Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის გეიმჯემის პირველი ნაბიჯები ახალი მიზნისკენ


"გეიმჯემი"
"გეიმჯემი"

თბილისის გეიმჯემი, შეგვიძლია ვთქვათ, კომპიუტერული თამაშების შემქმნელებისთვისაც და მოყვარულებისთვისაც წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ღონისძიებაა საქართველოში. 12 დეკემბერს ეს ღონისძიება უკვე მეოთხედ ჩატარდა, თუმცა ამჯერად ცოტა შეცვლილი ფორმატით, რაც განსაკუთრებულ ინტერესსაც იწვევდა და მოლოდინებსაც უჩენდა მონაწილეებსაც და დამსწრეებსაც. საქმე ისაა, რომ თბილისის მეოთხე გეიმჯემის გამარჯვებული პროექტი იღებდა შანსს, რომ პროექტი წარმოედგინა Casual Connect Amsterdam-ზე, რომელიც თებერვალში გაიმართება და რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე იქნება კომპიუტერული თამაშების შემქმნელებისთვის ევროპაში.

მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ. ალბათ, 3 წლის წინ კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს საქართველოში საერთოდ არ ჰქონდათ ღონისძიება, რომელიც ყველას გააერთიანებდა, ერთ სივრცეში შეკრებდა, სიახლეებს გამოაცდევინებდა და თავის გამოხატვის საშუალებას მისცემდა. ბოლო წლებში კი ყველაფერი შეიცვალა: თბილისში ჩატარდა 4 გეიმჯემი, ვნახეთ რამდენიმე ქოსფლეი შოუ და ა.შ. ნიკა როსტომაშვილი, IGDA Georgia-ს წარმომადგენელი და გეიმჯემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამბობს, რომ ამჯერად გეიმჯემის მიზანი იყო გამხდარიყო საერთაშორისო ღონისძიება, რომლის მიმართაც გაჩნდებოდა საერთაშორისო ინტერესი.

"ჩვენს შემთხვევაში მოხდა, ალბათ, ყევლაზე დიდი რამ, რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. Casual Connect-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, წარმომადგენელი, თვითონ ჩამოვიდა იმისთვის, რომ პირადად დაესწროს ამ ღონისძიებას და რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს, ვინ წაიყვანოს და ა.შ. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ აქ გავაჟღერეთ უკვე, რომ, ჩვენი კიბერსპორტის ფედერაციასთან ერთობლივი აქტივობის შედეგად, საქართველო დღეს არის ყველაზე რეალური კანდიდატი ელექტრონულ სპორტში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის. ეს დღეს გაჟღერდა, აქამდე არ გაჟღერებული, იმიტომ რომ მაინც ველოდებოდით, რომ დადასტურებულიყო. ჩვენ გაზაფხულზე უკვე დავიწყებთ მომზადებას, რომ „თბილისი გეიმჯემი“ და „თბილისი ქოსფლეი“ გადაიქცეს ისეთ საერთაშორისო ივენთად, როგორიც არის, მაგალითად, Casual Connect", - აცხადებს ნიკა როსტომაშვილი.

რამდენად მოახერხა საერთაშორისო ინტერესის გაღვივება თბილისის გეიმჯემმა, ამას, ალბათ, უფრო შემდეგ გეიმჯემზე ვიგრძნობთ, მაგრამ მონაწილეებისთვის მიცემული შანსი, რომ მათ მიერ აქ შექმნილი თამაში გახდება უფრო მასშტაბური ღონისძიების ნაწილი და საშუალება ექნება მიაღწიოს რეალურ წარმატებას, ნამდვილად სძენდა ამ გეიმჯემს დამატებით წონას. საინტერესოა ისიც, რომ, როგორც იქვე გაჟღერდა, საქართველო აპირებს იბრძოლოს კიბერსპორტში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.

"გეიმჯემი"
"გეიმჯემი"

გეიმჯემის გამარჯვებული გახდა "ჯეოლაბის გუნდი", რომელმაც რამდენიმე თამაში წარმოადგინა, თუმცა წარმატებას მიაღწია თამაშმა, რომლის მიზანიცაა ბავშვებს ასწავლოს და მიახვედროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამუშავება. თამაში, რომელსაც სხვებისგან განსაკუთრებით სწორედ ეს, სოციალური დატვირთვა, გამოარჩევდა, 2016 წლის თებერვალში ამსტერდამში გაემგზავრება, როგორც თბილისის გეიმჯემის გამარჯვებული. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, პავლე ტაბატაძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამსტერდამი დიდი გამოწვევაც იქნება და გამოცდილებაც გუნდისთვის, რომელმაც თებერვლამდე უნდა მოახერხოს გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესება, რაზე მუშაობის დაწყებასაც უკვე გეგმავენ:

"პირველ რიგში, რადგან იქ იქნება ძალიან დიდი მასა ბიზნესმენების, რა თქმა უნდა, უფრო ბიზნესის კუთხით ვფიქრობთ. ასევე ვფიქრობთ, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ თუნდაც ვიზუალურად, ბევრად საინტერესო. ახლაც საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ გათვლილია ეს ბავშვებითვის და უნდა იყოს აღქმადი ყველა პატარასთვის. და, რაც მთავარია, ვფიქრობთ როგორ წარვადგინოთ ჩვენი თამაში. რაღაც საიდუმლოებები გვაქვს, რომ ყველასგან განსხვავებული იყოს ჩვენი წარმოდგენა ამ თამაშის".

თუმცა მარათონული შეჯიბრი ამსტერდამის საგზურის მოსაპოვებლად არ იყო გეიმჯემის ერთადერთი მოვლენა. აქ შეგეძლოთ გამოგეცადათ საქართველოში შექმნილი კომპიუტერული თამაშები. საკუთარი თამაში ჰქონდა წარმოდგენილი გიორგი აბელაშვილს, რომელმაც წინა გეიმჯემზე გაიმარჯვა:

გეიმჯემის დაჯილდოვების ცერემონია
გეიმჯემის დაჯილდოვების ცერემონია

"ახლა გადის, ასე ვთქვათ, "სტრეს ტესტის" რეჟიმს, ანუ მომხმარებლის დონეზე ტესტირებას. დღეს გამოვიტანე, თამაშს ჰქვია WinKing-ები და ეს არის დასრულებული ბოლო გეიმჯემის გამარჯვებული თამაში და მიხარია, რომ დავამთავრე ეს თამაშიც. გამოხმაურებები არის ყველანაირ მოლოდინს გადაჭარბებული, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მოვა, შენს თამაშს ითამაშებს და იქედან აღარ მიდის, კიდევ რომ უნდა თამაში და ყველა ასეა და რიგი დგას, შენ, უბრალოდ, გიხარია და ხედავ, რომ შედეგიც არის და ძალიან გიხარია, რა თქმა უნდა".

და, რა თქმა უნდა, ქოსფლეი - ის, რასაც ყველაზე მეტად ელიან, ყველაზე მეტად ადევნებენ თვალს, რისთვისაც ყველაზე დიდხანს ემზადებიან და ა.შ. მოკლედ, მთავარი შოუ გეიმჯემზე, სადაც მონაწილეები განასახირებენ პერსონაჟებს თამაშებიდან, ფილმებიდან, წიგნებიდან, კომიქსებიდან... ქოსფლეის შესახებ ინტერნეტჟურნალ Digitalculture.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით ლომიას, "ფორვეს", ვთხოვე გაეზიარებინა მოსაზრება:

"პირველად როცა ჩატარდა, საერთოდ არ ველოდებოდი, რომ მაღალი ხარისხის ქოსფლეერები იქნებოდნენ, იმიტომ რომ არ იყო კულტურა. მაგრამ პირველად როცა მოვედი, მეორე გეიმჯემზე, იმდენად მაღალხარისხიანი და დეტალური კოსტიუმები ვნახე, რომ მე თვითონ ვიყავი გაოგნებული, რომ საქართველოში ასეთი რაღაცების კეთება შეიძლება. წელსაც არ დაირღვა, ასე ვთქვათ, ტრადიცია. რამდენიმე ქოსფლეი იყო, რომელიც ძალიან მომეწონა. ალბათ, პრედატორის ქოსფლეის გამოვარჩევდი და ვარკრაფტის ქოსფლეის, როგორც ყოველთვის, ერთი და იგივე ადამიანი რომელსაც აკეთებს, შარშანდელი გამარჯვებული. იმედია, ვარკფრაფტიდან იყო და დოტადან არ იყო, თორემ მერე ხალხი დამხოცავს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგი იყო. უმეტესობა არის გაკეთებული ხელით და არა გამოწერილი, ანუ ბევრად უფრო დასაფასებელია. რაც შევამჩნიე, ხელით რაცაა გაკეთებული, ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ის, რაც, მაგალითად, ამაზონიდანაა გამოწერილი".

ქოსფლეი დიმიტრი მუსხელიშვილმა მოიგო, რომელიც განასახირებდა Master Chief-ს Halo 3-დან. კოსტიუმი მთლიანად ხელნაკეთი იყო, რომელზე მუშაობასაც ავტორი საკმაოდ დიდი ხანი მოუნდა. გამორჩეული იყო მისი გამოსვლა ქოსფლეიზე. ნაცვლად უცხოპლანეტელებთან ბრძოლისა, ჩვენ ვნახეთ როგორი მოძრაობები აქვს არსენალში მასტერ ჩიფს, როცა მიდის დისკო წვეულებაზე, სადაც მთელი ღამე Bee Gee-ს დაუკრავენ:

"ამაზე ვმუშაობდი ოთხი თვე. თავდაპირველად ყველაფერი შეიკრა ქაღალდისგან, ეს არის "paper crafting"-ი. შემდეგ შიგნიდან "ეპოქსიდით" და "სტეკლოვალაკნოთი" არის გამაგრებული, გარედან არის მანქანის "შპაკლი" და შემდეგ კიდევ არის დაგრუნტული და შეღებილი", - ასე გვიყვება დიმიტრი მუსხელიშვილი კოსტიუმზე მუშაობის პროცესის შესახებ.

სულ ეს იყო. მართალია, გეიმჯემს ჰქონდა საორგანიზაციო ხარვეზები, რომელთა შესახებაც დამსწრეთა ნაწილი ადგილზევე ლაპარაკობდა და უკმაყოფილების გამოხატვა არც მერე დავიწყებიათ, ფეისბუკზე. არც ორგანიზატორები უარყოფდნენ იმას, რომ რაღაც ხარვეზები მართლა იყო. თუმცა, საბოლოოდ, ყველა თანხმდება, რომ დროთა განმავლობაში ტექნიკური ხასიათის შეცდომების მოგვარება შესაძლებელია და გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ ორგანიზატორებიც მეტ რამეს მიაქცევენ ყურადღებას წინასწარ. თუმცა ასევე ყველა თანხმდება, რომ არაფერი სჯობია მოცეკვავე მასტერ ჩიფის მთელი დღე თამაშს ან თამაშებზე ლაპარაკს და ახალი თამაშების გამოცდას, რომელსაც ქმნიან ჩვენი მეგობრები, კლასელები, კურსელები, თანამშრომლები ან თანამშრომლების შვილები.

XS
SM
MD
LG