Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საბანკო სექტორში იზრდება ჩინური კაპიტალი


მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ორი მსხვილი ბანკი ერთმანეთს შეერწყმება. ფრანგული ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოში თავისი ფილიალის, ბანკ „რესპუბლიკის“, საკონტროლო პაკეტის გაყიდვის თაობაზე. როგორც ფრანგული ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ "ჰუალინგ ჯგუფსა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში თავის ფილიალში - ბანკ „რესპუბლიკაში“ - აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.

ამ გადაწყვეტილებით, ჩინური ბიზნესის წარმომადგენლობა საქართველოში იზრდება: „ჰუალინგ ჯგუფი“ მსხვილი კერძო კონგლომერატია, რომელიც ჩინეთის ხინჯიანგის რეგიონში მდებარეობს. ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია და ძირითადად ისეთ სფეროებში მოღვაწეობს, როგორიცაა
მშენებლობა, სავაჭრო ცენტრების მართვა და გაქირავება, საბითუმო ბაზრები, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სასაქონლო მეურნეობა, ხორცის დამუშავება და ა.შ. იგი ფლობს ასევე ერთ-ერთ ბანკს, „ბაზისბანკს“,
საქართველოში. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ორი ბანკის გაერთიანებას ნიშნავს.

დღეისთვის საქართველოში 19 ლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტია. მათ შორისაა ბანკი „რესპუბლიკა“, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ბაზისბანკი“, „ვითიბი ბანკი“, ბანკი „ქართუ“, „პროკრედიტ ბანკი“, „სილქ როუდ ბანკი“, „კაპიტალ ბანკი“, აზერბაიჯანის „საერთაშორისო ბანკი საქართველო“, „ზირაათ ბანკი“, „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“, „იშ ბანკი-საქართველო“, „პროგრეს ბანკი“, „ტერაბანკი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „პაშა ბანკი საქართველო“, „ფინკა ბანკი საქართველო“.

ითვლება, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სფეროა საქართველოში. ამ სფერომ მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გადაიტანა 2007 წლის მსოფლიო კრიზისისა და 2008 წლის ომის შედეგები, ასევე ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისის ნიშნები.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მაისში საქართველოს ბანკებში ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 4.46 მლრდ ლარია.

2016 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 14.83 მლრდ ლარს გაუტოლდა, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა კი 2.34 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 7.3 პროცენტი იყო. მაისის ბოლოსთვის საკრედიტო პორტფელის 79.5 პროცენტი მოდიოდა გრძელვადიან სესხებზე, რომლის 69.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული, მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.9 პროცენტს შეადგენდა.

ორი ბანკის გაერთიანებით საქართველოში ახალი, უფრო ძლიერი, მოთამაშე იქმნება და იზრდება ჩინური კაპიტალის წარმომადგენლობა ამ სფეროში. აისახება თუ არა ეს გადაწყვეტილება და, თუ აისახება, რა ფორმით თავად საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციებსა და საბანკო სექტორის მიერ დაკრედიტების ზრდაზე, ეს გადაწყვეტილების გაფორმებისა და ძალაში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG