Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არჩევნები რუსთავში – კანდიდატები და კანდიდატობის კანდიდატები


Georgia -- An election official counts voting papers ahead of the parliamentary elections at a polling station in Tbilisi, October 7, 2016
Georgia -- An election official counts voting papers ahead of the parliamentary elections at a polling station in Tbilisi, October 7, 2016

2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთაველები პირდაპირი წესით აირჩევენ ქალაქის მერს. გარდა ამისა, ასევე აირჩევენ საკრებულოს 25 წევრს, მათ შორის, 10-ს მაჟორიტარული წესით.

რუსთავში წინასაარჩევნო მარათონში ყველაზე ადრე „ევროპული საქართველო“ ჩაერთო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აგვისტოს შუა რიცხვებში პარტიამ ადგილობრივ საზოგადოებას რუსთავის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა.

მერობის კანდიდატად ბევრი რუსთაველისთვის უცნობი ნინო იმედაშვილი დასახელდა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მუშაობდა უშიშროების საბჭოს აპარატში, როცა ამ სტრუქტურას გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.

ნინო იმედაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო პოლიტიკის აგრესიული კრიტიკით დაიწყო. 30 აგვისტოდან საარჩევნო კამპანიაში ერთვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც გასულ კვირაში მერობის კანდიდატად მათემატიკოსი ზურაბ მაისურაძე დაასახელა, საკრებულოს წევრობის კანდიდატებად კი, ძირითადად, ახალგაზრდები წარადგინა. მაგალითად, 21 წლის გურამ ლაცაბიძე პარტიულის სიის პირველ ნომრადაა დასახელებული.

გურამ ლაცაბიძის თქმით, რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში, მას საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩევენ. აგვისტოს პირველ ნახევარში რუსთავს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეწვია. პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელის, თორნიკე არევაძის განცხადებით,

ინაშვილი თანაპარტიელებს და მომხრეებს, ძირითადად, თბილისში 17 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დეტალებსა და მომავალ არჩევნებზე ესაუბრა. განიხილეს მერობისა და საკრებულოს წევრობის სავარაუდო კანდიდატები, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

თორნიკე არევაძის თქმით, ის საარჩევნო სიაში იქნება, სავარაუდოდ, პირველ ნომრად.

ჯერჯერობით, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები არ დაუსახელებია მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც კანდიდატებს რამდენიმე დღეში წარადგენს. თუმცა იმთავითვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი რუსთავის მერიის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი გიგა ჯღარკავა იქნება. დღეს საკრებულოს უმრავლესობაში 21 წევრია, თუ ვინ მოხვდება მათგან „ოცნების“ საარჩევნო სიაში, უცნობია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე ამბობს, რომ ყველაფერი თბილისში გადაწყდება.

გოჩა შავაძის თქმით, ისეთი პირი უჩანს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოქმედი საკრებულოდან ვერც ერთი წევრი მოხვდება. რაც შეეხება რუსთავის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, არაოფიციალურად, რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის, რუსთავის მერი დავით ჯიქია და შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი ირაკლი ტაბაღუა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG