რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს. რა სცენარს გულისხმობდა ლავროვი და როგორ აფასებენ რუსეთის პოზიციას თავად მოლდავეთში.
რუსეთის მთავარმა დიპლომატმა უკანასკნელ დღეებში ერთობ არადიპლომატიური განცხადებები გააკეთა. ჯერ იყო და კვირას რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი არ დაჰყვება დასავლეთის ზეწოლას და არავითარ კრიტერიუმსა და პირობას არ შეასრულებს მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების გასაუქმებლად. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს, ყური უგდოს დასავლეთის მოთხოვნას, გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ შეიარაღებულ სეპარატისტებზე, რომ დასავლელი მეთვალყურეები შეუშვან რუსეთთან მოსაზღვრე რაიონებში.
არანაკლებად მოურიდებელი და მუქარით აღსავსე განცხადებით გამოვიდა იგი ორშაბათს მოსკოვში. სერგეი ლავროვმა საგანგებო ყურადღება დაუთმო მოლდავეთს და მის სწრაფვას ევროკავშირისკენ. მან დაუფარავად აღნიშნა, რომ დასავლეთისკენ სვლა კიშინიოვს შეიძლება ძვირად დაუჯდეს:
„დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გააცნობიერებს, რამდენად საზიანოა უკრაინული სცენარის განმეორება, ვინაიდან იგივე გეგმები არსებობს მოლდავეთთან და დნესტრისპირეთთან დაკავშირებითაც“.
ეს განცხადება მან გააკეთა მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ პროექტის, „სამოქალაქო უნივერსიტეტის“ ფარგლებში წაკითხულ ლექციაზე.
რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა არადემოკრატიული უწოდა მოლდავეთის ხელისულფების პროევროპულ მისწრაფებებს და მას შეახსენა, რომ ე.წ. 5+2-ის ფორმატი, რომელიც მოლდავეთის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონს შორის ურთიერთობების მოგვარებას ისახავს მიზნად, მოლდავეთის ნეიტრალიტეტს და რაიმე ბლოკში მის გაუწევრიანებლობას გულისხმობს.
„როცა 5+2-ის პროცესი იწყებოდა, ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის მომენტი ის იყო, რომ ყველა დათანხმდა, რომ თუკი მოლდავეთი დაკარგავს სუვერენიტეტს და სხვა ქვეყნის მიერ იქნება შთანთქმული, ან თუ მოლდავეთი შეიცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სტატუსს ნეიტრალურიდან ბლოკურით შეცვლის, მაშინ დნესტრისპირელებს სრული უფლება აქვთ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ. და ჩვენ ამ საბაზისო პოზიციას, რომელსაც ყველა დაეთანხმა, დავიცავთ“.
თავის გამოსვლაში ლავროვმა აღშფოთება გამოხატა მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიზანი არ არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ლავროვმა თითქოს სასხვათაშორისოდ დასძინა, რომ მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი წევრიდან ექვსი რუმინეთის მოქალაქეა.
მოლდაველი ექსპერტების თანახმად, ასეთი განცხადებები დროითაც არის განპირობებული. მომავალ თვეში მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და რუსეთი ცდილობს, პირდაპირ თუ ირიბად გავლენა მოახდინოს მასზე.
სწორედ მოახლოებული არჩევნებით ხსნიან მიმომხილველები იმ ფაქტსაც, რომ მოლდავეთის ხელისუფლებაში თავს იკავებენ ლავროვის განცხადებებზე კომენტარებისგან. რაც შეეხება ოპოზიციას, სოციალისტები ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციის იდეას და ეს არც ამჯერად დაუმალავთ. მოლდავეთის სოციალისტთა ლიდერმა, იგორ დოდონმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ლავროვი სიმართლეს ამბობს, და რომ რუსეთის მინისტრის ამ გამოსვლაში ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედას.
„არაერთხელ მითქვამს, მათ შორის პარლამენტშიც, რომ ლიანკე და ამჟამინდელი პროევროპული ხელმძღვანელობა იმავე შეცდომებს უშვებენ, რასაც ოფიციალური კიევი. ეს მრავალ საკითხს ეხება. პირველი - ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ისე, რომ არ მოეთათბირენ ხალხს, ვინაიდან იცოდნენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა ამ შეთანხმებას. შეეძლოთ რეფერენდუმი მოეწყოთ, მაგრამ არ გააკეთეს ეს. მეორე - ეს ხელისუფლება არ აწარმოებს დიალოგს რეგიონებთან, არც დნესტრისპირეთთან, არც გაგაუზიის ავტონომიასთან. და მესამე - კიშინიოვში ვხედავთ, როგორ ღიად ვლინდება რუმინეთთან გაერთიანებისა და ნატოს მომხრე იდეები. ასეთმა რამეებმა პრობლემები შეუქმნეს უკრაინას და, როგორც ჩანს, მოლდავეთის ხელისუფლება იმავე სცენარით მოქმედებს“.
სამაგიეროდ ლავროვის განცხადებაში საფრთხეს ხედავს მემარჯვენე ოპოზიცია. მოლდავეთის ლიბერალური პარტიის ლიდერი, მიჰაი გიმპუ დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამგვარ „გაფრთხილებას“ და მასში ხედავს როგორც რუსეთის ფედერაციის მადის ზრდას, ისე საქართველოსა და უკრაინის შემთხვევებში დასავლეთის მიერ გამოჩენილი უსუსურობის შედეგს.
„რუსეთს მადა ეზრდება. და ამაში, გვინდა ეს თუ არა, დასავლეთსაც მიუძღვის გარკვეული ბრალი. ვინაიდან რუსეთს ნება მისცეს, შეჭრილიყო საქართველოში, მოეხდინა ყირიმის ანექსია, ყირიმის შემდეგ კი დონბასი და დონეცკი მოუნდა. აი, ახლა მას მოლდავეთის რესპუბლიკაშიც მოუნდა. ასეთები არიან რუსები. ესა მათი პოლიტიკა. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ადასტურებს, რომ ჯერჯერობით არავის ძალუძს მათი შეკავება“, განუცხადა ჩვენს რადიოს მოლდავეთის ლიბერალთა ლიდერმა მიჰაი გიმპუმ.
მოლდავეთის მისამართით ლავროვის მსგავსი განცხადებები სიახლე არ არის. რუსეთის პოლიტიკოსებს ადრეც არაორაზროვნად უთქვამთ, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა კიშინიოვს პრობლემებს შეუქმნის. მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ხელისუფლების ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელი აკეთებს ამას. ამავე დროს სიახლეა ისიც, რომ ლავროვის გამოსვლა მიმართული იყო არა მხოლოდ კიშინიოვის, არამედ დასავლეთისკენაც. რუსეთმა ამჯერად ბრიუსელი დაადანაშაულა უკვე მომხდარისთვის უკრაინაში და „ჯერარმომხდარისთვის“ მოლდავეთში.
ერთი საბჭოთა პერიოდის ანეკდოტით დავასრულებ. აშშ-მა კოსმოსში თანამგზავრი გაგზავნა და მთვარის ზედაპირზე დაამონტაჟა სიგარეტ „მარლბოროს“ უზარმაზარი სარეკლამო აბრა. საბჭოთა კავშირმა სასწრაფოდ გაგზავნა კოსმოსში საკუთარი თანამგზავრი და „მარლბოროს“ რეკლამას გვერდზე მიუდგა აბრა წარწერით: „საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ - მოწევა კლავს“.