Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 თებერვლის აქციის სამართლებრივ-პოლიტიკური გაგრძელება


მელორ ვაჩნაძე შეხლა-შემოხლის ეპიცენტრში
მელორ ვაჩნაძე შეხლა-შემოხლის ეპიცენტრში
საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა პოლიციის მიერ დაკავებული მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი, რომელთაც 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მიმდინარე აქციისას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ედავებოდნენ. დაკავებულია დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბრალდებული გელა მამალაძე. როგორ განვითარდა 8 თებერვალს თბილისში მომხდარი მოვლენები და რა შეფასებას აძლევენ მას ექსპერტები?

პირობა, რომ 8 თებერვლის მოვლენების გამოძიება დაიწყებოდა და დამნაშავეები პასუხს აგებდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმავე ღამით დადო, როცა პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისთვის ყოველწლიური მიმართვა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე უარი განაცხადა, გადაწყდა, რომ მედიის, დიპლომატიური წარმომადგენლებისა და უმცირესობის წევრების თანდასწრებით ის საზოგადოებას სიტყვით ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავდა, თუმცა ბიბლიოთეკასთან გამართული ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მათი თანამოაზრეების ხმაურიანი აქციის გამო პრეზიდენტის იქ მისვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა და საზოგადოებისათვის პრეზიდენტის რეზიდენციიდან მიემართა.

9 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ წარმოადგინა გრაფიკული გამოსახულება იმისა, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება. მისი სიტყვებით, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ხალხის მასის მობილიზების გათვალისწინებით, პოლიციამ სამთავრობო დაცვის სამსახურს ორი ალტერნატიული დერეფანი შესთავაზა, - ერთი ფურცელაძის ქუჩიდან, მეორე კი, ჯორჯაძის ქუჩის გავლით, გუდიაშვილის ქუჩისკენ, - თუმცა მათ ამ შესასვლელებით სარგებლობაზე უარი განაცხადეს.
ჩვენ ამ ადამიანებთან, ვინც გუშინ იქ იყო და, ასე ვთქვათ, სჩადიოდა დანაშაულს, ვინც ჩხუბობდა, ამათთან კი არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ პრეტენზია გვაქვს დამკვეთებთან...
სერგო რატიანი

”პირველი შეხლა-შემოხლა გამოიწვია მოქალაქე თენგიზ გუნავას შესვლამ ცენტრალური შესასვლელიდან. მან არ ისარგებლა არც ერთი ჩვენ მიერ შეთავაზებული შესასვლელით; აგრეთვე ქალაქის მერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ ისარგებლეს ჩვენ მიერ შეთავაზებული შესასვლელით, რამაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა”,- თქვა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 პირი დაიკითხა საქმესთან დაკავშირებით. მათგან 3 დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ ისინი 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მანამდე მათი მხარდამჭერები მოითხოვდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დაკითხვასაც. ირკვევა, რომ გამოძიება ამითაცაა დაინტერესებული. როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მისი დაკითხვაცაა დაგეგმილი:

”ჩვენ ამ ადამიანებთან, ვინც გუშინ იქ იყო და, ასე ვთქვათ, სჩადიოდა დანაშაულს, ვინც ჩხუბობდა, ამათთან კი არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ პრეტენზია გვაქვს დამკვეთებთან. ეს ადამიანები არიან გარკვეული პოლიტიკის მსხვერპლი, ჩვენ მათთან არ გვაქვს პრეტენზია. ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან იმისთვის, რომ დავადგინოთ დამკვეთი და ვიღაცა უნდა დაისაჯოს ამისათვის”.

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები პროვოკაციის ინსპირირებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. უმცირესობის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ უსაფრთხოების დერეფნები არ არსებობდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნები შინაგან საქმეთა მინისტრის შექმნილი მითია.
ამას ყველაფერს აქვს დამანგრეველი ეფექტი. ამას სერიოზულად ვამბობ, მით უმეტეს, რომ 2013-2014 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს ის ორი წელია, რომელმაც ძალიან ბევრი რამე უნდა შეცვალოს საქართველოს ისტორიაში...
თენგიზ ფხალაძე

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილმა დაგმო ძალადობა. მისივე შეფასებით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და მათ ობიექტური და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის და ზოგადად სამინისტროს სწრაფ რეაგირებას და იმას, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია.

8 თებერვლის მოვლენების პოლიტიკური ასპექტების შეფასებისას გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე პასუხისმგებლობას თანაბრად ანაწილებს სამთავრობო და საპრეზიდენტო პოლიტიკურ ძალებს შორის. მისი სიტყვებით, ვითარება შიდა კინკლაობის ახალ ფაზაში შედის და ძალები იმაზეა კონცენტრირებული, ”ვინ უფრო კარგად ავნებს მეორე ჯგუფს”. ეს არის ერთგვარი დაპირისპირება ”იმისათვის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოიგებს ამა თუ იმ რაუნდს”, რაც, მთლიანობაში, მიმართულია არა ძალების კოორდინაციისაკენ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, არამედ პარტიული ინტერესების განხორციელებისკენ. თენგიზ ფხალაძის ვარაუდით, შექმნილი ვითარება ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, რაც უდიდესი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, მით უფრო, საქართველოსთვის ძალიან საპასუხისმგებლო 2013-2014 წლებში:

”ამას ყველაფერს აქვს დამანგრეველი ეფექტი. ამას სერიოზულად ვამბობ, მით უმეტეს, რომ 2013-2014 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს ის ორი წელია, რომელმაც ძალიან ბევრი რამე უნდა შეცვალოს საქართველოს ისტორიაში. მე ვგულისხმობ ქვეყნის მშენებლობისა და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესს, მე ვგულისხმობ იმ სამიტებს, რომლებიც უნდა ჩატარდეს -მათ შორის არის ვილნიუსის სამიტი, მათ შორის არის ლონდონის 2014 წლის ნატოს სამიტი. ასე რომ, რომელ დასავლურ ინტეგრაციაზე გვაქვს საუბარი, როცა ელემენტარული კულტურა ვერ დაგვიმკვიდრებია სახელმწიფოში. ეს არის ძალიან სამწუხარო”.

სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა და მის ფონზე აქციის აქტივისტი მელორ ვაჩნაძე
სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა და მის ფონზე აქციის აქტივისტი მელორ ვაჩნაძე
ის, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ძალზე სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, 8 თებერვალს პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ აუხსნა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. მისი სიტყვებით, მთავრობას და პრეზიდენტს თანამშრომლობის საშუალება უნდა მიეცეთ:

”ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრ რამეზე ხართ განაწყენებული, მაგრამ ჩემი გზავნილი თქვენდამი იქნება ის, რომ მისცეთ მთავრობას პრეზიდენტთან თანამშრომლობის საშუალება. ჩემი რწმენით, პრეზიდენტმა აჩვენა მთავრობასთან თანამშრომლობის მზაობა პრობლემების მოსაგვარებლად და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყველამ მისცეს მთავრობას და პრეზიდენტს ამის განხორციელების საშუალება, ვინაიდან არის მეტი ძალადობის რისკი და არ მგონია, რომ საქართველოში ეს ვინმეს სურდეს”.

ერთი კონკრეტული ფაქტის კონტექსტში საკითხის განხილვა უჭირს ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელს კახა კახიშვილის, თუმცა, მისი ხედვით, პროცესი არის წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკური ესკალაციისა და მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის შედეგი:

”რეალურად დესტრუქციის რეჟიმზე გადავიდნენ. გვახსოვს პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგში, გვახსოვს ყოველდღიური მიმართვები საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ ყაჩაღები, ბანდიტები და ა.შ. პრეზიდენტი აბსოლუტურად იწვევდა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს. ამავდროულად, კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში, ვერ დავაცდით ოთხი წელი. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ტემპერატურა იზრდებოდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“.

კახა კახიშვილის სიტყვებით, 8 თებერვალს ძალზე საგანგაშო ვითარება შეიძლებოდა შექმნილიყო, ვინაიდან პროცესში უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართვის მცდელობაც იყო.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG