Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მძღოლებმა გამომძალველი პოლიციელებისგან თავდაცვის საშუალებას მიაგნეს


ვიდეოკამერებმა, რომლებიც მანქანის ხელსაწყოების დაფაზე მაგრდება, ფართო გამოყენება პოვა რუსეთში, როგორც კორუმპირებული პოლიციელებისა და გამომძალველებისგან თავდაცვის საშუალებამ. ასეთი ვიდეორეგისტრატორებით გადაღებული განსაცვიფრებელი კადრები კი ხშირად ხვდება რუსულ ინტერნეტსივრცეში. ამის თაობაზე სიუჟეტი ჩვენი რადიოს მოსკოველმა კორესპონდენტმა ტომ ბალმფორტმა მოამზადა.

ჯიპს მოულოდნელად მეხი დაეცემა. მოხუცი ქალი მანქანას ჩაუვლის და კაწრავს მას. სატვირთო მანქანის მძღოლი, მეორე სატვირთოს შეჯახების შედეგად, საქარე შუშას თავით გაიტანს და ფეხზე დგება სრულიად საღ-სალამათი.

რუსულ ვებსაიტებზე მრავლად შეხვდებით ასეთი შოკისმომგვრელი ავარიებისა თუ მძღოლებს შორის გაჩაღებული ხელჩართული ჩხუბის კადრებს, რომლებიც ავტომანქანებში ჩატვირთული ვიდეოკამერების უცნაური „მეორადი პროდუქტია“. ასეთი ვიდეორეგისტრატორები იღებენ და იწერენ თითქმის ყველაფერს, რაც რეალურ დროში ხდება მანქანის გარშემო, რაც არის კიდეც მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსეთში ფართო გავრცელებას პოულობს მანქანის ხელსაწყოთა დაფაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები. თუმცა სკანდალური კადრების გადაღება შემთხვევითობის ბრალია, მაშინ როცა მძღოლების განზრახვა ისაა, რომ ვიდეორეგისტრატორებით თავი დაიცვან სხვადასხვა ჯურის გამომძალველებისა თუ კორუმპირებული ავტოინსპექტორებისგან.

ალექსეი დოზოროვი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაცია „ლურჯი ვედროების ასოციაციის“ აქტივისტია, ასეთი ვიდეორეგისტრატორის გარეშე მანქანაში ჩაჯდომას არც კი ურჩევს მძღოლებს:

„მანქანაში შეიძლება ჩაჯდე უშარვლოდ, მაგრამ ვიდეორეგისტრატორის გარეშე მანქანაში ჩაჯდომა, უბრალოდ, არ შეიძლება. მე ყველას ვეუბნები: ბიჭებო, აუცილებლად დააყენეთ ვიდეორეგისტრატორები. ისინი დანახარჯს ბევრად უფრო მეტად გიზღავენ. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ რომ მოხდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ანდა დაგადანაშაულონ საგზაო წესების უხეშ დარღვევაში, ამას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს მართვის უფლების ჩამორთმევა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, დააყენეთ ვიდეორეგისტრატორები და მხოლოდ ამ ვიდეორეგისტრატორების საშუალებით დაამყარეთ ურთიერთობა ავტოინსპექტორებთან. და იგი დანახარჯს აგინაზღაურებთ. ანუ ჩვენს რეალობაში ეს, უბრალოდ, ძალიან საჭირო საგანია“.
მე დამადანაშაულეს, რომ წითელ შუქზე გავიარე. საკმარისი იყო მეთქვა, არ გეკამათებით, მოდით, ვნახოთ ვიდეორეგისტრატორი-მეთქი, რომ ავტოინსპექტორმა არც კი შეხედა ვიდეორეგისტრატორს და, ალბათ, მე შევცდი, მიბრძანდითო, მითხრა...
ალექსეი დოზოროვი


დოზოროვს აქვს ყველა საბაბი იმისათვის, რომ მადლობა გადაუხადოს თავისი მანქანის ვიდეორეგისტრატორს 6 000 რუბლის (191 დოლარის) დაზოგვისათვის. ცოტა ხნის წინ მანქანის ხელსაწყოების დაფაზე დამაგრებული ვიდეოკამერა დაეხმარა რუს აქტივისტს თავიდან აეცილებინა დიდი ოდენობის ჯარიმა საგზაო წესების მოძრაობის დარღვევისათვის, როდესაც ავტოინსპექტორმა იგი ქალაქში გააჩერა:

„მე დამადანაშაულეს, რომ წითელ შუქზე გავიარე. საკმარისი იყო მეთქვა, არ გეკამათებით, მოდით, ვნახოთ ვიდეორეგისტრატორი-მეთქი, რომ ავტოინსპექტორმა არც კი შეხედა ვიდეორეგისტრატორს და, ალბათ, მე შევცდი, მიბრძანდითო, მითხრა“.

ალექსეი დოზოროვს იმდენად უყვარს ვიდეორეგისტრატორი, რომ მან მეორე კამერაც კი შეიძინა: ერთი მანქანისათვის, მეორე კი სკუტერისთვის. ამ უკანასკნელმა მას დივიდენდი გასულ ზაფხულს მოუტანა, როდესაც მოსკოვის სადოვაია კოლცოზე ავარიაში მოყვა. თავდაპირველად დოზოროვს ეგონა, რომ თავად იყო ავარიის მიზეზი, რის გამოც მას 30 ათასი რუბლის (995 დოლარის) გადახდა მოუწევდა დაზიანებული მანქანის მფლობელისათვის, მაგრამ მის სკუტერზე ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებულმა ვიდეომ აჩვენა, რომ დამნაშავე იყო მეორე მანქანის მძღოლი, რის გამოც დოზოროვმა მიიღო საკომპენსაციო 33 ათასი რუბლი (1049 დოლარი).

გარდა ამისა, ვიდეორეგისტრატორებს ფასდაუდებელი დახმარება შეუძლიათ გაუწიონ იმ მძღოლებს, რომლებსაც გამომძალველების დაგებულ ხაფანგში ელოდებათ ჩავარდნა. რუსეთის გზებზე მოძრაობენ კარგად ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფები, რომლებიც ხელოვნურად ქმნიან საავარიო ვითარებას და მძღოლებს საკმაოდ ბევრ ფულს სძალავენ. არსებობს ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული ძალიან პოპულარული ვიდეო, რომელიც „იუტუბზეა“ გამოქვეყნებული. მასში ნათლად ჩანს, თუ ერთ-ერთი პოტენციური გამომძალველი როგორ უჭრის მანქანით გზას მეორე მძღოლს, შემდეგ მკვეთრად ამუხრუჭებს მანქანას და, როგორც დაზარალებული, აგრესიულად ითხოვს ფულის გადახდას უდანაშაულო მძღოლისაგან. „დამნაშავე“ მძღოლს ვიდეორეგისტრატორი რომ არ ჰქონოდა, ალბათ, ვერ გადაურჩებოდა ფულის გადახდას გამომძალველისათვის, რომელმაც, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მისი უკანონო ქმედება კამერაზე იყო გადაღებული, სასწრაფოდ დატოვა შემთხვევის ადგილი პოლიციის მოსვლამდე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG