Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვიდმეტი (17)“


არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ 17 მაისის ცნობილი მოვლენებიდან 2 წლის თავზე საზოგადოებას ამავე სახელწოდების ჟურნალი „17“ წარუდგინა. შემეცნებით-ანალიტიკური ჟურნალი „17“ სამ თვეში ერთხელ გამოვა და თემატური შინაარსის იქნება. პირველი ნომერში, იისფერი გარეკანით და 230 გვერდით, ნახავთ ბლოგებს, სტატიებს, გამოკვლევებს, ინტერვიუებს ისეთ მტკივნეულ და საფრთხილო საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, ბულინგი სკოლებში, ლგბტ ადამიანების პროფესიული განვითარება, ჰომოფობია, ქამინგ აუთი, ციხე და უმცირესობები, 17 მაისი, იატაკქვეშეთში ცხოვრება... „17“ არის ჟურნალი მათთვის და მათ შესახებ, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია და დღესაც განიცდის ძალადობას.

2012 წლის 17 მაისის შემდეგ ორი წელი გავიდა, დღეს კი წინ ახალი ჟურნალი მიდევს, რომელიც 17 მაისის მოვლენებზე მართლმადიდებელი თეოლოგის, მირიან გამრეკელაშვილის მოსაზრებით იხსნება.

ეს პირველი ნომერი არის მასკულინობაზე, პატრიარქალური კულტურის კრიტიკასა და კაცებზე. შემდეგი ნომერი, გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად ქალებს დავუთმოთ...
ირაკლი ვაჭარაძე

ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი ითქვა და დაიწერა. არაერთი კვლევა ჩატარდა, არაერთი უჩინარი ადამიანი გამოვიდა ჩრდილიდან და ღიად თქვა თავისი აზრი. ეს ჟურნალიც ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ნააზრევის თავმოყრის მცდელობაა - ღია არენა, სადაც მხოლოდ ძალადობის მსხვერპლმა და უმცირესობამ კი არა, თავად მოძალადეებმაც შეიძლება იპოვონ პასუხი არაერთ კითხვაზე. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია სამი ადამიანისგან შედგება, ავტორთა რიცხვი კი საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანია.

ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორი, ირაკლი ვაჭარაძე, „17“-ს ახასიათებს როგორც სამეცნიერო, პოპულარულ, ანალიტიკურ, სახალხო გამოცემას, რომელშიც არ შეიზღუდება უმცირესობის აზრი.

„ეს პირველი ნომერი არის მასკულინობაზე, პატრიარქალური კულტურის კრიტიკასა და კაცებზე. შემდეგი ნომერი, გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად ქალებს დავუთმოთ. მაგრამ არა მხოლოდ ლესბოსელ და ტრანსგენდერ ქალთა პრობლემებს მიეძღვნება, არამედ, ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ქალთა გაძლიერების საკითხებზე, ხოლო ჟურნალის ფოკუსი დარჩება ლგბტ საკითხები მანამ, სანამ ქვეყანაში ეს ჯგუფი იქნება ყველაზე დაჩაგრული. თუმცა შემდეგ ნომრებში წაიკითხავთ მასალებს სიღარიბესა და ქველმოქმედებაზე, სოციალური კეთილდღეობის საკითხებზე, სხვა უმცირესობებსა და ადამიანის უფლებებზე. მოკლედ, ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი პოპულარული ჟურნალი, რომელიც მთლიანად შეეხება ნებისმიერი ჯგუფის ადამიანების კეთილდღეობის საკითხებს, ვისაც კი რაიმე სახის პრობლემა აქვს დღეს“.

ირაკლი ვაჭარაძე, ანა რეხვიაშვილი
ირაკლი ვაჭარაძე, ანა რეხვიაშვილი

დღემდე რჩება ლგბტ თემის არაერთი პრობლემა, რომელთა შესახებ, ფაქტობრივად, არაფერია ცნობილი უმრავლესობისთვის. ინფორმაციული ვაკუუმი კი ხშირად არასწორი დასკვნების გამოტანის საფუძველია. მედია ამ თემების გაშუქებას გაურბის, ფიქრობს სარედაქციო კოლეგიის წევრი ანა რეხვიაშვილი:

„გვინდა, რომ კონკრეტული თემები გაშუქდეს, მაგალითად, მსმ პატიმრები ციხეებში ან რამდენად ფუნქციონირებადია კანონის ის მუხლი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს“.

ანას კიდევ ერთი კოლეგა კი, შორენა გაბუნია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ეს ჟურნალი უნდა გახდეს ყველა იმ ადამიანის სივრცე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად განიცდის ძალადობას. ეს არის მცდელობა, ამბობს შორენა გაბუნია, არ დაგვავიწყდეს რა მოხდა 17 მაისს და, რაც მთავარია, გავიაზროთ, რა მოვლენა იყო ეს:

„17 მაისი ერთგვარი წყალგამყოფი იყო იმ დისკურსს შორის, რომელიც საზოგადოებაში ძალადობას ნორმალურად აღიქვამს, და იმ დისკურსს შორის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. მთელი ჩვენი საქმიანობა იმას ეძღვნება, რომ ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი ნებისმიერი ჯგუფისა და ადამიანის მიმართ“.

ლგბტ აქტივისტი ბექა გადაბაძე კი ფიქრობს, რომ ამ ჟურნალს უნდა ჰყავდეს ორი სახის აუდიტორია:

„ერთი თავად ლგბტ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი და საკუთარი თავის მიმღებლობის პრობლემაც აქვთ. შესაბამისად, მგონია, რომ ჟურნალი სწორედ ამ მიმღებლობის გაზრდაში უნდა დაეხმაროს, ხოლო მეორე ფოკუსჯგუფი აუცილებლად უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის თავში ატარებენ ჰომოფობიას და აბსოლუტურად უსაფუძვლო შიში და ზიზღი აქვთ ლგბტ ადამიანების მიმართ“.

მე მგონია, რომ რელიგიური ადამიანებისთვის იქნება ეს ჟურნალი მესიჯი, რათა მათ გადახედონ საკუთარ რწმენებსა და წარმოდგენებს ლგბტ ადამიანთა მიმართ, რადგან თავად რელიგიის შიგნითაც განსხვავებული ხედვა არსებობს...
ბექა გადაბაძე

ბექას აზრით, მიუხედავად მცირედი ცვლილებისა, 17 მაისის ცნობილი აქციის დარბევის შემდეგ ზიზღი და ჰომოფობია საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ეს ჟურნალი და მასში გამოქვეყნებული მასალები კი შეიძლება გახდეს, სულ ცოტა, დაფიქრების საგანი რელიგიური მსახურებისათვის, ლგბტ პირთა მშობლებისათვის, მასწავლებლებისათვის...

„მე მგონია, რომ რელიგიური ადამიანებისთვის იქნება ეს ჟურნალი მესიჯი, რათა მათ გადახედონ საკუთარ რწმენებსა და წარმოდგენებს ლგბტ ადამიანთა მიმართ, რადგან თავად რელიგიის შიგნითაც განსხვავებული ხედვა არსებობს. ასევე, საინტერესო უნდა იყოს, წესით, ლგბტ ადამიანთა მშობლებისთვისაც - უფრო მეტს გაიგებენ საკუთარი შვილების შესახებ და, რაც მთავარია, მასწავლებლებისთვის, რადგან სკოლებში, მით უმეტეს, რეგიონებში ძლიერია ჰომოფობია და, რაც ასევე ძალიან გამიხარდა, ის არის, რომ ეს ჟურნალი რეგიონებამდეც მივა“.

„17“ უფასოდ დარიგდება. პირველი ნომრის ტირაჟი ათასი ცალია და მისი წაკითხვა თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც შეეძლებათ. მომდევნო ნომერი სამ თვეში გამოვა და მთლიანად ქალთა პრობლემებს მიეძღვნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG