Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეინარჩუნებს თუ არა გაზპრომი მოწინავე პოზიციას?


წელს რუსეთის უმსხვილეს კომპანიას ოცი წელი შეუსრულდა. მაგრამ გაზპრომის ხელმძღვანელებს სულაც არ ეზეიმებათ. 1993 წელს, ღია სააქციო საზოგადოებად დაარსებულმა ბუნებრივი გაზის სახელმწიფო კომპანიამ, ახლახან განაცხადა, რომ წმინდა მოგება 11 პროცენტით შეუმცირდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულებამ - პირველად 2009 წლის შემდეგ - 100 მილიარდ დოლარზე ნაკლები შეადგინა.

ამასთანავე, რუსეთის მთავრობა გაზპრომის ანგარიშებს აუდიტს უტარებს, ხოლო ევროკავშირი მის ბიზნესსაქმიანობას იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის ზოგიერთი მაღალჩინოსანი გაზის გიგანტის დანაწევრებასაც კი ითხოვს, რაც არცთუ დიდი ხნის წინ წარმოუდგენელი მოთხოვნა იქნებოდა.

გაზპრომის კრიტიკოსებმა, ცხადია, დრო იხელთეს და არ დააყოვნეს ერთ დროს ხელშეუხებელ კომპანიაზე ხმის ამაღლება. ონლაინ-ტელევიზია Nevex.tv-სთან ინტერვიუში კომპანიის სისუსტეებზე ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრმა ვლადიმირ მილოვმა:
ვლადიმირ მილოვი
ვლადიმირ მილოვი

„გაზპრომი უმძიმეს სტრატეგიულ კრიზისს განიცდის. ის არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მოუქნელი, ხისტი და უვარგისი პოლიტიკა ზიანს მოუტანდა. დღეს სწორედ ამ პოლიტიკის შედეგებს ვხედავთ.“

ექსპერტების განცხადებით, გაზპრომმა ფეხი ვერ აუბა ენერგობაზარზე მოსალოდნელ რევოლუციურ ცვლილებებს, როგორიცაა ფიქლის გაზისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის გამოჩენა.

ევროპის ბაზარზე გაზპრომის შემოსავალს საფრთხეს უქმნიან აშშ და ყატარი. აშშ-ს ფიქლის გაზის ვრცელი რესურსები აქვს, ხოლო ყატარი გათხევადებული ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. გარდა ამისა, აშშ-მა საგრძნობლად გაზარდა ევროპაში თავისი ქვანახშირის ექსპორტი.

„რენესანს კაპიტალის“ ნავთობისა და გაზის ექსპერტის, ილდარ დავლეტშინის განცხადებით, ცვალებადი ბაზრის მიუხედავად, გაზპრომს კვლავინდებურად ურჩევნია, გააფორმოს ძვირადღირებული და ხანგრძლივი კონტრაქტები, რომლებიც ნავთობის ფასზეა მიბმული: „მყარი და სტაბილური მიმწოდებლის როლში ყოფნის ნაცვლად, გაზპრომი მხოლოდ მყარ ფასებზე ზრუნავს. ევროპის ეკონომიკის ცუდი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო სტრატეგია არ უნდა იყოს.“
ილდარ დავლეტშინი
ილდარ დავლეტშინი

შედეგად, გაზპრომის ევროპელი მომხმარებლები სხვა მიმწოდებლებს ეძებენ. მაგალითად შარშან, ევროკომისიის მონაცემებით, ნორვეგიის გაზის ექსპორტი 16 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გაზპრომისა - რვა პროცენტით შემცირდა; თანაც მაშინ, როცა ევროზონა კრიზისს განიცდიდა.

შარშანდელი წლის ბოლოს, ბაზრის ზეწოლის საპასუხოდ, გაზპრომმა, როგორც იქნა, შეამცირა ფასები ზოგიერთი ევროპელი მომხმარებლისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ერთ ინტერვიუში განაცხადა, წელს კომპანია გაზისთვის 14 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას ელოდება. პოლონეთში რუსეთის გაზის ფასი 27 პროცენტით უნდა შემცირდეს, ხოლო უნგრეთი ორი პროცენტით ნაკლებს გადაიხდის.

თუმცა, ეს მაგალითი ნათელს ხდის იმ სტრატეგიასაც, რომელმაც კომპანია ასე აზარალა ევროპაში: ცვალებადი ფასების პოლიტიკას.

შარშან, სექტემბერში, ევროკომისიამ დაიწყო მოკვლევა იმის დასადგენად, აფერხებდა თუ არა გაზპრომი პარტნიორებისთვის აირის მიწოდებას და სამართლიანად აწესებდა თუ არა ფასებს. ევროკომისიის ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, გაზპრომის მიერ აირის ფასების დაწესების მეთოდი, რომელიც მიბმულია ნავთობის მსხვილ კონტრაქტებზე. მოკვლევის შედეგები წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც გაზპრომის პრესმდივანი სერგეი კუპრიანოვი ამბობს, ბაზარი „იცვლება რეგულაციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის შესაბამისად.“ კუპრიანოვი არ მალავს, რომ ამან გაზპრომს შეუქმნა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც კომპანია ინტენსიურად მუშაობს.
სერგეი კუპრიანოვი
სერგეი კუპრიანოვი

სპეციალისტთა აზრით, გაზპრომის პრობლემების მიზეზი კომპანიის ორმაგ როლში უნდა ვეძიოთ. ერთი მხრივ, მას წმინდა კომერციული მიზნები ამოძრავებს, მაგრამ მეორე მხრივ, ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ბერკეტიცაა კრემლისთვის, რომელიც ენერგეტიკას „მეგობართა“ დასაჯილდოებლად და „მოწინააღმდეგეთა“ დასასჯელად იყენებს.

გაზპრომის პოლიტიკურმა როლმა ევროპის ბევრ სახელმწიფოს უბიძგა ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციისკენ. ამასთან ერთად, ამ როლმა კომპანია აიძულა, ფული დაეხარჯა ძვირადღირებული და კომერციულად გაუმართლებელი მილსადენების პროექტებზე.

ექსპერტები მიუთითებენ „სამხრეთის დინების“ სახელით ცნობილ მილსადენზე და „ჩრდილოეთის დინების“ მილსადენის ახალ მიმართულებებზე, რომლებმაც უნდა გაზარდოს რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი გაზსადენების გამტარიანობა და თან გვერდი აუაროს უკრაინას, რომელთანაც მოსკოვს პოლიტიკური უთანხმოებების მწარე გამოცდილება აქვს.

ოქსფორდის ენერგიის კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე ჯონათან სტერნი აცხადებს, რომ გაზპრომის კომერციული ინტერესების ნაცვლად ამ წამოწყებების უკან სინამდვილეში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გეოპოლიტიკური მიზნები დგას: „გაზპრომის ხელმძღვანელები სულელები ნამდვილად არ არიან. ისინი კარგად ხედავენ, რაც ხდება. მაგრამ პუტინი მათ აიძულებს, ათასგვარ უაზრო პროექტში ჩაერთონ და უარს ეუბნება ბაზრის მდგომარეობაზე მორგებას. თუ ამ პროექტებზე გაზპრომის ძირითად განცხადებებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ეს პუტინის განცხადებები იყო. ამ საკითხებზე საჯაროდ პირველად პუტინმა ილაპარაკა... რატომ საუბრობს გაზპრომი ევროპასთან ყველა ამ მილსადენის გაყვანაზე? იმიტომ, რომ ასე სურს პუტინს.“

გაზპრომს თავის დაცვა უწევს ძალაუფლების ვერტიკალისგანაც, სადაც ენერგეტიკის სფეროს სხვა გავლენიანი მოთამაშეები ცდილობენ, გამოიყენონ კომპანიაში შექმნილი სირთულეები.

კრემლთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ მარტში, გაზეთ „ფაინენშლ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზპრომი რამდენიმე ერთეულად უნდა დაიშალოს. თუ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიმსჯელებთ, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებიც მოითხოვენ გაზის გიგანტის დანაწევრებას. მათ შორის არიან ნავთობის სახელმწიფო კომპანიის, როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი და კომპანია გუნვორის დამფუძნებელი, ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო.

ამასთანავე, რუსეთში სიდიდით მეორე გაზის კომპანია ნოვატეკი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ტიმჩენკოა, ცდილობს, აიძულოს მთავრობა, გააუქმოს ექსპორტზე გაზპრომის მონოპოლია და ნოვატეკს გათხევადებული ბუნებრივი აირის საექსპორტოდ გატანის ნება დართოს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად ამჟამინდელი სირთულეებისა, გაზპრომის დაშლა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. ჯონათან სტერნიც ამ აზრისაა: „ყველას შეგვიძლია მოვიფიქროთ გაზპრომის დაშლის სხვადასხვა გზა. ყველა ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ დაშლა ბევრად უფრო ეფექტიანი იქნებოდა. მაგრამ გვავიწყდება პოლიტიკური რეალობა. პოლიტიკური რეალობა კი გვეუბნება, რომ რუსეთის მთავრობასა და პუტინს უნდათ, გაზპრომი გარკვეულ ფუნქციებს ასრულებდეს და ამ ფუნქციების უმეტესობა არაკომერციულია.“

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG