ქეთევან თედეევი პრემიერისთვის დიდხანს ემზადებოდა. ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლემ, მეგობრებთან ერთად, რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორის დახმარებით, ანიმაციური ფილმი შექმნა. ფილმი მშვიდობაზე და სიყვარულზეა. ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ნიქოზელი ბავშვების მიერ მომზადებული ფილმებით იხსნება. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში, ქეთევანმა ანიმაციის ახალი ტექნიკა შეისწავლა.
ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეშვიდედ იმართება. ფესტივალი ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) მეგობრებთან ერთად დააარსა. საერო ცხოვრებაში ისაია თვითონ იყო ანიმატორი და ამ პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა, რომ ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალი დაეფუძნებინა და ბავშვებისთვის ხელოვნების სკოლა შეექმნა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მან ნახევრად დანგრეულ სოფელში ფესტივალის ჩატარება გადაწყვიტა და ეს საქმე დღემდე წარმატებით გრძელდება. ცხინვალიდან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ ნიქოზში, საეპარქიო ტაძრის გვერდით, ძველი სასახლე ავიაციით დაბომბვისას მთლიანად დაინგრა. მოგვიანებით, სასახლე აღადგინეს და ახლა ფილმების ჩვენება სწორედ იქ მიმდინარეობს. ყოველწლიურად ფესტივალი მასშტაბებს აფართოებს. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ კანდელაკი ამბობს, რომ ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უკვე მიენიჭა ევროპული ფესტივალის ხარისხი.
ქართული ფილმების გარდა, ნიქოზის ფესტივალზე წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, რუსეთის, ხორვატიის, იტალიის, პოლონეთისა და ბელორუსის ანიმატორთა ნამუშევრები. ფესტივალის გახსნას ვერ დაესწრო ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია, მას ახალგორში შესვლა-გამოსვლისას პერიოდულად პრობლემები ექმნება ხოლმე. გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) აღნიშნა, რომ ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი საუკეთესო სამშვიდობო გზავნილია გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის.
ნიქოზის ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ აქ რეჟისორები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და ყველა ნამუშევარი უკვე გამარჯვებულია. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში მომავალი წლის სექტემბრის დასაწყისში კვლავ გაიხსნება.