Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 აპრილის აქციამდე ერთი დღით ადრე


ნაციონალური მოძრაობის აქცია. 2012 წლის 8 სექტემბერი
ნაციონალური მოძრაობის აქცია. 2012 წლის 8 სექტემბერი
19 აპრილის აქციისათვის ”ნაციონალური მოძრაობა” მზადებას ასრულებს. აქცია, რომელიც ევროპული იდეის მხარდასაჭერად იმართება, რუსთაველის გამზირზე გაიმართება და მისი მთავარი მასპინძელი ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო დღეებია მისი რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელი ”ნაციონალური მოძრაობის” მარცხს სწორედ ვანო მერაბიშვილს აბრალებს, აქციამდე ერთი დღით ადრე ”ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ახალ ძალას იკრებენ და ”19 აპრილს იწყება ყველაფერი”. ამ პათოსს არ იზიარებენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ განცხადებებს ”თავის მოტყუებას” უწოდებენ.

”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუსტად ორი თვის წინ დაანონსებული აქცია, რომელიც, მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მიზნად ისახავს დაანახვოს ახალ მთავრობას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის, 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, 19 აპრილის აქციის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა მთავარი სქემა უკვე ცნობილია:

”აქცია დაიწყება 16 საათზე, ხალხი პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეიკრიბება. ჩვენ აუცილებლად ველოდებით მოსახლეობას რეგიონებიდან. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად მიდიოდნენ ჩვენს რეგიონულ ოფისებში და კითხულობდნენ დეტალებს. დარწმუნებული ვარ, რეგიონებიდან ხალხი იქნება. რაც შეეხება გამომსვლელებს, გამოვლენ როგორც პარტიის პოლიტიკური ლიდერები, ისე საზოგადოების წარმომადგენლები”, - აცხადებს გიორგი პატარაია.

მიიღებს თუ არა 19 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ავრცელებს.

ერთადერთი შეთავაზება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხალხს უკეთებს, ეს არის კომპრომატზე დაფუძნებული პოლიტიკური დისკურსი და ის, რომ ასეთი მოზღვავება არის ამ ბინძური მეთოდების...
გიორგი კანდელაკი
თუმცა უკვე ცნობილია, რომ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო საქმიანობაში ორდღიან ტაიმ- აუტს იღებს. მათი განცხადებით, ისინი აქციისთვის ემზადებიან. უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას და ის იმპულსი, რომელსაც შესძენს საქართველოს განვითარებას 19 აპრილს ჩატარებული წარმატებული აქცია, არის უფრო მეტი სარგებლის მომტანი, ვიდრე ასევე მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია პარლამენტის კედლებშიო. 19 აპრილის ჯერ არგამართულ აქციას გიორგი კანდელაკი უკვე მოიხსენიებს წარმატებულ აქციად. რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს? როგორც ის განგვიმარტავს, აქციის წარმატების გარანტი იქნება ქვეყნის განვითარების ის წარუმატებელი მოდელი, რომელსაც ახალი ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს:

”ერთადერთი შეთავაზება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხალხს უკეთებს, ეს არის კომპრომატზე დაფუძნებული პოლიტიკური დისკურსი და ის, რომ ასეთი მოზღვავება არის ამ ბინძური მეთოდების, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არა მხოლოდ გაუკვირდათ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშალა და ის რჩება პოლიტიკურად ქმედით პარტიად, არამედ მათ შეამჩნიეს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლების პოზიტიური დინამიკა”.

”კომპრომატებისა” და ”ბინძური მეთოდების” მოზღვავებაში გიორგი კანდელაკი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის აქციამდე ორი დღით ადრე ძებნაში მყოფმა დათა ახალაიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა წერილი, სადაც ის ”ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებას ვანო მერაბიშვილს აბრალებს, ამ განცხადებას კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის იმავე შინაარსის განცხადება მოჰყვა. გიორგი კანდელაკი ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ სუსტდება, არამედ, პირიქით, ის ახალ ძალებს იკრებს. მისი თქმით, პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება ამას ძალიან კარგად ხედავს და ცდილობს ოპოზიციური ძალა დაკნინოს:

”’ნაციონალურ მოძრაობაში’, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ამ რთულ მომენტშიც კი მოდის ახალი ხალხი, რომელსაც ჩვენს პარტიაში იზიდავს იდეა”.

ევროპასთან გვინდა ჩვენ მეგობრობაო, ამ მოწოდებით აქციაზე, ალბათ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს, მაგრამ გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ითვისებს ამ ევროპულ იდეას...
ლევან ბერძენიშვილი
გიორგი კანდელაკის განწყობას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი ძალებით შევსების თაობაზე არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი. ”ისინი თავს იტყუებენ”, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. როგორც ის გვეუბნება, ხელისუფლება გულშემატკივრობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა მისი ბირთვი გადარჩეს, თუმცა, ამასთანავე, ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილთან ერთად ვერანაირი პარტია ვერ გადარჩება:

”დროა გაერკვნენ ვინ ვის გვერდით დგას. მერაბიშვილის გვერდით დგომა არ შეიძლება. ამის მერე საუბარი იმაზე, რომ გვეშინია და ვართ პანიკაში, სასაცილოა. ჩვენ რომ გვეშინოდეს და ვიყოთ პანიკაში, ქუთაისში კი არ ჩავატარებდით სხდომებს, თბილისში წავიდოდით, რომ იქნებ რამე კონტრზომებისთვის მიგვემართა. რისი უნდა გვეშინოდეს? რითია საშიში „ნაციონალური მოძრაობა“? იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ სადაც საქართველოს პარლამენტია, იქ გამართონ აქცია”.

ლევან ბერძენიშვილისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ითვისებს „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპულ იდეას, მაშინ როცა ახალი ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ მისი მთავარი არჩევანი ევროპა და ევროატლანტიკური სტრუქტურებია. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ევროპულ იდეაზე საუბარი ისეთი ფიგურისგან, როგორიც ვანო მერაბიშვილია:

”ევროპასთან გვინდა ჩვენ მეგობრობაო, ამ მოწოდებით აქციაზე, ალბათ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს, მაგრამ გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ითვისებს ამ ევროპულ იდეას, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად მიუღებელი, კარიკატურული ფიგურა მეთაურობს ამ აქციას”.

19 აპრილს დაგეგმილ აქციას განსაკუთრებული მობილიზებით ხვდება შინაგან საქმეთა სამინისტრო. მის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 19 აპრილს დაცული იყოს მანიფესტანტთა უსაფრთხოება. ის მოუწოდებს ასევე თბილისის მერიასა და თავად აქციის ორგანიზატორებს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და თავის მხრივ უზრუნველყონ მანიფესტაციის მშვიდობიანად წარმართვა.

აქციის მსვლელობას დააკვირდებიან არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. ისინი მონიტორინგს გაუწევენ აქციის ორგანიზებასა და მონაწილეთა მობილიზება-გადაადგილებას.
XS
SM
MD
LG