Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანთალია რუსი ტურისტების გარეშე დარჩენის შიშში


ტურისტული ინფრასტრუქტურა ანთალიაში
ტურისტული ინფრასტრუქტურა ანთალიაში

ანთალიამ, თურქეთის ყველაზე პოპულარულმა ზღვისპირა კურორტმა, მარტო 2014 წელს 12,5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, მათ შორის, ძალიან ბევრ რუსს. მაგრამ ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ანთალია ტურისტულ ბუმს გამოეთხოვება... მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა 24 ნოემბერს სირიის საზღვართან რუსეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, მოსკოვმა სანქციები დააწესა, მათ შორის, სანქციები ტურიზმის სფეროში.

ხმელთაშუა ზღვისპირას მდებარე ანთალიის სანაპიროზე 300-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს იზიდავს და ყოველ წელს ასიათასობით ტურისტს - მათ შორის, რუს ტურისტებს -მასპინძლობს.

ფეშენებელურ სასტუმროებთან, უნაკლოდ სუფთა და მოვლილი ქუჩების მოპირდაპირე მხარეს კი ათასგვარი კაფე, რესტორანი, სავაჭრო ცენტრი ამშვენებს, მორგებული, უმეტესწილად, რუსი სტუმრების საჭიროებებსა და გემოვნებას.

„ჩვენი კლიენტებისა და ტურისტების უმრავლესობა აქ რუსეთიდან არის. რასაკვირველია, რუსი ტურისტები ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის, რადგან ანთალიაში რუსებზე მოდის ვიზიტორების 50 %-ზე მეტი“, ამბობს აკაი ჯან დაგკირანი, რესტორნების მფლობელი.

კრიზისის გამო, აქ საგზურებს აუქმებენ - ახალ წლამდე 2 000-მა კაცმა გააუქმა... მოსკოვში წასვლას ვაპირებდი ორი ტურისტული სააგენტოს სანახავად, მაგრამ ახლა აზრი არა აქვს იქ ჩასვლას...
ტოლგა ბარიში

მაგრამ ბოლო ორ კვირაში სურათი შეიცვალა: სასტუმროები და მაღაზიები პრაქტიკულად დაცარიელებულია. მოვაჭრეების უმრავლესობა უსაქმოდ ზის ან იქვე, კაფეში, ესაუბრება ნაცნობებს. კაფეში კლავს დროს 32 წლის ტოლგა ბარიშიც, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, რომლის ფუნქციებშიც შედის კლიენტების მიზიდვა რამდენიმე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. მას შემდეგ, რაც კრემლმა, პრაქტიკულად, აკრძალა თურქეთში რუსი ტურისტების დასვენება, ბარიში კარგს არაფერს მოელის. „რუსი ტურისტების გარეშე ტურიზმი ტურიზმი არ არის“, - ამბობს ის და ხელს იშვერს მაღაზიებისაკენ, რომელთა ვიტრინებსაც სუვენირები, ბეწვის ქურქები, ტყავის ნაწარმი ამშვენებს. ბარიშის თქმით, ადრე ეს მაღაზიები რუს ტურისტებს ვერ აუდიოდა, ახლა კი ცარიელია.

„(თურქეთსა და რუსეთს შორის) კრიზისის გამო, აქ საგზურებს აუქმებენ - ახალ წლამდე 2 000-მა კაცმა გააუქმა (...) მოსკოვში წასვლას ვაპირებდი ორი ტურისტული სააგენტოს სანახავად, მაგრამ ახლა აზრი არა აქვს იქ ჩასვლას“, - ამბობს ბარიში.

ოთხ დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიასთან საზღვარზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის უზრუნველსაყოფი ზომებისა (...) და თურქეთის მიმართ საგანგებო ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ“. სანქციები ეხება, მაგალითად, სამუშაო ვიზებს, რუსეთის ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეების მუშაობას. რაც შეეხება დასვენებას, რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეებისათვის ისეთი საგზურის მიყიდვა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ჩასვლას ითვალისწინებს.

მენიუ რუსულადაც გვაქვს. პერსონალს ვამზადებთ რუსების მომსახურებისათვის, ამიტომ რუსულის გაკვეთილებზე ვგზავნით. ყველაფერი რუს ტურისტებზეა დამოკიდებული...
აკაი ჯან დაგკირანი

ბარიშის აზრით, თუ ანთალიაში ზაფხულის სეზონამდე არ იმატებს რუსი დამსვენებლების რიცხვი, ტურისტულ ბიზნესს „ნამდვილი კრიზისი“ ემუქრება.

არადა, ანთალიის ქვიშის პლაჟები და სასიამოვნო კლიმატი, უვიზო რეჟიმთან და შედარებით ხელმისაწვდომ ავიაბილეთებთან ერთად, მრავალი წელია იზიდავს რუსეთის მოქალაქეებს. ზოგადად, თურქეთი ითვლება რუს დამსვენებლებში ყველაზე პოპულარულ ქვეყნად. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, პირველი ცხრა თვის განმავლობაში, თურქეთმა უმასპინძლა 3,3 მილიონ რუს ტურისტს. მათმა დიდმა ნაწილმა შვებულება ზღვის პირას გაატარა. კურორტ ანთალიის შემოსავლებში წლიურად 6 მილიარდამდე დოლარი მოდის რუს დამსვენებლებზე, მაშინ როცა, მთელი თურქეთის მასშტაბით, წლის პირველ ცხრა თვეში ტურისტულმა ბიზნესმა 21 მილიარდი დოლარი მოიტანა.

37 წლის აკაი ჯან დაგკირანი ანთალიაში რესტორნების ქსელის „მოტო კაფეს“ მფლობელია. ბიზნესი კარგად აეწყო, წლების მანძილზე კლიენტები არ მოჰკლებია - უმეტესწილად, რუსი კლიენტები. ახლა კი რესტორნებში ოფიციანტი მეტია, ვიდრე ტურისტი.

„მენიუ რუსულადაც გვაქვს. პერსონალს ვამზადებთ რუსების მომსახურებისათვის, ამიტომ რუსულის გაკვეთილებზე ვგზავნით. ყველაფერი რუს ტურისტებზეა დამოკიდებული“, ამბობს დაგკირანი.

ანთალია
ანთალია

სხვათა შორის, რუსი ტურისტების ნაკადი 24 ნოემბრის ინციდენტამდეც იყო შემცირებული რუსეთის ეკონომიკის შენელების, რუბლის კურსის დაცემისა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირების შედეგად.

„მომავალი, 2016 წლის პროგნოზით, იმის გათვალისწინებით, რაც სააგენტოებისაგან, სასტუმროების მენეჯმენტისა და სხვა ხელმძღვანელებისაგან გვესმის, დიდი დანაკარგი იქნება“, - შიშობს „მოტო კაფეს“ მფლობელი.

და მაინც, ყველა მასავით პესიმისტურად არ არის განწყობილი. ახმეტ ხამდი კარაგოზს, სასტუმრო „ოლბიის“ მფლობელს, სჯერა, რომ ანატოლია იდეალური კურორტია რუსებისათვის - ტურისტული ინფრასტრუქტურის გამო, იმის გამო, რომ მოსკოვიდან სულ ორსაათ-ნახევარში ჩაფრინდები და ვიზა არ გჭირდება, იმის გამოც, რომ ორ ქვეყანას „მჭიდრო კავშირი აქვს ერთმანეთთან“.

გაუძლებს თუ არა ეს „მჭიდრო კავშირი“ 24 ნოემბრის ინციდენტს, ჯერ არავინ იცის. რბილად რომ ვთქვათ, იმედს არ აღძრავს განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა 3 დეკემბერს გააკეთა თურქეთთან ურთიერთობაზე საუბრისას:

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზიზღარი სამხედრო დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ჩვენი ხალხის მოკვლის შემდეგ მათი მთავარი პრობლემა პამიდვრებით, ან სამშენებლო, ან სხვა დარგებში შეზღუდვებით ამოიწურება, ძალიან ცდება. ჩვენ კიდევ არაერთხელ შევახსენებთ, რა გააკეთეს და ისინი კიდევ არაერთხელ ინანებენ ჩადენილს. ვიცით, საამისოდ რაც უნდა გავაკეთოთ“.

XS
SM
MD
LG