Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონობის სურვილი და “ჯანგო”


კინოში წასასვლელად ვემზადებოდი, როცა ტელევიზორში ირაკლი პეტრიაშვილს მოვკარი თვალი - გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერს. შრომის კოდექსის ცვლილებაზე საუბრობდა. “შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებით დღეს გაუქმდა მონობა საქართველოშიო”. მოგვიანებით, როცა “რუსთაველში”, უცნაურზე უცნაური დონ-კიხოტისა და სანჩო პანსას, “ნიგერისა” და “ჭეშმარიტი არიელის”, ჯანგოსა და ექიმ შულცის თავგადასავალს ვადევნებდი თვალს, სულ ეს სიტყვები მახსენდებოდა:

“დღეს გაუქმდა მონობა საქართველოში!”

ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ. თუ არ ვცდები, 2002 წელი იყო - “ფსიქოში” კენ ლოუჩის ფილმის, “პური და ვარდების” ჩვენების შემდეგ მე, სალომე ასათიანი და ლაშა ბაქრაძე დაგვპატიჟა საქართველოს პროფკავშირების ყრილობაზე. დელისში, პროფკავშირების ყოფილ სასახლეში ჩატარდა ყრილობა - ნესტის სუნიან, დანგრეულ და გაყინულ დარბაზში. გამოვიდა ირაკლი და თავისი სიტყვა ასე დაიწყო “მოგესალმებით ძმებო და დებო!”

ასეთი მისალმება სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში, საბჭოთა ჯკავშირის დაშლის შემდეგ ადამიანთა თავყრილობა ასე დაიწყებოდა. თუმცა მოგვიანებით ეს მიმართვა, “დებო და ძმებო”, მაინც ვერ დამკვიდრდა. საქართველოში ვერც პროფკავშირები და ვერც მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკოსები (პრინციპში ასეთები არც გვყავდა) ვერ დაუპირისპირდნენ ხელისუფლების ქედმაღლურ კურსს და მის მიერ შექმნილ ახალ ვერტიკალებს.

მონობა საქართველოში არ გაუქმებულა!

და, საეჭვოა, ახალი შრომის კოდექსი საკმარისი აღმოჩნდეს მის გასაუქმებლად. მონობა ხომ ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური მდგომარეობაცაა, ადამიანის სურვილიცაა ვიღაცას დაექვემდებაროს... როცა მონობას ებრძვი და თან, მაგალითად, აცხადებ, ევროპასთან ურთიერთობის გზა რუსეთზე გადისო, როცა მონობას ებრძვი და მზად ხარ დაუჩოქო და ხელი უკოცნო “ბრძენთაბრძენს” ოქრო-ვერცხლითა და ჭაღებით მორთულ სასახლეში, ძალაუნებურად ამკვიდრებ სხვა სახის მონობას, რომელსაც, სხვათა შორის, ვერანაირი “კოდექსი” ვეღარ უშველის.

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში სემუელ ჯექსონის მიერ შესრულებული “ანტი ბიძია თომა”, შავკანიანი, რომელიც რასიზმს იცავს, რასისტი-კოლაბორაციონისტი, ამ მხრივ ყველაზე “საცნობი” სახე უნდა ყოფილო კინოთეატრში, სადაც “განთავისუფლებულ ჯანგოს” ვუყურე.

დიახ. სწორედ ასე - “განთავისუფლებული ჯანგო” და არა, უბრალოდ “ჯანგო”. რადგან ტარანტინოს ფილმი არაა “შავ კოვბოიზე”, რომელიც შავკანიანთა განთავისუფლებისთვის იბრძვის (გახსოვთ, ალბათ, “ჩინგაჩგუკი - დიდი გველი”, კომუნისტურ გერმანიაში გადაღებული კვაზივესტერნი გოიკო მიტიჩით მთავარ როლში). ჯანგო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი სიყვარულის, “დრაკონის სასახლეში დატყვევებული პრინცესის” განთავისუფლებისთვის იბრძვის. იგი ხედავს, როგორ შეეგუენ სხვები მონობას და არა თუ არაფერს აკეთებს მათ გასათავისუფლებლად, არამედ ყველაზე სასტიკად უსწორდება სემუელ ჯექსონის გმირს, “ძალიან შავ მსახურს ძალიან თეთრი თვალებით, რადგანაც უმაღლესი ბოროტება ჯანგოსთვის სწორედ ღალატი და ბოროტების სამსახურია.

თუკი ტარანტინოს ფილმი არ გინახავთ, ეს სიტყვები - “კეთილი” და “ბოროტი” - უცხოდ შეიძლება მოგეჩვენოთ. ვინ ვინ და სწორედ ტარანტინო იღებდა ფილმებს ადამიანებზე, რომლებმაც უბრალოდ არ იცოდნენ რა არის “კეთილი” და “ბოროტი”. უმოწყალოდ ხოცავდნენ ერთმანეთს, იღვრებოდა ბევრი სისხლი, რასაც თავად ტარანტინო ძალადობის “ბუტაფორიად” გადაქცევის ვნებით ხსნიდა - ეს ჰიპერძალადობა, უტრირება, გაზვიადება ხომ ბოლოს უღებს იმას, რისი უტრირებაც ხდება, სასაცილოს ხდის მას.

“ნაძირლებში”, ტარანტინოს წინა ფილმში, რეჟისორი უფრო შორს წავიდა - მან ისტორიის უტრირება გადაწყვიტა და ამისთვის მეორე მსოფლიო ომის მითებს შეეჭიდა - ბეწვის ხიდზე გაიარა - ჰოლოკოსტის თემასთან თამაში ხომ საშიში იყო! თუმცა თავისი სათქმელი მაინც ღიად თქვა - ნუ დავუჯერებთ “ისტორიულ მითებს”, თორემ სულ მუდამ მითების მსხვერპლნი დავრჩებით.

უცნაურია, რომ კინოკრიტიკოსებმა კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მხოლოდ იმას გაუსვეს ხაზი, რომ ტარანტინო ამერიკელებისთვის “უხერხულ თემას”, მონობის ისტორიას შეეჭიდა და “ნაციის დაბადების” ამერიკული მითი დაანგრია (პარალელი დევიდ უორკ გრიფიტის ფილმთან არაერთხელ ჩნდება ფილმში, განსაკუთრებით “კუ-კლუქს-კლანის” ეპიზოდში, რომელიც მსოფლიო კინოს კლასიკად იქცევა ალბათ). არადა “ჯანგო” პირველ რიგში პოლიტიკური ფილმია და მერე, უბრალოდ, ისტორიული „სპაგეტივესტერნი“: მთელი ეს “იძებნება მკვდარი ან ცოცხალი” (გახსოვთ ბინ ლადენის ისტორია?), ეს სეგრეგაცია, პლანტაციაში დასაქმებული ადამიანები და მათი ექსპლუატაცია, ეს თავისებური “მესამე სამყარო” საშინლად, საშინლად თანამედროვეა, იმის შეხსენება, რომ მონობა არ გაქმრალა ჩვენს პლანეტაზე, თანაც ჰოლივუდიდან, არც ისე ადვილი იყო. არ იყო ადვილი, ამერიკელებს მშვიდად მიეღოთ ფილმი, რომელშიც ყოველ მეორე წინადადებაში ისმის სიტყვა “ნიგერი”, არ იყო ადვილი სისხლის ასეთი ფოირვერკის მოწყობა ეკრანზე იქ, სადაც სკოლებში მოწყობილ ტერორისტულ აქტებშიც კი ხშირად კინოს ადანაშაულებენ (თითქოს ბავშვები ჰოლივუდის გმირებს ბაძავდნენ).

არ იყო ადვილი “შავი კაცის” შურისძიების ასეთი ფორმით გამოხატვა.

“ჯანგოს” ფინალში, ზედამხედველის როლში თავად კვენტინ ტარანტინო ჩნდება. თუმცა დიდხანს არა. ჯანგო მას გაუსწორდება - ფილმის ავტორი აფეთქდება კადრში. ეს იქნება კვენტინ ტარანტინოს თავისებური თვითმკვლელობა, ამას უნდა მოჰყვეს სცენა, რომელსაც ლოგიკის მიხედვით “ავტორი არა ჰყავს”: ფილმის ფინალში არა თუ ემიჯნება ავტორი ისტორიას, როგორც “ნაძირლებში”, ის უკვე აღარ არსებობს ისტორიაში.

სწორედ ამის შემდეგ გაანადგურებს ჯანგო მტერს, ათავისუფლებს საცოლეს, ბრუმჰილდას და ცეცხლს უკიდებს “ბოროტების იმპერიას “, ჯოჯოხეთის სასახლეს - კენდილენდს, თავისი ბიბლიოთეკებით, სასადილო გარნიტურით, ავეჯით, ბეთჰოვენით, არფებით... აგრეთვე ადამიანთა თავის ქალებით, რომელთა განსხვავებულობაზე საუბრობდა მანამდე სასახლის მასპინძელი, ახლა უკვე მოკლული კელვინ კენდი. “ბეთჰოვენს ნუ უკრავთო” სთხოვს ამ პრეზენტაციისას ექიმი შულცი. დრო აქ აშკარად ირევა; მიუხედავად იმისა, რომ ტარანტინომ “ჯანგოში” პირველად მიმართა ხაზობრივ თხრობას, ისტორიით და დროით თამაშზე უარი მაინც ვერ თქვა. ნიბელუნგების ეპოსი, რომელიც სასაცილოდ გათამაშდა “ჯანგოში”, მომავალში ნაცისტური იდეოლოგიის დასაყრდენი გახდება და შულცი, ეს პედანტი გერმანელი ექიმი, რომელმაც ცივილიზაცია შეიტანა კოვბოების ქვეყანაში, ამ კულტურის შვილი, სიკვდილის წინ თითქოს გრძნობს ამ მომავალს!

მაგრამ “ჯანგოს” ისტორიაში (მით უმეტეს, ტარანტინოს წინა ფილმს თუ გავიხსენებთ), კაცობრიობა ამ მომავლისგანაც უნდა განთავისუფლდეს. “შავი რაინდი” ცეცხლს უკიდებს მონათმფლობელთა სასახლეს, “თეთრ კულტურას”, რომელიც საუკუნეების მანძილზე ადამიანთა მსხვერპლის ხარჯზე არსებობდა და ვითარდებოდა (კანის ფესტივალზე ჩატარებულ ლექციაში ტარანტინომ შემთხვევით არ გადაუხადა მადლობა ფრანგულ “ახალ ტალღას”, გოდარს, რომერს და განსაკუთრებით შაბროლს, რომელმაც სწორედ ასე “გაასამართლა” თავის დროზე დასავლური ცივილიზაცია)... სწორედ ეს ცივილიზაცია აგრძელებს დღეს ადამიანთა დამონებას. უბრალოდ, უფრო დახვეწილი ფორმით.

“გირჩევთ, ქვეყნის ცივილიზებული ნაწილისკენ გაემართოთ”-ეტყვის შულცი ფილმის დასაწყისში მონებს და კომპასის ნაცვლად ცისკენ მიუთითებს - პოლარული ვარსკვლავისკენ, რომელიც მათ გზის გაკვლევაში დაეხმარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არა “ცივილიზებული ნაწილისკენ”, რამდენადაც ღმერთისკენ!

ჰო, კვენტინ ტარანტინოს “მორალი” შეეპარა და სენტიმენტალური გახდა. მის ფილმში ისევ ბევრია ცინიზმი, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ის ვერ გამოხატავს ირონიული ინტონაციით - ეს ადამიანის წამებაა - გლადიატორების ბრძოლა, ძაღლების “იარაღად” გამოყენება, “კარცერი-ჭა” ჭირვეული მსახურების მოსარჯულებლად... ის სახეებია, რომელიც აუცილებლად ცრემლით აგივსებთ თვალებს. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, “ჯანგოს” ყურება სიამოვნების და ხალისის ნამდვილი ფოირვერკია.

კვენტინ ტარანტინო ამ სცენებში ვეღარ თამაშობს კეთილისა და ბოროტის მიღმა მყოფ სინეფილს, ცინიკოს პოსტმოდერნისტს და ვეღარც კინოთეატრი “რუსთაველი” ხორხოცებს ისე, როგორც ფილმის პირველ ნახევარში. ჩვენ ხომ გავიაზრეთ ეს უკვე: არაფერი ღირს თუნდაც ერთი ადამიანის წამებად - არც თავისუფლება, არც დამოუკიდებლობა, არც “ცივილიზებული ნაწილისკენ” აღებული გეზი... არაფერი გამოვა, თუკი ხანდახან ზევით არ აიხედე და პოლარული ვარსკვლავის ნათება არ შეიგრძენი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG