით უყურებს ნაციონალიზმისა და ობსკურანტიზმის მოზღვავებას რუსულ კინოში. დასავლეთისთვის ასეთი კინოს არცოდნა არაა “სიცარიელე”, ქართველებისთვის კი, როგორც ჩანს, ცარიელი ადგილია, რომელიც რუსული კინოს მესამე ფესტივალმა შეავსო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG