საქართველოს მაღალმთიანი ადგილებისგან განსხვავებით, ბალახეული ჩაის სმის კულტურა ურბანულ გარემოში სულ უფრო ნაკლებად გვხდება და იქ, სადაც ჩაის სვამენ, არჩევანი არც ისე ფართოა - უმეტესად შავ ან მწვანე ჩაის გვთავაზობენ. არადა, ბალახეულ ჩაის, გემოს გარდა, კარგი სამკურნალო თვისებაც აქვს.
ნატალია ფარცხალაძემ ბალახეულ ჩაიზე ფიქრი 2 წლის წინ დაიყო. „კონის“ შექმნის იდეა დასთან საფრანგეთში სტუმრად ჩასულს მოუვიდა და იქიდან საქართველოში არომატული ბალახის ბიოთესლები ჩამოიტანა. ელიავაზე ნაყიდი ფიცრებით მეგობრებთან ერთად პატარა სათბურიც გააკეთა. ნატალია ამბობს, რომ მანამდე მიწასა და ბალახეულ ჩაისთან შეხება არ ჰქონია. ყველაფერი 1000 ლარით და ენთუზიაზმით დაიწყო:
„ბალახეული ჩაის შესახებ ინფორმაციას დიდხანს ვეძებდი. მინდოდა მეცნიერულად და საფუძვლიანად შემესწავლა და შემდეგ გამეკეთებინა კვლევები. დავუკავშირდი ბოტანიკოსებს, ფიტოთერაპევტებს, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა. ინფორმაციას ვეძებდი ბიბლიოთეკებშიც. საქართველოში ბალახეული ჩაის სმის კულტურა ისტორიულად იყო. რაც შეეხება პროცესს, თავისთავად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჯერ ერთი, რომ ყველაფერი ახალი იყო და, როგორც წესი, როდესაც ახალ საქმეს იწყებ, გგონია, რომ გვირაბის ბოლოშიც მალე გახვალ. ახლა რომ მკითხონ, დავიწყებდი თუ არა ამ საქმეს, ალბათ, დავფიქრდებოდი, თუმცა აუცილებლად დავიწყებდი“.
იდეის განხორციელებას გარემოც უნდა უწყობდეს ხელს. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების (ENPARD) პროგრამის დახმარებით, ნატალიამ გრანტი მიიღო. „კონის“ ლეგალური სტატუსი კოოპერატივია, სადაც 5 ადამიანია გაწევრიანებული. განაწილებული აქვთ საქმეც.„კონის“ შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.
„ამაზეც დიდხანს ვიფიქრეთ და, საბოლოოდ, იქამდე მივედით, რომ ის, ვინც ჩვენი მომხმარებელია, მშვენივრად გაართმევს თავს ონლაინყიდვასაც, მით უმეტეს, რომ ეს ბევრად უფრო იაფი იქნება, ვიდრე მაღაზიაში. რამდენიმე კვირაში ჩაეშვება ვებსაიტიც, მანამდე კი facebook-ზე შეგიძლიათ გვიპოვოთ „კონა“-თი. სოციალურ ქსელშიც გვერდის გაკეთება მომხმარებლის დიდმა ინტერესმა განაპირობა. როდესაც ვებსაიტი გამოვა, იქ ონლაინგაყიდვებთან ერთად სხვადასხვა შეთავაზებებიც იქნება, „კონის“ ბალახეული ჩაის დაგემოვნება თბილისის რამდენიმე კაფეშიც არის შესაძლებელი“.
„კონის“ ოფიციალური პრეზენტაცია ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. ბაზარზე ის 12 სახეობით შემოვა. მათ შორის იქნება 9 კომპოზიცია, რომელიც ორგანიზმზე დადებით გავლენას მოახდენს და რომელიც ჰომეოპათებთან კონსულტაციის შემდეგ დამზადდა. ნატალია „კონას“ პოეზიას ადარებს, სადაც გაერთიანებულია შთაგონება, იდეა და პროტესტიც კი.
1. აღმოსავლური ზღაპარი - სითბოს კონა
აქვს მატონიზირებელი ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
2. ცია - ყვავილების ფერია - სიგრილის და სიმშვიდის კონა
აქვს ანტისტრესული მოქმედება, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
3. ზენა - დეტოქსი - სიმსუბუქის კონა
აქვს ორგანიზმის წმენდის და ტოქსინების გამოდევნის უნარი; აძლიერებს ცხიმის დაშლას და მეტაბოლიზმს.
4. ანანა-გუნდა - კონა დედა-შვილს
აძლიერებს იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას, ორგანიზმს კვებავს მიკროორგანიზმებით და მინერალებით, აძლიერებს ლაქტაციას.
5. ნაინა - ძილისპირული - სიზმრის კონა
ხელს უწყობს ნევროზის და თავის ტკივილის მოხსნას, ამშვიდებს, აქვს საძილე ეფექტი.
6. ნასადილევს / ნაბახუსევს - ნაღვინევთა შვების კონა
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უწყობს დეზინტოქსიკაციას, აძლიერებს მეტაბოლიზმს.
7. ალი და ნინო - სიყვარულის კონა ხსნის სტრესს, აქვს გამაჯანსაღებელი და მსუბუქი აღმგზნები ეფექტი, აძლიერებს ცხიმის დაშლას.
8. მფარველი ვარსკვლავი - მხნეობის კონა მთელ ოჯახს
ეფექტურია გრიპის და გაციების დროს. აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
9. მარადიული გაზაფხული - სილამაზის კონა
აღადგენს ორგანიზმის რიტმს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და მხედველობას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
10. ადილა - განთიადი
დათო თენიეშვილის შავი ჩაი.
11. კამელია მწვანეში
გურული მწვანე ჩაის კონა.
12. მთის ცვარი
მოცვის ჩაი ბახმაროს ფერდობებიდან.