ამერიკული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა - ბენ ბრედლი გარდაიცვალა.
Washington Post-ის ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორი 93 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ვაშინგტონში გარდაიცვალა. ბრედლის რედაქტორობის დროს გაზეთმა ვოთერგეითის სკანდალი გააშუქა, რასაც ამერიკის ისტორიაში პირველად და აქამდე უკანასკნელად პრეზიდენტის გადადგომა მოყვა,
„65 წლის წინ, როცა ის "პოსტში" მივიდა, მან გაზეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცია, მისი მმართველობის გაზეთმა გამოაქვეყნა პენტაგონის დოკუმენტები, რითაც ვიეტნამში ამერიკის ჩართულობა დამტკიცდა, გამოიძია ვოთერგეითის საქმე, რითაც ამერიკაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ახალი ერა დაიწყო. ამით მან შეგვახსენა, რომ ჩვენი ეროვნული თავისუფლება პრესის თავისუფლებაზეა დამოკიდებული“ - ეს სიტყვა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შარშან წარმოთქვა, როცა ბენ ბრედლის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.
ბენ ბრედლი პოპულარული 70-იან წლებში გახდა, როცა "ვაშინგტონ პოსტმა" და "ნიო იორკ ტაიმსმა" ვიეტნამის ომის დროინდელი პენტაგონის დოკუმენტების გამოქვეყნება დაიწყეს, რითაც ომში ამერიკის ჩართულობა მტკიცდებოდა. მაშინ ამერიკის მთავრობა გაზეთებისთვის შეზღუდვის დაწესებას ცდილობდა, თუმცა უზენაესმა სამაართლომ გადაწყვეტილება გაზეთების სასარგებლოდ მიიღო და მათ ინფორმაციის გავრცელების საშუალება მისცა.
ბრედლისვე რედაქტორობისას გააშუქა გაზეთმა უოთერგეითის ცნობილი საქმე. ახალგაზრდა ჟურნალისტების კარლ ბერნსტეინის და ბობ ვუდვარდის მიერ დემოკრატების ოფისის გაქურდვის გაშუქებით დაწყებული ორწლიანი საგამოძიებო ჟურნალისტიკა 1974 წელს პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომით დამთავრდა. ამერიკის ისტორიაში, დღემდე ნიქსონი ერთადერთი გადამდგარი პრეზიდენტია.
უოთერგეითის ერთ-ერთი გამშუქებელი, ჟურნალისტი კარლ ბერნსტეინი, ბრედლის გარდაცვალების შემდეგ სი-ენ-ენთან საუბარში ცნობილ ჟურნალისტს ასე იხსენებს:
„ის არაჩვეულებრივი, გამორჩეული ადამიანი იყო. საოცარი სიამოვნება იყო მასთან და მისთვის მუშაობა. ამ პროფესიაში არავინ შემხვედრია, ვისაც სიმართლე ასე აღელვებდა, მისი მთელი ცხოვრება სიმართლის მსახურს მიეძღვნა, არავის ჰქონია სიმართლის ისეთი მაღალი სტანდარტები, როგოც ბრედლის.“
ბრედლის რედაქტორობის დროს გაზეთმა პულიცერის ჯილდო 17-ჯერ მიიღო, ორჯერ გაიზარდა ტირაჟი, ქვეყანის და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბიუროები გაიხსნა, მსოფლიოში პირველად გაზეთმა ომბუცმენი - შიდა კრიტიკოსი დაიქირავა და ერთ-ერთ საუკეთესო გაზეთად იქცა.
საგაზეთო პუბლიკაციების გარდა ბრედლი ორი წიგნის ავტორია. მისი „საუბრები კენედისთან“ და „კარგი ცხოვრება“ თავისი დროის ბესტსელერებად იქცა.