Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ATACMS-ი უკრაინაში - რას შეცვლის ფრონტზე ეს რაკეტები?


გაზეთი NYT-ი წერს, რომ აშშ-მ უკრაინაში 20-მდე ATACMS-ის რაკეტა გაგზავნა
გაზეთი NYT-ი წერს, რომ აშშ-მ უკრაინაში 20-მდე ATACMS-ის რაკეტა გაგზავნა

ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გადაცემაზეც ჯერ კიდევ ორი თვის წინ ყოყმანობდა თეთრი სახლი, უკვე უკრაინაშია.

"დღეს ჩვენ განსაკუთრებულად მადლობელი ვართ შეერთებული შტატებისა. ჩვენი შეთანხმებები პრეზიდენტ ბაიდენთან სრულდება. ისინი ძალიან ზუსტად ხორციელდება, ATACMS-ის რაკეტებმა თავი გამოიჩინეს", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა დააზუსტეს, რომ 17 ოქტომბრის ღამით ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით წარმატებით განახორციელეს იერიშები ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკში განთავსებულ სამიზნეებზე და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს როგორც მოწინააღმდეგის ტექნიკას, ისე პირად შემადგენლობას.

უკრაინისათვის შორეული მოქმედების რაკეტების გადაცემას 18 ოქტომბერს ჩინეთში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვლადიმირ პუტინმა ამ ნაბიჯს ვაშინგტონის მორიგი შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ ამით აშშ მხოლოდ გაახანგრძლივებს კიევის "აგონიას".

ყველაზე უფრო სერიოზული დარტყმა მთელი ომის განმავლობაში?

თუ აქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში ყველაზე შორსმსროლელ რაკეტებად 100 კმ-ის რადიუსში მოქმედი ბრიტანული Storm Shadow ითვლებოდა, ამჟამად უკრაინას უკვე გააჩნია ბალისტიკური რაკეტები, რომლებითაც შეუძლია უკვე 160 კილომეტრის მანძილზე გაანადგუროს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტები და პირადი შემადგენლობა.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული დარტყმა მთელი სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში. თუ ყველაზე სერიოზული არა.
რუსი Z-ბლოგერი

გარდა ამისა, თუ ჰაერი-ხმელეთის ტაქტიკური რაკეტა Storm Shadow-ს გასასროლად აუცილებელია ავიაცია, ბალისტიკური ATACMS-ის რაკეტების გამშვებ დანადგარს წარმოადგენს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-ი, რომლებიც უკრაინას უკვე მრავლად აქვს შეიარაღებაში.
„ATACMS-ის რაკეტები, ეს არის არმიული ტაქტიკური, სარაკეტო სისტემა (Army Tactical Missile System), რომელიც აშშ-ის მიერ ბრძოლის ველზე კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად - სამეთაურო პუნქტების და მოწინააღმდეგის იმ აეროდრომების გასანადგურებლად გამოიყენება, რომლებზეც განლაგებულია როგორც ტაქტიკური ავიაცია (თვითმფრინავები), ისე არმიული ავიაცია, მრავალფუნქციური, დამრტყმელი შვეულმფრენების სახით. ამიტომ უკრაინული ATACMS-ების პირველი დარტყმა განხორციელდა სწორედ ბერდიანსკის მიმართულებით, სადაც ბაზირებული იყვნენ ის შვეულმფრენები, რომლებიც კონტრშეტევაზე მყოფ უკრაინის სამხედრო ძალებზე ახორციელებდნენ იერიშებს. უკრაინის პრეზიდენტი მართალია, ამ რაკეტებმა მაშინვე გაამართლეს იმედები“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს დამოუკიდებელმა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა.

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ სარეკეტო იერიშის შედეგად ოკუპანტებმა დაკარგეს 9 შვეულმფრენი, მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო სპეცტექნიკა, საჰაერო თავდაცვის გამშვები დანადგარი და საბრძოლო მასალების საწყობი.


უკრაინის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, ბერდიანსკის აეროდრომზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე.

მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყებას ბერდიანსკისა და ლუგანსკის სამხედრო აეროდრომებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია.

სამაგიეროდ სარაკეტო იერიშები დაადასტურა რამდენიმე პროსახელისუფლებო რუსმა ბლოგერმა.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული დარტყმა მთელი სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე - რედ.) განმავლობაში. თუ ყველაზე სერიოზული არა“, - დაწერა ტელეგრამის არხში Fighterbomber-მა, ერთ-ერთმა რუსმა ე.წ. Z-ბლოგერმა.

თავის მხრივ, რუსეთის სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრმა, შეისწავლა რუსულ პოზიციებზე 17 ოქტომბერს აფეთქებული უკრაინული ATACMS-ის ფრაგმენტების ამსახველი ფოტოები და მივიდა დასკვნამდე, რომ კიევმა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მოდიფიკაციის ATACMS-М39 Block I-ის რაკეტები.


ამ მოდიფიკაციის რაკეტების წარმოება შეწყდა 1997 წელს, სწორედ ამ ბოლო საწარმოო პარტიიდან უნდა იყოს ის რაკეტები, რომელთა ფრაგმენტებიც ბრიანსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე იქნა აღმოჩენილი.

გაზეთი NYT-ი და რუსეთის სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი აღნიშნავენ, რომ ამ რაკეტების დიაპაზონი დაახლოებით 100 მილია (ან 165 კილომეტრი).

ამერიკული გამოცემის ცნობით, რაკეტები საიდუმლო ვითარებაში ჩაიტანეს უკრაინაში, რათა ტრანსპორტირების დროს რუსეთს არ დაერტყა.

"მაშ ასე, გამარჯვებისკენ!"

ამერიკული გამოცემა New York Times-ის თანახმად, პენტაგონი ხანგრძლივი შიდა დისკუსიების და სამხედროებთან კონსულტაციების შემდეგ დათანხმდა უკრაინისათვის ყველაზე დაბალი რადიუსის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას. მაგრამ ძველი მოდიფიკაციის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებითაც უკრაინის არმიას ეფექტიანად შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ლოგისტიკურ ხაზებს უკრაინაში და ფრონტისპირა სამხედრო აეროდრომებს. გარდა ამისა, ATACMS-М39 Block I-ის რაკეტებს კიდევ ერთი უპირატესობაც აქვთ.

„მათ აქვს კასეტური ქობინები. ანუ რაკეტის ამ საბრძოლო ნაწილში განთავსებულია ასობით საბრძოლო ელემენტი და თითოეული მათგანი ასევე აყენებს დიდ ზიანს მოწინააღმდეგეს. ანუ იგი (თითოეული ელემენტი) წარმოადგენს მცირე ბომბს, რომელიც სკდება და ანადგურებს პირად შემადგენლობასა თუ გარკვეულ ობიექტს. ფაქტობრივად ისე გამოდის, რომ ერთი რაკეტა დარტყმის დროს წარმოქმნის 950 ელემენტს, რომელსაც დიდ ფართობზე შეუძლია პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ობიექტების განადგურება. ბერდიანსკის აეროდრომზე განხორციელებულ იერიშში 2 თუ 3 ATACMS-ის რაკეტა იქნა გამოყენებული“, - ამბობს მიხაილო სამუსი.
17 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელზეც ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ის მოქმედებაა აღბეჭდილი. ამ ვიდეოს უკრაინელმა გენერალმა მოკლე ტექსტიც დაურთო:

„ATACMS-ი ჩვენი მებრძოლების ნამუშევარია. მადლობა თქვენ სამსახურისთვის! მადლობა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. მაშ ასე, გამარჯვებისკენ“, - მოჰყავს გენერალ ზალუჟნის სიტყვები რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

უკრაინაში დარწმუნებული არიან, რომ აშშ-ისგან ასეთი ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიღება, კიევის სასარგებლოდ შეცვლის ვითარებას ფრონტის ხაზზე და ბევრად უფრო დააჩქარებს უკრაინის ჯარების წინსვლას სამხრეთის ფრონტის მიმართულებით.

„უკრაინისათვის გადაცემული ATACAMS-ების კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ესენი არიან პირველი მოდიფიკაციის, ძველი რაკეტები. ისინი დაფრინავენ 160 კილომეტრის სიშორეზე, ხოლო ბოლო მოდიფიკაციის ATACAMS-ების სროლის სიშორე 300 კილომეტრამდეა. ისე ჩანს, თითქოს ეს არც ისე კარგია, მაგრამ სინამდვილეში, უკრაინისათვის მოცემულ მომენტში 160 კილომეტრი არის იდეალური სიშორე. იგულისხმება სამხრეთის ფრონტი, რომელიც მოწინააღმდეგეებს სწორედ ამ მანძილით ყოფს ერთმანეთისგან. მაგრამ თუ ვილაპარაკებთ ყირიმზე, მაშინ უკრაინას სჭირდება 300 კილომეტრის სიშორის ATACMS-ები“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

ამერიკისგან ATACMS-ის მიღებით უკრაინამ დააბალანსა ის უპირატესობა, რაც რუსეთის არმიას ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერით“ ჰქონდა მოპოვებული.

პირველ რიგში, ის [რაკეტების მიწოდება], რა თქმა უნდა, საზიანოა და დამატებით საფრთხეს ქმნის. მეორეც, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ამ თავდასხმების მოგერიებას
ვლადიმირ პუტინი

ATACMS-ი არის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც დაფრინავს ბალისტიკური ტრაექტორიით და თავის ბოლო ფაზაში ავითარებს დიდ სიჩქარეს, რის გამოც მათი განადგურება ძალიან უჭირს საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვას.

ბალისტიკურ რაკეტას განეკუთვნება რუსული „ისკანდერიც“, რომელიც რთულ სამიზნეს წარმოადგენს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის.

პუტინის პასუხი - მიგ-31-ების მუდმივი მორიგეობა შავ ზღვაში

უკრაინის სამხედრო ძალების შეტევითი პოტენციალის გაზრდის მიზნით, კიევი დიდი ხანია, სთხოვს შეერთებულ შტატებს ATACMS-ის ახალი მოდიფიკაციის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვთ. ასეთი რაკეტების მიწოდება ნიშნავს, რომ დარტყმის პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს რუსული ობიექტები უკრაინის თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.

ამერიკის მედია სექტემბერში შეერთებულ შტატებში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე წერდა, რომ აშშ მზადაა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს მცირე რაოდენობის რაკეტები. ვაშინგტონში არ იყო ერთიანობა ამ რაკეტების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, რადგან მათი რიცხვი არც ისე ბევრია აშშ-ს არსენალში. გარდა ამისა, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი შიშობს, რომ ATACMS-ის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა.

„ატმოსფეროს დაძაბვა“ ახსენა 18 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ჩინეთიდან გამოეხმაურა აშშ-ის მხრიდან უკრაინისათვის ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ების გადაცემის ფაქტს.

„პირველ რიგში, ეს [რაკეტების მიწოდება], რა თქმა უნდა, საზიანოა და დამატებით საფრთხეს ქმნის. მეორეც, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ამ თავდასხმების მოგერიებას“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის დედაქალაქიდან გამოაცხადა თავისი ახალი განკარგულების შესახებ, რომლითაც შავ ზღვაში „ნეიტრალურ საჰაერო ზონაში“ ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი საბრძოლო მიგ-31-ების მუდმივი მორიგეობა იწყება.

  • ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალის“ (ხანჯალი), - რომელიც რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა უკრაინასთან ომში, - სისწრაფე, რუსეთის ხელისუფლების განმარტებით, 10-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, მანევრირებს მთელ ტრაექტორიაზე, სამიზნეს სწვდება 2 კილომეტრზე.
  • და აღნიშნულ საავიაციო-სარაკეტო კომპლექსს შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული იარაღის გადატანაც.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG