Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალან ლომაქსის სულები"


ალან ლომაქსი
ალან ლომაქსი

ალან ლომაქსი ცნობილი ამერიკელი ფოლკლორისტი და ეთნომუსიკოლოგი გახლდათ. 17 წლის იყო, როცა მამასთან ერთად ამერიკის სამხრეთ შტატებში მოგზაურობა დაიწყო. მათ აფროამერიკული მუსიკალური ჟანრის - ბლუზის-ფესვები აინტერესებდათ.

"ალან ლომაქსის სულები"
please wait

No media source currently available

0:00 0:05:02 0:00
გადმოწერა

კონგრესის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, 200-კილოგრამიანი ხმის ჩამწერი აპარატურით კარდაკარ დადიოდნენ და იმ ადამიანებს ეძებდნენ, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუკვალავდნენ გზას ბლუზის წარსულში. საერთო ჯამში, 30 ათასი კილომეტრი დაფარეს. სოფლებში, ციხეებში, ეკლესიებში, ბამბის პლანტაციებში ხალხური მუსიკის არქაულ ფორმებსა და ზეპირსიტყვიერ ტექსტებს იწერდნენ.

ხშირად ციხეებშიც უხდებოდათ სტუმრობა, რკინიგზაზე ან პლანტაციებში მომუშავე ტუსაღებს შორის ეძებდნენ საჭირო ხალხს. და პოულობდნენ კიდეც. ასე აღმოაჩინეს ჰადი უილიამ ლედბეთერი, მეტსახელად "ლიდბელი", რომელიც მკვლელობისათვის ტეხასის შტატის კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მასზე ხმები დადიოდა, რომ ძველი ლუიზიანური ბლუზის დიდი მცოდნე იყო. ჰოდა, როცა პირადად გაიცნეს, აღმოჩნდა, რომ, მართლაც, ცოცხალ არქივთან ჰქონდათ საქმე. რაღაც ხანს ჩანაწერებს საკანშივე აკეთებდნენ, მოგვიანებით კი შტატის გუბერნატორს შეწყალების თხოვნით მიმართეს. საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაც ჩაერია და პატიმარი გაათავისუფლეს. მუსიკოსმა ბიბლიოთეკის არქივისათვის 12 ალბომის ჩაწერა მოახერხა. მოგვიანებით მის მიერ დატოვებული ხალხური მუსიკის იშვიათი ნიმუშები ისეთი არტისტებისა თუ ჯგუფების რეპერტუარში მოხვდა, როგორებიც იყვნენ: ბობ დილანი, ჯონი კეში, პიტ სიგერი, "ლედ ზეპელინი", "ნირვანა" და მრავალი სხვა.

"რომ არა ლომაქსი, არ იარსებებდა ‘ბიტლზი’, ‘როლინგ სთოუნზი’, ‘ველვეტ ანდეგრაუნდი’" - ასე დაახასიათა ბრიტანელმა მუსიკოსმა ბრაიან ინომ ალან ლომაქსის წვლილი ამერიკული მუსიკის განვითარებაში. მართლაც, ფოლკლორისტის მიერ ცხოვრების მანძილზე მოძიებული და თავმოყრილი მასალა ამერიკელთა ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. 2012 წელს ამ არქივის გაციფრულების პროცესი დაიწყო. საუბარია 5 ათასი საათის აუდიო, 3 ათასი საათის ვიდეო ჩანაწერსა და 5 ათას ისტორიულ ფოტოზე. მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი კონგრესის ბიბლიოთეკის ონლაინ სივრცეშია ხელმისაწვდომი და სპეციალისტებისთვის - კვლევის საგანს, ხოლო მუსიკოსებისთვის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი არტისტი გახლავთ დევიდ გლედჰილი, რომელმაც ლომაქსის 20-30-იანი წლების არქივების შესწავლას 5 წელი მოანდომა. მან უამრავი აქამდე უცნობი ხმა და ისტორია აღმოაჩინა - მაგალითად, დაუდგენელი შემსრულებლის სიმღერად თქმული ამბავი სანუკვარი ადამიანის დაკარგვაზე. უცნობი ქალის საუკუნის წინანდელ სიყვარულს თანამედროვე ჟღერადობა მოარგო და გააცოცხლა.

სიმღერაზე მუშაობის დაწყების წინ დევიდ გლედჰილს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - მძიმე სენის გამო ცოლი გარდაეცვალა და დიდი ხნის განმავლობაში კარჩაკეტილი ცხოვრობდა. ღრმა დეპრესიიდან გამოსვლა მუსიკით სცადა და საკუთარი პროექტისთვის ვოკალისტის ძებნას შეუდგა, თუმცა სასურველი კანდიდატის შერჩევა ვერ მოახერხა. ჰოდა, ცოცხლებში რომ ვერ იპოვა, ფოლკლორისტის არქივებს მიმართა. როგორც თავად განაცხადა, "ალან ლომაქსის სულები გამოიძახა", რომელთა საშემსრულებლო ოსტატობას, ვოკალურ კულტურას, ექსპრესიასა და გულწრფელობას ერთ ალბომში, სახელწოდებით "Souls", მოუყარა თავი.

XS
SM
MD
LG