Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებების ხმა გორში - მოსახლეობა სასროლეთის გადატანას ითხოვს


გორის მერისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა
გორის მერისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა

რამდენიმე დღეა გორში სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადა ვერხვების დასახლებაში არსებულ სასროლეთზე წვრთნებს ატარებს. სასროლეთთან ახლოს მდებარეობს ის კორპუსები, რომლებიც რუსული ავიაციის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს დაიბომბა, იქვეა ვერხვების დევნილთა დასახლება. რამდენიმე დღეა ამ რაიონში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ და სწავლებების შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, ძლიერი აფეთქებების ხმა სახლებს აზიანებს. გარდა ამისა, ომისგან დაზარალებულ მოსახლეობას სროლა დისკომფორტს უქმნის და წარსულს ახსენებს. ვერხვების დევნილთა დასახლებაში კოტეჯების დიდი ნაწილი, მართლაც, დაბზარულია, თუმცა დადგენილი არ არის, ეს მცოცავი ქანებითააგამოწვეული თუ აფეთქებათა რეზონანსით. რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან მერიის წარმომადგენელი მივიდა და პირობა დადო, რომ სროლა შეწყდებოდა, თუმცა ქალაქში გუშინ აფეთქების ხმა ისევ ისმოდა.

ეს პრობლემა ვერხვების დასახლების მცხოვრებლებს დიდი ხანია აწუხებთ. 2008 წლის შემდეგ მათ მთავრობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ საკითხი აქამდე ვერ გადაიჭრა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმედი გაუჩნდათ, რომ მოუსმენდნენ, მაგრამ ვერც ამ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრებმა შეცვალეს რეალობა. ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას, მოსახლეობის გარდა, თხოვნის წერილი ადგილობრივი თვითმმართველობიდანაც გაუგზავნეს, რადგან აფეთქებების ხმა უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელ ქალაქში ისმოდა.

2008 წლამდე ეს სასროლეთი ჯავშანსატანკო ბატალიონს ეკუთვნოდა. ომის დროს რუსული ავიაცია სწორედ ამ ტერიტორიას და მიმდებარე კორპუსებს ბომბავდა. ომის შემდეგ ბატალიონი გორიდან გადავიდა, სასროლეთი კი მე-5 ბრიგადას დარჩა. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა სასროლეთის გადატანას ითხოვს. საპროტესტო აქციაზე საკრებულოში ვერხვების დასახლების მაჟორიტარი თამარ თედლიაშვილი მივიდა და წინა დღეებში გაკეთებული განცხადების გამო პასუხისმგებლობა მერიას დააკისრა.

ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი იოსებ მინდიაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მერიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე მიღწეულია შეთამხმება სასროლეთზე მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოუყენებლობის შესახებ.

გუშინ გორის მერი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა და სასროლეთის გადატანა სთხოვა, მაგრამ, როგორც თავდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, ხიდაშელის უწყება ადგილობრივი თვითმმართველობისგან სასროლეთისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფას ითხოვს. შაბათს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გორში ჩამოვა და მე-5 ბრიგადის ინფრასტრუქტურას მოინახულებს. გარდა ამისა, წინასწარი ინფორმაციით, საუბარი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და სასროლეთის გადატანის საკითხსაც შეეხება.

XS
SM
MD
LG