Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ანაკლიელები ჩამორთმეული მიწების კომპენსაციას ითხოვენ


ანაკლია
ანაკლია
სოფელ ანაკლიაში მოქალაქეთა ნაწილმა საკუთრებაში არსებული მიწის უკანონო ჩამორთმევაზე საუბარი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. ისინი 2009 წელს ანაკლიის, როგორც საკურორტო ზონის, მშენებლობისას სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მითვისებული მიწების კომპენსაციას ან კუთვნილი ფართის დაბრუნებას ითხოვენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისგან პასუხს ელოდება სოფელ ანაკლიის მკვიდრი თორნიკე ბუბუტეიშვილი. მან ჩამორთმეული მიწის კომპენსაციის მისაღებად სარჩელი სამი თვის წინ შეიტანა.

ბუბუტეიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხუთსართულიანი სასტუმრო „ანაკლია“ 2010 წელს მის კუთვნილ მიწაზე აშენდა, თუმცა კომპენსაცია დღემდე არ მიუღია.

„გამომძიებელმა მე დამკითხა პირადად და კიდევ ერთი მოწმე და მეტი არაფერი. სხვა არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, - განაცხადა ბუბუტეიშვილმა, რომელსაც, მეზობლებისგან განსხვავებით, ნახევარ ჰექტარ დამუშავებულ მიწის ფართობში კომპენსაცია არ მიუღია. 70-მდე ოჯახმა, რომელსაც მიწა ბულვარისა და ახალი გზის გასაყვანად ჩამოაჭრეს, კომპენსაცია შარშან მაისში მიიღო. გლეხმა სახელმწიფოსგან 1 კვ. მეტრ მიწის საფასურად 20 ლარი მიიღო. თორნიკე ბუბუტეიშვილის თქმით, მას, ამ სტანდარტით, 200 ათასი ლარი ეკუთვნის, რადგან მისი მიწა დამუშავებული იყო და თან საუკეთესო ტერიტორიაზეა.

საკუთარი მიწის ნაკვეთის უკანონო მითვისებაში ასევე სახელმწიფოს ადანაშაულებს ანაკლიის მკვიდრი რეზო ჯღერია. მან რამდენიმე მეზობელთან ერთად დახმარებისთვის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისს მიმართა.

მიწის მეპატრონეებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ანაკლიაში, პატრიოტთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 2009 წელს სახელმწიფომ მიითვისა და ჩამორთმეულ მიწებზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გარკვეული ობიექტების მშენებლობა დაიწყო.

რეზო ჯღერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით პროკურატურისთვის ჯერ არ მიუმართავს, რადგან შესაბამისი უწყებებიდან გამოხმაურებას ელოდება.

„ეკა ბოკუჩავამ დამირეკა „გამჭვირვალობიდან“ და მითხრა, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ანუ მეპატრონეები, ანაკლიაში ჩამოსვლას გეგმავენო. უთქვამთ, როცა რეესტრში გავატარებთ, დავრწმუნდებით, რომ რეალურად ყველაფერი ასეა, მერე დავილაპარაკებთო. ველოდებით როდის ჩამოვლენ“, - ამბობს რეზო ჯღერია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ზუგდიდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდა დაიწყოს გამოძიება. ორგანიზაციამ ასევე მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომ მიიღოს ზომები მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღსადგენად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა ეკა ბოკუჩავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პატრიოტთა ბანაკის ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაში არ არის, თუმცა მშენებლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ამიტომ „გამჭვირვალობამ“ სწორედ მას მიმართა წერილით, სადაც მოქალაქეთა პრობლემები და მოთხოვნები იყო დაფიქსირებული.

„პატრიოტთა ბანაკის ტერიტორიის ფართი რაც არის, დაარეგისტრირებენ საჯარო რეესტრში და იქ უკვე გამოჩნდება, ვისი ტერიტორია არის გადაფარული. მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები ელექტრონულად ჰქონდათ გაფორმებული და როცა წარადგენენ, იქ უკვე დადასტურდება, რომ სპორტის სამინისტროს მათი მიწები აქვს მითვისებული“, - განაცხადა ეკა ბოკუჩავამ.

რეზო ჯღერია და მისი რვა მეზობელი სახელმწიფოსგან კუთვნილი ქონების დაბრუნებას ან ფულად კომპენსაციას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებენ.
XS
SM
MD
LG