10 დეკემბერს საქართველოში აღინიშნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე, რომლის წლევანდელი გზავნილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, არის „აიმაღლე ხმა სხვისი უფლებებისთვის დღეს“. საქართველოს სახალხო დამცველმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მოკლე ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას ქალების, ბავშვების, მოხუცების, უმცირესობების უფლებების საკითხი. საქართველოს ცხრა ქალაქში კი სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით ადამიანის უფლებების თემაზე საინფორმაციო კამპანია გაიმართა. 10 დეკემბერს ამავე საკითხზე წლიური შეფასება გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც.
როგორი იყო 2016 წელი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით? სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძირითადი ტენდენციები იგივე დარჩა, იყო წინსვლაც, მაგრამ უფრო მეტი - გამოწვევა. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ პრობლემად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, არსებითად არც სასამართლო სუსტემაში შეცვლილა მდგომარეობა. მისი თქმით, მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი. ზოგ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, თუმცა პროკურატურას ასეთი საქმეების უმეტესობაზე პოლიციის თანამშრომლები არც კი დაუკავებია. კვლავაც პრობლემებია უმცირესობების, ქალების, ბავშვების უფლებების დაცვის კუთხით:
2016 წელს ისევ იყო პრობლემები უცირესობების უფლებების დაცვის კუთხით - ქალთა მიმართ ძალადობა იქნება ეს თუ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა. ჩვენი აზრით, მომატებული იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვიც. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სულ ახლახან კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა“.
სახალხო დამცველი მიღწევად მიიჩნევს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებულ რამდენიმე ცვლილებას, მათ შორის, პატიმართა დეესკალაციის ოთახში ერთჯერადად განთავსების ვადის 72 საათამდე შემცირებას, ასევე სახალხო დამცველისა და პრევენციული ჯგუფის წევრებისათვის საპატიმროებში ფოტოგადაღების უფლების მიცემას. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა სისტემური ხასიათის აღარ არის, დღემდე იკვეთება ციხეებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები:
„არასათანადო მოპყრობის ფაქტები არსებობს, თუმცა ნამდვილად შემცირებულია მათი რაოდენობა. ჩვენ მხოლოდ ორი კარგად დოკუმენტირებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ მივაწოდეთ პროკურატურას ინფორმაცია და გამოძიებაც სწორი კვალიფიკაციით დაიწყო, თუმცა, მეორე მხრივ, მსგავსი ფაქტები გახშირდა პოლიციის სისტემაში“.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებობს არაერთი სისტემური პრობლემა, რომელთა გადასაჭრელად სახელმწიფოს არც მიმდინარე წელს გადაუდგამს ნაბიჯები. მათ შორისაა საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა. სასკოლო სახელმძღვანელოებში კვლავაც მოიძებნება დისკრიმინაციული და სტერეოტიპული შინაარსის მასალები.
„ანგარიშში ჩვენ ვეხებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებსაც. იქ ამ ადამიანებს არა აქვთ უსაფრთხოების მინიმალური პირობებიც კი. ისევ დაუძლეველი პრობლემაა ბავშვთა მიმართ ძალადობა და სიღარიბე, ასევე - შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა“.
„ანგარიშს, რომელსაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ამზადებს, ვფიქრობ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წელსაც“, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა:
„ანგარიში წლიდან წლამდე გვიჩვენებს დინამიკურ სურათს, თუ როგორ იცვლებოდა ვითარება, რა გამოწვევები იყო დამახასიათებელი კონკრეტული პერიოდებისათვის. საინტერესოა ამ ინფორმაციის მოსმენა დღეს, პოსტსაარჩევნო პერიოდში, როცა რაღაც ახალი პროცესი იწყება. ვფიქრობ, ეს ანგარიში ერთგვარი სახელმძღვანელოც უნდა გახდეს სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის დროსაც. ჩვენ ვხედავთ, რომ წინსვლა არის, მაგრამ ანგარიში მიუთითებს გამოწვევებზეც, როგორიცაა სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება, ქალთა უფლებები, სოციალური უფლებები“.
იანოშ ჰერმანის აზრით, მიუხედავად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებისა, კვლავაც მეტი ძალისხმევაა საჭირო უმცირესობათა უფლებების დასაცავად.
10 დეკემბერს სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობიდან ესწრებოდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ ადამიანის უფლებების კომიტეტს ედგა სათავეში. მისი განცხადებით, სწრაფმა რეფორმებმა, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარდა, შედეგიც მოიტანა - განსაკუთრებით, პენიტენციურ სისტემაში. რაც შეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს კიდევ მომავალში, ეკა ბესელია ამბობს, რომ სასამართლო სისტემამ მეტ დამოუკიდებლობას უნდა მიაღწიოს, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კი უნდა შეინარჩუნონ ღიაობის პრინციპი პარლამენტის წინაშე, ხოლო პარლამენტმა, თავის მხრივ, ასევე შეინარჩუნოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად:
„ვფიქრობ, უნდა გაძლიერდეს ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მიმართ უფლებების დაცვის სტანდარტები, როგორიც არის უმცირესობები. ასევე, წინაა და ვემზადებით ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე გადასასვლელად; ასევე, შესაცვლელია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკაც, ახალი მექანიზმებია მოსაფიქრებელი როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღსრულების თვალსაზრისითაც“.
ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სფეროებს სახელმწიფო მეორეხარისხოვნად მიიჩევს და წინსვლა თითქმის არ შეინიშნება. ამას ამბობს, მაგალითად, „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი, გია ჯვარშეიშვილი, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ლაპარაკობს:
„კონვენციის მიღებიდან ორ წელზე მეტია გასული და რეალური ცვლილებები არ არის. ეს მეორეხარისხოვანი საკითხი გახდა. არც საზოგადოებაში არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სოლიდარობის განცდა. არაერთხელ ვთქვი და ისევ გავიმეორებ ამ მაგალითს - როდესაც არაადაპტირებულ გარემოზე ვლაპარაკობთ, საკმარისია მაგალითად განახლებული „აღმაშენებელი“ მოვიყვანოთ, სადაც თითქმის არაფერია გათვალისწინებული იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ“.
სახალხო დამცველის ანგარიშშიც წერია, რომ ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმი. ხოლო შშმ პირთათვის ძველებურად მიუწვდომელია ფიზიკური გარემო, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ინფორმაცია.
10 დეკემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც (EMC) გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეაჯამა. ამ ორგანიზაციაშიც ფიქრობენ, რომ პრობლემები რჩება გადასაჭრელი - მათი განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოსა და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების მშვიდობიან განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პირადი ცხოვრების ჩანაწერების უკანონო გავრცელებამ ინტერნეტსივრცეში. „სამწუხაროდ, -ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ შეფასებაში, - სამართალდამცავი სისტემა არ აღმოჩნდა მზად ადეკვატურად ეპასუხა ამ გამოწვევისთვის და ეფექტურად აღეკვეთა დანაშაულის გავრცელება“.
EMC მიიჩნევს, რომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მწვავე გამოწვევების მიუხედავად, 2016 წლის განმავლობაში შრომის პოლიტიკის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. მეტიც, 2016 წელს, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მაღალია წარმოების პროცესში დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ 6 თვის მანძილზე საწარმოო შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. შრომის მძიმე პირობების, დასაქმებულთა ჩაგვრისა და ექსლუატაციის განგრძობად პრაქტიკას ცხადად აჩვენებდა ამ პერიოდის ორი სრულმასშტაბიანი გაფიცვა ტყიბულსა და ზვარეში, რომლებიც დასაქმებულთათვის მინიმალური შრომის პირობების გარანტირებაზე შეთანხმებით დასრულდა.
ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში. 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თემმა კვლავ ვერ მოახერხა შეკრების თავისუფლებით სარგებლობა სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების არარსებობის გამო. ამასთან, პოლიციამ თვითნებურად და ღირსებისშემლახავი ფორმებით დააკავა ლგბტ აქტივისტები, რომლებმაც საკუთარი კრიტიკის გამოხატვა პარტიზანული ფორმით საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების გაკეთებით სცადეს. პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდა დაკავებული აქტივისტების მიმართ მკვეთრი ჰომოფობიური ენის გამოყენების შემთხვევები.