2009-2010 წლებში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა ამ ორგანიზაციის 34 წევრი ქვეყნისა და 47 პარტნიორი ქვეყნის გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანი იყო, დაედგინა საშუალო სკოლებში განათლების დონე სამი მაჩვენებლის მიხედვით: მათემატიკური უნარები, მეცნიერების ცოდნის დონე და წაკითხულის გააზრება. ტესტირება ჩაუტარეს თითოეული ქვეყნიდან შემთხვევით შერჩეულ 15 წლის მოსწავლეებს. შემთხვევითი შერჩევის მეთოდმა შესაძლებელი გახადა მიღებული შედეგების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადება.
15 წლის მოსწავლეები ქართული სისტემით არიან მე-10 კლასელები და მათი გამოკითხვა საშუალო სკოლის მოსწავლეების ზოგადი დონის დასადგენად შესანიშნავ სურათს გვაძლევს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 74 ქვეყნიდან და ტერიტორიდიან ქართველი მეათეკლასელები მათემატიკაში 65-ე, მეცნიერებაში 69-ე და წაკითხულის გააზრებაში 67-ე ადგილებს იკავებენ.
ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ ყველა გამოკითხული ქვეყნისა და ტერიტორიის მონაცემები. საქართველოს მონაცემების ინტერპრეტირებისთვის გამოგადგებათ ის ინფორმაციაც, რომ მათემატიკაში გამოკითხული ქვეყნების საშუალო ქულა იყო 458, მეცნიერებაში - 463 და წაკითხულის გააზრებაში - 455.
ქართველმა მოსწავლეებმა ყველა ამ მონაცემით საშუალოზე გაცილებით დაბალი ქულები დააგროვეს.
ამავე დროს შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ამგვარი შედარება ცოტა უსამართლოა, ვინაიდან ზემოთჩამოთვლილი ქვეყნები ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფებიან. იმისათვის, რომ სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონე გავაკონტროლოთ, საჭიროა ავიღოთ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მსგავს ეკონომოკური განვითარების დონეზე არიან.
ეკონომიკური განვითარების დონე იზომება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაყოფით. მაგალითად, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი გაცილებით მეტია, ვიდრე ჰოლანდიის, მაგრამ ამ მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე თუ ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ ჰოლანდია გაცილებით უფრო მეტად განვითარებულია.
საშუალო სკოლის 15 წლის მოსწავლეების გამოკითხვა 2009-2010 წლებში ჩატარდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 5480 დოლარი. სასკოლო გამოკითხვის სიიდან ჩვენ უნდა ავიღოთ ქვეყანა, რომელიც დაახლოებით მსგავს ეკონომიკური განვითარების დონეზეა და ამასთან, ჩვენს რეგიონს მიეკუთვნება. სიიდან ასეთი ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყანა მოლდავეთი გამოდის. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოლდავეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2009 წელს საქართველოსაზე ნაკლები იყო, ანუ მოლდავეთი საქართველოზე ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულია.
როგორც აღმოჩნდა, ქართველი მოსწავლეების მაჩვენებლები სამივე პარამეტრით, მცირედით, მაგრამ მოლდაველი მოსწავლეებისაც მაინც ჩამორჩება. გამოდის, რომ რეგიონის დონეზე ჩვენზე ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყანასაც კი ჩამოვრჩებით, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებზე - მაგალითად, რუსეთზე, ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე.
ამ ბლოგის ჩანაწერით, მინდა გავიაზროთ, თუ სად ვიმყოფებით და რამდენად მძიმეა მდგომარეობა. ცხადია, აქედან ერთადერთი გამოსავალი არის საშუალო განათლების დაფინანსების დრამატულად გაზრდა და მასწავლებლების მასობრივი გადამზადება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მთლიანად მეთოდისა და მიდგომის შეცვლა: აქცენტი უნდა გადავიდეს ლოგიკურ აზროვნებაზე, ტექსტის გააზრების უნარსა და მეცნიერული ცოდნის შეძენაზე. დღევანდელი ქართული საშუალო სკოლები, სამწუხაროდ, ვერც ერთ ამ პარამეტრში ვერ უზრუნველყოფებენ მოსწავლეების განვითარებას. ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოს განათლების სისტემას ვერაფერი ეშველება. ამისათვის კი პირველ რიგში პოლიტიკური ნება და ცოტაოდენი გამბედაობა არის საჭირო.